„არავის უნდა ავიწყდებოდეს, რომ ქართული რაგბი ყველაზე და ყველაფერზე მაღლდა დგას: ჩემზე, ნებისმიერ მოთამაშესა და მწვრთნელზე მაღლა“, - ამის შესახებ რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
იგი ქართული რაგბში ამჟამად არსებულ პრობლემას, არჩევნების ჩატარების საკითხს შეეხო და განაცხადა, რომ ბევრი რამ ხდება ისეთი, რაც მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.
„პირველ რიგში ძალიან ბევრი რამის გამო ეს ჩემთვის უზარმაზარი გულისტკივილია. ნამდვილად არ მინდა დეტალებსა და სიღრმეებში შევიდე, რადგან ჩემს ცხოვრებაში არ მითქვამს, არ გამიკეთებია ისეთი რამ, რაც სიტუაციას ამწვავებს. ჩემი გადმოსახედიდან ყველაფერი კანონის შესაბამისად გაგრძელდება. ადრე თუ გვიან ეს არჩევნები ჩატარდება და ღირსეული გაიმარჯვებს. ბევრი რამ ხდება ისეთი, რაც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, ადამიანურად მიუღებელია და სამწუხაროდ, ჩემთვის ეს ყველაფერი ღირებულებითი და ფასეულობითი დაპირისპირებაა. არავის უნდა ავიწყდებოდეს, რომ ქართული რაგბი ყველაზე და ყველაფერზე მაღლდა დგას. ჩემზე, ნებისმიერ მოთამაშესა და მწვრთნელზე მაღლა“, - განაცხადა ნიჟარაძემ.
შეგახსენებთ, რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს.
საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დამტკიცებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში წერია.