ელდარ შენგელაიას ფილმები მრავლისმთქმელია, საინტერესო და საყვარელია ქართველი და არამარტო ქართველი მაყურებლისთვის. ამჯერად ელდარ შენგელაია ახალ ფილმს იღებს, რომელსაც „სავარძელი" ჰქვია. ელდარ შენგელაიამ ფილმის შესახებ „კვირის პალიტრასთნ" ისაუბრა.
„ფილმს „სავარძელი" ჰქვია და ძალაუფლებაზეა. მუდმივი სწრაფვა ძალაუფლებისკენ. სავარძლის დაკარგვის შიშით შეპყრობილი მთავარი გმირი, რომელსაც ნიკა თავაძე ასახიერებს, საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ხვდება, რომ ცხოვრებაში სავარძელი კი არ არის მთავარი, არამედ სიყვარული.
ფილმის გადაღება დასრულდა, მაგრამ წინ ბევრი სამუშაო გველის: მონტაჟი, გახმოვანება, ფერის კორექცია, რომელიც ესპანეთში გაკეთდება, რადგან ჩვენი ოპერატორი - გორკა ესპანელია.
ფილმში დაკავებული არიან ნინელი ჭანკვეტაძე, ნანა შონია, ჩემი შვილი ნატალია ჯუღელი, ზუკა დარჯანია, გურამ ჯაში, ვიტალი ხაზარაძე და სხვები. ვფიქრობ, „სავარძელი" ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
ფილმი ალეგორიული ხასიათისაა. რეზო გაბრიაძეს, რეზო ჭეიშვილსა და მე ყოველთვის გვინდოდა, გაგვეკეთებინა იგავი.
საბჭოთა პერიოდში პირდაპირ არაფრის თქმა არ შეიძლებოდა. როცა „ცისფერი მთების" გადაღება დავამთავრეთ, მე და რეზო ჭეიშვილს გვეგონა, ეს ფილმი საქართველოს და საბჭოთა კავშირზე იყო და როცა დელის ფესტივალზე ვაჩვენეთ, მითხრეს, „ცისფერი მთები" ინდოეთზეაო, ვენის ფესტივალზე კი ავსტრიის რეალობას შეადარეს.
2014 წელს კანის 87-ე ფესტივალზე, „კანის კლასიკაში" 20 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა. ეს არც ჩემი გამარჯვება იყო, არც რეზო ჭეიშვილის, ეს ქართული ფილმის გამარჯვება გახლდათ", - ამბობს ელდარ შენგელაია.