დავითგარეჯას საქმეზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი მანჯგალაძე გამოიკითხა.
როგორც საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა კითხვას უპასუხა, თუმცა რა ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, გიორგი მანჯგალაძე არ აკონკრეტებს.
ცნობისთვის, დავითგარეჯას საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა.
პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებით. აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება, გამოკითხულია არაერთი პირი.