ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადაწყვეტილებით, შემდგომი არეულობის თავიდან ასაცილებლად, შს მინისტრმა ლეონიდ ძაპშბამ თანამდებობა დროებით დატოვა.
დე-ფაქტო შს მინისტრმა თანამდებობა საპროკურორო შემოწმების დასრულებამდე დატოვა და მის შემცვლელად პირველი მოადგილე დაინიშნა.
ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა შესაბამის ბრძანებას ხელი 5 ივლისს მოაწერა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ოპოზიციური გაერთიანებები რეგიონში კრიმინოგენური ვითარების გაუარესების გამო, შს მინისტრის გადაყენებას და 10 ივლისს დანიშნული რეფერენდუმის შემოდგომაზე გადატანას მოითხოვდნენ.
ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეკრებილებმა შსს-ს შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც ძალის გამოყენებით სამინისტროს ჭიშკარი მოგლიჯეს და შენობას „მოლოტოვის კოქტეილები" დაუშინეს.