12 წლის წინ მელიქიშვილზე მომხდარ ავარიას 17 წლის ულამაზესი მოდელის, რუსკა არჯევანიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქერათმიანი მოდელი კარიერას სწორედ იმ პერიოდში იწყებდა და საკმაოდ წარმატებულად - მის შესახებ ხშირად წერდნენ პრესაში, იღებდნენ უამრავ რეკლამაში, იყო არაერთი კომპანიის სახე. რუსკა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ჯაბა ქარსელაძის კლიპიდან „მოგონებებს ვუმღეროთ", თბილისში ყველაზე პოპულარული გოგო იყო. ტრაგიკული შემთხვევის ღამეს, რუსკა მეგობარ ბაიკერთან ერთად, სახლში გადაღებიდან ბრუნდებოდა, მოულოდნელად მოტოციკლი ამოტრიალდა და გოგონას დაეცა, რუსკა დაიღუპა, მეგობარი გადარჩა.
მოდელი და დიზაინერი სალომე ღვინიაშვილი რუსკა არჯევანიძის ერთ-ერთი მეგობარი იყო. „ambebi.ge"-სთან საუბარში იგი იხსენებს, რომ რუსკას მიმართ განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა.
„ძალიან პატარა ასაკში დავმეგობრდით, ერთმანეთი „ნატალიში" გავიცანით. მე რუსკაზე სამი წლით უფროსი ვიყავი და იმ ასაკში სამწლიანი სხვაობა რაღაც სხვანაირი იყო, თითქოს უფრო გვეტყობოდა. განსაკუთრებული სიყვარული მქონდა მის მიმართ. დღემდე მახსოვს მისი სიცილი და ხმა, გამორჩეული გოგო იყო. გადაღებების გარდა, ცალკე მეგობრობაც გვქონდა. ძალიან ვუგებდით ერთმანეთს, ბევრი კარგი მახსენდება. რუსკასთან გატარებული ყველა წუთი და დღე, ყოველთვის განსაკუთრებულად მახსოვს. მხიარული და გიჟური მახსოვს. სხვანაირი სხივი ჰქონდა, როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანად. ერთხელ მაინც ვისაც უნახავს, ყველას განსაკუთრებულად ახსოვს.
როცა რუსკა დაიღუპა, იმ პერიოდში პარიზში ვმუშაობდი ერთ-ერთ სააგენტოში. სააგენტოს ხელმძღვანელობას ვაჩვენე მისი ფოტოები, ძალიან მოეწონათ და მოწვევა გამოუგზავნეს, მაგრამ ის ვეღარ ჩამოვიდა პარიზში და მე დავბრუნდი თბილისში მისი გარდაცვალების გამო.
ბევრი მიზანი ჰქონდა. შეყვარებულიც ჰყავდა, განსაკუთრებით კარიერაში უნდოდა წარმატების მიღწევა, აპირებდა საზღვარგარეთ გამგზავრებას, მაგრამ არ დასცალდა. პოპულარობას არ შეუცვლია. უბრალო, უშუალო და მხიარული გოგო იყო. დღემდე ვიხსენებთ გოგონები, როგორ გვიხაროდა მისი გამოჩენა, ყოველთვის ბრწყინავდა და სხვანაირი აურა ჰქონდა", - ამბობს სალომე ღვინიაშვილი.