დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში წელს გზის საფარი 1 მილიონ 400 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა.
ნარმანიას თქმით, ზაფხულის სეზონიდან გამომდინარე საგზაო სამუშაოები თბილისში აქტიურ ფაზაში შევიდა. მისივე თქმით, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ბევრი ისეთი ქუჩა კეთდება, სადაც 20-30 და უფრო მეტი წლის განმავლობაში გზა არ იყო და თბილისელებს აღნიშნულის გამო დისკომფორტი ექმნებოდათ.
დავით ნარმანიას განცხადებით, რამდენიმე დღის წინ დაიწყეს ნუცუბიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. სამუშაოები ივლისი-აგვისტოს თვეში ინტენსიურად გაგრძელდება. ნუცუბიძის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემები და ტროტუარები მოეწყობა. ასევე დაიწყება ბარნოვის ქუჩაზე სარებილიტაციო სამუშაოები და ქუჩა მთლიანად კეთილმოეწყობა. თბილისის მერის განცხადებით, რამდენიმე დღეში დასრულდება სამება-მახათას ახალი გზის მშენებლობა. მისივე თქმით, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს შინდისი-კრწანისის გზაზე და ქალაქის სხვადასხვა ქუჩებზე.
„თუ 2014 წელს მხოლოდ ნახევარ მილიონი კვადრატული მეტრი გზა დაიგო, გასულ წელს ჩვენ გავაორმაგეთ დაგებული გზების ფართობი და 1 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი გზის საფარი მოწესრიგდა. წელს უფრო ამბიციური გეგმა გვაქვს და საბიუჯეტო რესურსებიდან გამომდინარე 1მილიონ 400 ათასი კვადრატული მეტრი გზის დაგებას ვაპირებთ, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქში არსებულ მდგომარეობას", - განაცხადა თბილისის მერმა.
დავით ნარმანიამ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს, ასევე რაიონული გამგეობების ხელმძღვანელებს მოუწოდა, საგზაო სამუშაოების ტემპი არათუ შეინარჩუნონ, არამედ გაზარდონ და აქცენტი საგზაო სამუშაოების ხარისხზე გააკეთონ.