logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ეს არის ადამიანი, რომელმაც იშრომა, იღვაწა და საქართველოსთვის ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული!
- +

1 მარტი. 2016. 16:01

 

 

„ქართული ოცნების" მთავარი მოწინააღმდეგე ამ ეტაპზე, თავად „ქართული ოცნებაა", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი „რეპორტიორთან" საუბარში და კოალიციის სისუსტეებზე ამახვილებს ყურადღებას.


ამ და პოლიტიკურად აქტუალურ სხვა პროცესებზე გიორგი ვოლსკი „რეპორტიორს" ესაუბრა:

 

- ბატონო გიორგი, „თავისუფალი დემოკრატები" ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ. თქვენ რამდენად ემხრობით ამ მოთხოვნას და მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქმე გვაქვს მკვლელობის მცდელობასთან და არა სხეულის მძიმე დაზიანებასთან?


- არ ვარ კომპეტენტური, რომ ვისაუბრო მუხლის გადაკვალიფიცირებაზე. თუმცა, ვფიქრობ, რომ მუხლის გადაკვალიფიცირებაზე საუბრისას ადგილი გვაქვს სპეკულაციასთან. ეს თითქოსდა მიანიშნებს, რომ პროკურატურა მსუბუქად უყურებს ამ თემას. ფაქტია, რომ საქმე უნდა გამოიძიონ და ჩამდენები უნდა დააკავონ. გამოძიების პერიოდში, როგორი მუხლი მიესადაგება, ეს წინასწარი გამოძიების თემაა, შემდეგ სასამართლოს საკითხია. მე ასე ვფიქრობ. ამაზე გამოძიება უფრო კარგ განმარტებას გააკეთებს. მთავარია, ყველაფერი გაკეთდეს ამ ადამიანის გამოსაჯანმრთელებლად.


- როგორც ჩანს, „რესპუბლიკელებსა" და გოგი თოფაძეს შორის დაპირისპირება არ ცხრება. შესაძლებელია თუ არა, რომ თოფაძემ კოალიცია დატოვოს?


- მოდით, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, ვინ არის ბატონი გოგი თოფაძე. ეს არის ადამიანი, რომელმაც იშრომა, იღვაწა და საქართველოსთვის ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული. მას შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეს. ვფიქრობ, რომ იმ საკითხებს და კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, რაზეც მას ჰქონდა საუბარი, თუნდაც არჩევნების თემასთან დაკავშირებით. უნდა წავიდეს თუ არა კოალიციიდან, ეს მისი გადასაწყვეტია.

 

- „ქართული ოცნების" რეიტინგზეც გკითხავთ. საარჩევნო წელი დაიწყო და კოალიციის რეიტინგი კი დაცემულია. რას უკავშირებთ ამ ფაქტს?


- „ქართული ოცნების" მთავარი მოწინააღმდეგე ამ ეტაპზე, თავად „ქართული ოცნებაა". საერთოდ, კოალიციაში საქმიანობა რთულია. არის ეკონომიკური თემები, რომლებიც ნებისმიერ პარტიას შეუძლია გამოიყენოს თავის მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად, თუმცა, თავადაც რომ იყოს ხელისუფლებაში, ვერ შეძლებდა, დაეძლია ის, რასაც მსოფლიო პროცესები ჰქვია. ურთულესი სიტუაცია შეიქმნა ყველა ქვეყანაში, ვისთანაც ვვაჭრობთ და ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს. სავალუტო შემოსავლები ძალიან დაბალია, მნიშვნელოვნად შემცირდა ოჯახებში თანხების გადმორიცხვებიც. ძირითადად ამან განაპირობა, რომ ჩვენი რეიტინგი შემცირდა.


- რა არის კოალიციის მთავარი სისუსტე?


- მე ვფიქრობ, ნებისმიერი პარტია C ჰეპატიტის პროგრამაზე, ჯანდაცვის სხვადასხვა მიმართულებების პროგრამაზე ან სოფლის მეურნეობის პროგრამაზე, თუნდაც აბრეშუმის გზის 50-მილიარდიან პროგრამაში ჩართვაზე გააკეთებდა მთელ ფილმებს და წარმატებით გაუშვებდა დილას, შუადღეს და საღამოს. მე ვფიქრობ, რომ ეს სისუსტეები, რაც გააჩნია „ქართულ ოცნებას", არის მთავარი მოწინააღმდეგე „ქართული ოცნებისათვის".

 

- „გაზპრომთან" მოლაპარაკებები გრძელდება. რა ვითარებაა ამ კუთხით?


- „გაზპრომთან" მოლაპარაკება არის ძალიან რთული. მათ უნდათ, რომ საქართველოს ანაზღაურება გადაუხადონ იმ გაზის საფასურით, რა პროცენტსაც საქართველო იღებს, როგორც დივიდენდი. „გაზპრომს" მიაჩნია, რომ თანხა შემცირებული ფასებით უნდა გადაიხადოს. ამ თემაზე მიდის მოლაპარაკებები.


მთავარი საკითხია, რომ უნდა მიდიოდეს თუ არა საერთოდ მოლაპარაკებები „გაზპრომთან". ამ საკითხს აყენებენ ჩვენი ოპონენტები. 2003 წლიდან საქართველო სარგებლობს „გაზპრომის" მიერ მოწოდებული გაზით. 2008 წლამდე ეს იყო 100%-იანი მოწოდება. ამის შემდეგ მცირდება. ჩვენ ზამთარში მეტი მოცულობის გაზი გვჭირდება. დაახლოებით 15 %-ით მეტი. ამ მოცულობის შემცვლელი შეიძლება გახდეს „შაჰდენიზი 2". მაგრამ, მთავარი თემა კიდევ სხვა რამეში მდგომარეობს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენს ოპონენტებს სურთ, რომ ჩვენი განცხადებები აზერბაიჯანთან მიმართებაში იყოს მკვახე და სულ ვიძახოთ, რომ მათ არ შეუძლიათ ამ მცირე დეფიციტის შევსება. იცით, რა არის? შესაძლოა, დღეს არ შეუძლიათ, მაგრამ რესურსი აქვთ, რომ ხვალ შეძლონ. რატომ უნდა მივაყენოთ ჩრდილი აზერბაიჯანის რეპუტაციას? აქ მთავარი მისია საქართველოსი და აზერბაიჯანის ერთობაა.


- რა მისიაზე საუბრობთ?


- ეს არის მისია, რომელმაც უნდა შექმნას ალტერნატიული მიწოდება ევროპისა და კასპიის რეგიონისთვის. ეს არის მისია, რომელმაც უნდა დაასრულოს სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ ევროპას რუსეთის გარდა სხვა რესურსი და წყარო არ გააჩნია. ეს არის ძალიან ძნელი. ამას რუსეთი ადვილად არ დათმობს. ოკუპაციის მთავარი მიზანი არა ოსების და აფხაზების „გადარჩენაა", არამედ მილებთან ახლოს სამხედრო ბაზების გახსნაა, რათა რუსეთის გარეშე არ მოხდეს ეს ყველაფერი. ამიტომ, ჩვენ, პატარა ქვეყანას, გვმართებს, რომ განსაკუთრებით მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner