„დღემდე არ ვიცი, ეს იყო ბედნიერი დამთხვევა, თუ კიდევ ერთი გამოვლენა, მისი სერიოზული ნიჭისა და უნარის მოვლენების წინასწარ განჭვრეტის“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ, POSTV-ს ეთერში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ბიძინა ივანიშვილის როლზე საუბრისას განაცხადა.
„ასეთი ვითარება იყო 2013 წელს, მაშინ არ არსებობდა პრეპარატი, რომელიც C ჰეპატიტს განკურნავდა. მაშინ იყო ინტერფერონი და განკურნების არანაირი გარანტია არ იყო. მას ჰქონდა გვერდითი მოვლენები. განკურნება ხდებოდა მხოლოდ მესამედ შემთხვევაში. ფაქტობრივად, მაშინ საუბარიც არ იყო, რომ იგონებდნენ პრეპარატს, რომელიც C ჰეპატიტს პროცესში განკურნავს. არჩილ თალაკვაძე მაშინ იყო მინისტრის მოადგილე და კურირებდა პენიტენციურ სისტემას. არჩილ თალაკვაძე გამოირჩეოდა ინოვაციური სურვილით. სულ უნდოდა, რაღაც ახალი მოეძებნა და დაენერგა. ის კარგად გავიდა ამ კვალზე, რადგან ამაზე კარგი სიახლე მაშინ არ იქნებოდა. საპატიმროებში მძვინვარებდა C ჰეპატიტი, ძალიან მაღალი იყო სიკვდილობა. ძალიან ბევრი მომართვა იყო სტრასბურგის სასამართლოში. ვინც მიაღწევდა სტრასბურგის სასამართლომდე, ამისთვის სულხან მოლაშვილის მაგალითი გამოდგება, სასამართლოს გამოჰქონდა განაჩენი, რომ ამ ადამიანებს სახელმწიფომ უნდა უმკურნალოს“, - განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, C ჰეპატიტის ელმინაციის პროგრამის განხორციელებაში ასევე დიდი როლი შეასრულა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.
„არჩილ თალაკვაძეს საერთაშორისო კონტაქტები ჰქონდა და მან მოიპოვა გრანტი, რომლითაც შეეძლო დაეფინანსებინა ყველა პატიმრის უფასოდ მკურნალობა, არსებული მედიკამენტებით. მაშინ ესეც დიდი საქმე იყო. გარეთ C ჰეპატიტზე საქართველოში მკურნალობდა მხოლოდ 300-350 ადამიანი, მაშინ, როცა 150 ათასი ადამიანი იყო ინფიცირებული. ეს პროექტი რომ დამტკიცებულიყო, უნდა გასულიყო მთავრობის სხდომაზე. სოზარ სუბარმა და არჩილ თალაკვაძემ გაიტანეს ეს პროექტი მთავრობის სხდომაზე, სადაც მინისტრების ნაწილი წინაღმდეგი წავიდა ერთადერთი მიზეზით, რომ ეს შექმნის ძალიან დიდ უხერხულობას და არათანაბარ ხელმისაწვდომობას“, - აღნიშნა ცერცვაძემ.
მისი თქმით, უხერხულობას ქმნიდა ის ვითარება, რომ სახელმწიფო C ჰეპატიტის მკურნალობას სხვა მოქალაქეებს ვერ სთავაზობდა.
„მაშინ ბატონმა ბიძინამ თავი შეიკავა, თუმცა პროექტის დამტკიცება სურდა, მაგრამ არ ჰქონდა არგუმენტები მთავრობის წევრების წინააღმდეგ. უთქვამს ასეთი რამ - თენგიზ ცერცვაძემ თუ იცის ამ პროექტის შესახებო, რაზეც სოზარმა და არჩილმა უთხრეს, რომ ალგორითმი ჩვენი კლინიკის გაწერილი იყო. მაშინ ეს საკითხი გადავდოთ და შემდეგ მთავრობის სხდომაზე მოიყვანეთ, რომ მან დამარწმუნოსო“.- გაიხსენა თენგიზ ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძე იხსენებს, რომ მთავრობის მეორე სხდომაზეც მინისტრების განწყობა იყო ნეგატიური.
„ჩემი არგუმენტი იყო ის, რომ თუკი რაღაც სეგმენტში გაჩნდა რაღაცის გაკეთების საშუალება, ეს შანსი არ უნდა დაიკარგოს. თუნდაც ეს არ იყოს გამართლებული ზოგადი ვითარების გათვალისწინებით. ეს იქნებოდა პირველი თესლი და ნერგები, რომელიც შეიძლება გავრცელდეს“, - განაცხადა ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, მთავრობის მეორე სხდომაზე, ბიძინა ივანიშვილმა C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის შესახებ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო.
„ბატონმა ბიძინამ თქვა, რომ არგუმენტი ჩემთვის მისაღებია, პროგრესს ვერ შევაჩერებთ, რადგან გამოჩნდა საშუალება ის უნდა გამოვიყენოთ... მან ეს იმდენად მტკიცე ტონით თქვა, რომ მთავრობის წევრებიდან ზოგი დარწმუნდა, ზოგი შეიძლება არა, მაგრამ წინააღმდეგობა არ ყოფილა. შემდეგ მან იქვე გააკეთა ისტორიული განმარტება და გასცა დავალება, მოგვმართა მე და დავით სერგეენკოს, მაშინდელ ჯანდაცვის მინისტრს, რომ ამ პროექტს ვთანხმდები ერთადერთი პირობით, ზუსტად ერთი წლის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე თქვენ უნდა მოიტანოთ პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ყველა მოქალაქის მკურნალობასა და ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ცერცვაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ალღომ უკარნახა, რომ ეს შესაძლებლობა გამოჩნდებოდა.
„დაახლოებით, 6 თვეში გამოჩნდა მედიკამენტი და დაახლოებით, ერთი წელი დასჭირდა იმას, რომ დაგვეთანხმებინა ამერიული კომპანია „გილიარდი“ მედიკამენტის მოწოდებაზე“, - განაცხადა ცერცვაძემ.