საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ფრაქცია „ქართული ოცნებისა" და პრემიერ-მინისტრის შეხვედრას დადებითად აფასებს და „რეპორტიორთან" საუბარში შეხვედრაზე დასმულ საკითხებს განიხილავს:
- შეხვედრამ ჩაიარა საკმაოდ ნაყოფიერად. კმაყოფილმა დავტოვე ფრაქციის სხდომა. ჩემი შეხედულებები და მოლოდინები კონკრეტულ გადაწყვეტილებებში დადასტურდა. პრემიერს აქვს კარგად ჩამოყალიბებული ხედვა ეკონომიკური რეფორმების გაღრმავების შესახებ. ეკონომიკური რეფორმები არ ნიშნავს მხოლოდ ჩვენი მეწარმეების მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას. მოგების გადასახადის გაუქმება ემსახურება სხვა მიზანს, ეს გახლავთ საწარმოო ძალების განვითარება, ბიზნესის გაფართოება. ეს გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. თუ ბიზნესმენი მოგებას საკუთარი წარმოების განვითარებაში დააბანდებს და სახლში არ წაიღებს, ეს ნიშნავს, რომ ამ წარმოების განვითარებას მოჰყვება ახალი სამუშაო ადგილები. ასე რომ, პრემიერის ეს ხედვა არ არის განპირობებული ერთჯერადი პოპულარული ნაბიჯის ინტერესებით. მისი ხედვა განპირობებულია იმ ინტერესებით, რომ საქართველოში ქართველი და უცხოელი მეწარმეები დაინტერესდნენ მოგების მიღებით, რომ მოგება გახდეს მათივე წარმოების, ბიზნესის გაფართოების საშუალება.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ხედვა, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრირებაში მთელი რიგი შეზღუდვების შემოღებას. ეს არის ვადაში გაწელილი საგადასახადო შემოწმება, რაც სამეწარმეო საზოგადოებას პრობლემებს უქმნის, რადგან, როცა ხედავ, რომ ნახევარი წელიწადი ზის შენთან შემმოწმებელი ორგანიზაცია, თავისთავად საწარმოს მართვას ექმნება პრობლემები. ამიტომ, პრემიერის ხედვაა, რომ საწარმოების კონტროლი უნდა იყოს დროში შეზღუდული.
- რამდენადაც ცნობილია, შეხვედრაზე პრემიერმა მმართველობით ხარჯებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
- დიახ, პრემიერმა გააჟღერა მისი სურვილი მმართველობით ხარჯებთან დაკავშირებით. მისი ხედვა თავიდან ბოლომდე ემთხვევა ჩემს შეხედულებებს. მინდა, პატარა საიდუმლოც გავამჟღავნო. პრემიერ-მინისტრმა უარი განაცხადა, რომ მის ოჯახს ესარგებლა სამსახურებრივი ავტომანქანით. პრემიერს ამის უფლება აქვს, მაგრამ უარი განაცხადა. მე მომეწონა მისი გამოთქმული მოსაზრება, რომ იქნებ ვიფიქროთ მმართველობითი ხარჯების მაქსიმალურად შემცირებაზე. ეს მოსაზრება არ ეხება მხოლოდ შავი მანქანების გამოყენებას. რა თქმა უნდა, ვისარგებლე შემთხვევით და კვლავ დავსვი პრემიების შეზღუდვის მოთხოვნის საკითხი. ჩემი აზრით, ეს საკითხი იყო და რჩება ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის ერთ-ერთ მთავარ გამაღიზიანებელ ფაქტორად.
- „მრეწველებსა" და „რესპუბლიკელებს" შორის დაპირისპირებას პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა და მათთან შეხვედრასაც გეგმავს. თქვენ რას ფიქრობთ ამ პროცესზე?
- ვიცი მთიელების ხასიათი და ვიცოდი, რომ ქალბატონი თინას განცხადებას ბატონი გოგი საწყენად მიიღებდა. ქალბატონი თინას განცხადებამ საფუძველი ჩაუყარა პირველ ეტაპზე სიტყვიერ კონფლიქტს. ამას მოჰყვა შემდეგ ბატონი გოგისგან ბრალდება საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით.
- ანუ მიგაჩნიათ, რომ დაპირისპირება თინა ხიდაშელმა წამოიწყო?
- თუ ქრონოლოგიურად დავალაგებთ, ეს ყველაფერი ფორმალურად დაიწყო იმ განცხადების შემდეგ.
- შესაძლოა თუ არა, რომ კოალიციის პოლიტსაბჭოზე რომელიმე პარტიის გარიცხვის საკითხი დადგეს?
- ვფიქრობ, რომ კოალიციის პოლიტსაბჭო მოაგვარებს ამ პრობლემას. ჩვენი მოსაზრებაა, რომ კოალიცია იყოს ერთიანი სუბიექტი, მათ შორის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
- პროკურატურამ საგარეჯოს არჩევნების გამოძიება დაიწყო. შესაძლოა თუ არა, რომ ამ საქმეზე თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი დაიკითხონ?
- ეს გამოძიების გადასაწყვეტია. სამართალდამცავ ორგანოებში ჩატარებული გამოძიება სასამართლო გამოძიებისგან იმით განსხვავდება, რომ კონფიდენციალურია. გამოძიება ვისაც ჩათვლის საჭიროდ, იმას გამოიძახებს დასაკითხად.
- პრემიერთან შეხვედრაზე პარტიულ სიებზე ხომ არ ყოფილა საუბარი?
- პარტიულ სიებზე საუბარი არ ყოფილა. თუმცა, მე დავსვი საკითხი ფრაქციის როლზე წინასაარჩევნო კამპანიაში. მიმაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა ამომრჩეველზე ხელოვნურად ზემოქმედების ინსტრუმენტებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველანი განწირული ვართ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. ამიტომ, მიმაჩნია, რომ გამსხვილებული საარჩევნო ოლქების პირობებში, საარჩევნო კამპანიის მომზადებითვის მუშაობის დაწყება უკვე საჭიროა. ამიტომ, გამოვკვეთე ფრაქციის როლი. მიმაჩნია, რომ ჩვენს ფრაქციაში არის ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანი, რომელიც შეძლებს, ასევე წარმატებულად გააგრძელოს საქმიანობა მეცხრე მოწვევის პარლამენტში.
- ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტზეც გკითხავთ. როგორ მიმდინარეობს გამოძიება და ხომ არ არის ცნობილი რაიმე მოტივი?
- ამ შემთხვევაში მოტივს მნიშვნელობა არ აქვს. თვითონ დანაშაული იმდენად მძიმეა, იმდენად ცინიკური და იმდენად არაკაცური, რომ აქ მოტივების კვლევით არ ვაპირებ დავკავდე. დაინტერესებული ვარ მხოლოდ ერთი რამით, რომ ამ დანაშაულის მონაწილეები იქნენ მხილებულნი. რაც არ უნდა დაუდოს ჭორიკანა საზოგადოებამ საფუძვლად, ჩემთვის მნიშვნელოვანია შედეგი.
- „თავისუფალი დემოკრატები" აღნიშნული საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?
- საქმის გადაკვალიფიცირებას სპეციალისტების აზრი სჭირდება. ჩემთვის მნიშვნელობა მხოლოდ ერთ რამეს აქვს, რომ დამნაშავეები იყვნენ მხილებულნი. მოტივი და კვალიფიკაცია მხოლოდ მეორე ეტაპზე გახდება აქტუალური. ჯერ მხილებაა აუცილებელი.