საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა დღეს ქუთაისში.
სხდომაზე გელათის სამონასტრო კომპლექსის დროებითი კონსერვაციის პროცესთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. სხდომას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ასევე ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე გამრეკელი და სხვა სასულიერო პირები დაესწრნენ.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა აღნიშნა, სხდომაზე გელათის რეაბილიტაციის საკითხი განიხილეს.
„ჩვენი კომიტეტი დაინტერესდა გელათის საკითხით, ვინაიდან ჩვენი ფუნქცია არ არის და ვერ იქნება შორიდან პრობლემების ყურება იმ დარგის, რომელზეც ჩვენ ვართ პასუხისმგებელი. შესაბამისად, ჩვენ ვეწვიეთ გელათს, რათა დეპუტატებს ჩვენი თვალით გვენახა, რა ხარვეზები არსებობს ჩატარებული სამუშაოებისას, მოგვესმინა იმ კერძო კომპანიისთვის, რომელიც სრულად სავარაუდოდ ვერ აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას, თუ რა ტიპის ძეგლთან აქვს საქმე და დაგვესახა გზები სპეციალისტების აზრის გათვალისწინებით, რა შეიძლება იყოს ხარვეზების აღმოფხვრის გრძელვადიანი გზა. სასიამოვნო და აღსანიშნავია, რომ ამ წუთებში, როგორც ირკვევა, დროებითი გადახურვა, რომელიც არსებობს, დროებით უზრუნველყოფს იმას, რომ წყალი აღარ ჩადიოდეს, მაგრამ კომიტეტმა გამოვეცით დღეს დადგენილება, რომელშიც მოცემულია რეკომენდაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსადმი და კერძო კომპანიისადმი, დაწყებული იქედან, რომ ზოგიერთი ღარები დასალუქია და პირდაპირ კედელში არ უნდა იღვრებოდეს წყლის ჭავლი, რომელიც 12 საუკუნის ქვებს აზიანებს, დაწყებული ასეთი თითქოსდა მარტივი საკითხებით დასრულებული. კვლევის გრაფიკი უნდა შემუშავდეს, რომ ჩვენ დოკუმენტურად და არა ზეპირი მონაყოლით ვიცოდეთ, რა მდგომარეობაშია მთავარი ტაძარი და წმინდა გიორგის ტაძარი. მე ვიტყოდი, რომ ეს იყო გრძელი ვიზიტი, ხანგრძლივი სხდომა, მაგრამ ძალიან ნაყოფიერი, რომლითაც ყველა მონაწილე იყო კმაყოფილი, რადგან რეალური დისკუსია შედგა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.