logo_geo
eng_logo
გოგლა ჟვანია: მე ვერ ვუკარნახებ პროკურატურას, როგორ მოიქცეს!
- +

29 თებერვალი. 2016. 16:02



საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გოგლა ჟვანია „რეპორტიორთან" ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს:


- ბატონო გოგლა, პროკურატურამ საგარეჯოში ჩატარებული არჩევნების გამოძიება დაიწყო. როგორ ფიქრობთ, შესაძლოა თუ არა, რომ გამოძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელიც დაიკითხოს?


- დიახ, გამოძიება დაიწყო და უნდა დაველოდოთ შედეგებს. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი ადეკვატურობა. ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ არჩევნებში ხდებოდა დარღვევები, ხდებოდა გაყალბება და ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვებოდა. შეიძლებოდა, 300 000 კაცი გამოსულიყო ქუჩაში, მაგრამ ხელისუფლება ამაზე რეაგირებას არ ახდენდა. ახლა, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები ამ არჩევნებთან დაკავშირებით, ხელისუფლება მოიქცა ადეკვატურად, პროკურატურამ აღძრა საქმე, მიმდინარეობს გამოძიება და ახლა უნდა დაველოდოთ შედეგებს. მე იმედი მაქვს, რომ თინა ხიდაშელი არაფერს გააკეთებდა ისეთს, რაც კანონთან წინააღმდეგობაში იქნება.


- ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტზე რას იტყვით? შესაძლოა თუ არა ამ ეტაპზე რაიმე მოტივზე საუბარი?


- ეს არის აღმაშფოთებელი, საზარელი ფაქტი. ნებისმიერი ძალადობა, ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის მიმართ, ძალიან მძიმე დანაშაულია და იმედი მაქვს, რომ ჩვენი სამართალდამცავები საქმის ცხელ კვალზე გახსნას მოახერხებენ. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის პოლიტიკური საკითხი. ეს არის კრიმინალური დანაშაული, რომელიც კავშირში არაა ბატონი პეტრიაშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან. ნებისმიერი დანაშაული ქვეყანაში უნდა იყოს გამოძიებული, მითუმეტეს, როდესაც დანაშაული ხდება ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერის მიმართ.


- „თავისუფალი დმეოკრატები" საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ. ეთანხმებით თუ არა, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მკვლელობის მცდელობასთან და არა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებასთან?


- ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ ჩვენი უფლებამოსილებები. მე არ შემიძლია ვუკარნახო პროკურატურას, როგორ მოიქცეს. ჩემთვის ყველაზე აქტუალურ საკითხზე არ ვკარნახობ პროკურატურას, როგორ უნდა მოიქცეს და მითუმეტეს სხვა საკითხებზე ვერ ვუკარნახებ. პროკურატურა მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ეჭვი არ მეპარება მათ პროფესიონალიზმში და ამიტომ ველოდებით გამოძიების შედეგებს.

 

- „მრეწველებსა" და „რესპუბლიკელებს" შორის დაპირისპირებაზე რას ფიქრობთ? შესაძლოა თუ არა, რომ რომელიმე მათგანის კოალიციიდან გარიცხვის საკითხი დადგეს?


- კოალიციიდან რომელიმე პარტიის გარიცხვის საკითხი არ დგას. აზრთა სხვადასხვაობა არსებობს კოალიციაში. ეს ნორმალური და ჯანსაღი პროცესია. მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა და წესი. ეს ფორმა, რომელიც დაპირისპირებამ მიიღო, იყო დამაზიანებელი. ეს იყო დამაზიანებელი არა კოალიციისთვის, არამედ ჩვენი სახელმწიფოსთვის. რაც თოფაძესა და „რესპუბლიკელებს" შორის მოხდა, აღარ უნდა განმეორდეს.


პრემიერ-მინისტრი ჩაერია პროცესში. ეს ყველაფერი აღიკვეთება და იმედია, მსგავსი რამ აღარ განმეორდება. თუ კიდევ ექნება ადგილი მსგავს ქმედებებს, შემდეგ უკვე გადაწყვეტილებას სხვანაირად მივიღებთ. 


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner