logo_geo
eng_logo
თინა ვარდანაშვილი: ბედნიერები ვიყავით. მერე... 16 წლის ქალიშვილი დამეღუპა ავარიაში
- +

6 ივლისი. 2016. 14:07



მსახიობი თინა ვარდანაშვილი ყველასთვის ცნობილი გახდა ფილმიდან „როცა აყვავდა ნუში". მსახიობი ხათუნას როლს ასრულებდა. მსახიობი მის ცხოვრებაზე ლაპარაკობდა და ამბობდა, რომ პატარა ასაკში გათხოვდა. ასევე იხსენებდა იმ მძიმე წლებს, როცა შვილი ავარიაში დაეღუპა.


 

ადრე გავთხოვდი, 20 წლისა მხატვარ სერგო ქობულაძის რძალი გავხდი და ჩემი ხელოვნებაც მთლიანად დაიჩრდილა... სერგო საოცარი ადამიანი იყო, თავისებური. პირველი შეხვედრისთანავე პატივისცემასა და მოწიწებას იმსახურებდა. სულ სახელოსნოში მუშაობდა. მთელ დღეს ყავასა და ჩაის სმას ჯერდებოდა, მხოლოდ ერთხელ სადილობდა. ბავშვებზე კი გიჟდებოდა. დედამთილი მყავდა ანგელოზი, არაჩვეულებრივი ადამიანი. ჩემი მეუღლე - მერაბ ქობულაძე მხატვარია, კერამიკოსი. ორი შვილი შეგვეძინა. ბედნიერები ვიყავით. მერე... 16 წლის ქალიშვილი - სალომე დამეღუპა ავარიაში. ახლა ერთი ქალიშვილი დამრჩა, ლიზა. კარგი მეუღლე ჰყავს და ორი არაჩვეულებრივი შვილი. შვილის დაღუპვის შემდეგ, 14 წლის განმავლობაში დიდი დეპრესია მქონდა. სულ ვიწექი, არაფერი მინდოდა. ამ პატარებმა - შვილიშვილებმა კი სიცოცხლე დამიბრუნეს, ფეხზე წამომაყენეს და სულ სხვა ადამიანად ვიქეცი", - ჰყვებოდა თინა ვარდანაშვილი.


თინა ვარდანაშვილი იხსენებდა თავის სამსახიობო კარიერას. ამბობდა, რომ ძალიან გახარებული იყო, „როცა აყვავდა ნუშის" მთავარ როლზე დამტკიცებით.


ისეთ ასაკში ვიყავი, ყველა რომ ოცნებობს კინოში გადაღებას. ფილმისთვის როცა აყვავდა ნუში" სკოლებში დაეძებდნენ ახალგაზრდებს. მეც დამიბარეს სინჯებზე და მალევე დამამტკიცეს მთავარ - ხათუნას როლზე. ძალიან გამიხარდა, თუმცა მეშინოდა... კამერა რომ ირთვებოდა, ვიბნეოდი, გული მიფართხალებდა, ვაითუ, რაღაც ვერ გამომივიდეს-მეთქი. საერთოდ, რთულია მსახიობობა, მით უმეტეს, პატარა და გამოუცდელი გოგონასთვის. მერე კი ნელ-ნელა მომეხსნა დაძაბულობა.

 

ფილმს საფუძვლად თბილისში რეალურად მომხდარი ორი ამბავი დაედო. პირველი შეჯიბრების ამბავი იყო - სინამდვილეშიც ასე მოხდა, რომ ვიღაცამ სხვის მაგივრად აიღო პირველი ადგილი, მეორე იყო - ავარიის. სულ ახალგაზრდები ვმონაწილეობდით და შესანიშნავი ჯგუფი შეიკრა.

 

არაჩვეულებრივ მოგონებად დამრჩა ბიჭვინთაში გატარებული 24 დღე. პირველად ვიყავი უფროსების - ოჯახის წევრების გარეშე, რასაც გვინდოდა, იმას ვაკეთებდით. ცუდს კი არაფერს, მაგრამ გადაღების შემდეგ შინ რომ ვბრუნდებოდით, ხელოვანთა დასასვენებელ სახლში, ცოტას მართლაც ვისვენებდით და მერე ბოლო სართულზე, ბარში ავდიოდით, ვცეკვავდით, ვიკლავდით" თავს, ღამეებს ვათენებდით და მაგრად ვერთობოდით. მთავარი იყო, მეორე დღეს ფორმაში ვყოფილიყავით, თუ არა და, დაგვსჯიდნენ ალბათ. მაგრამ ახალგაზრდები ვიყავით და ყველაფერს ვუძლებდით. ერთი-ორჯერ იყო, რომ ბიჭებმა დალიეს და ცოტა აურიეს", რის გამოც შენიშვნა მივიღეთ, თორემ უპრობლემო ბავშვები ვიყავით.

 

გოგონებიც კარგად ვიქცეოდით, პრინციპში მარტო მე და ეკა მაღალაშვილი ვიყავით იქ, გადაღებაზე და რა უნდა დაგვეშავებინა? ბიჭები მეტნი იყვნენ: ზურა, გოგა ფიფია, დიმა ვანიშვილი, მიშა აბრამიშვილი... პრინციპში, ყველას ვიცნობდი: გოგა ფიფია ჩემს სკოლაში სწვლობდა; ზურა მომღერალ ნუგზარ კვაშალის და დათო აბულაძის მეგობარი იყო, რომლებთანაც მეც ვმეგობრობდი, ასე რომ, არც ზურა იყო უცხო. ისე, ნუგზარი და დათო ჩვენს ფილმშიც გადაიღეს: გახსოვთ ეპიზოდი, პლაჟზე რომ ვცეკვავთ? - მომღერალ-მუსიკოსები სწორედ ისინი არიან. ფილმში გამოცდილი მსახიობებიც არიან. მაგალითად, დოდო აბაშიძე მხოლოდ ორი დღით ჩამოვიდა ბიჭვინთაში და ძალიან გაგვახალისა. რეზინის ქუდი მქონდა, რომელსაც ზემოდან თმასავით ჰქონდა ამოშვერილი. განსაკუთრებული ქუდი იყო, ჰოდა, დოდომ ჩამოიცვა ეს ქუდი თავზე და გამიხია. ძალიან დამწყდა გული, მაგრამ ბუზღუნი არ დამიწყია, ისეთი საყვარელი ადამიანი იყო...

 

ერთი ამბავიც გამახსენდა: ლანა ღოღობერიძის მეუღლემ, ლადო მესხიშვილმა ბავშვები რესტორანში სავახშმოდ წაგვიყვანა. იქ აფხაზები რაღაცაზე ახტნენ-დახტნენ, არ მახსოვს, რა უნდოდათ. ჩვენი ბიჭებიც ყოყლოჩინობდნენ, მაგრამ ლადომ განმუხტა სიტუაცია. საერთოდ, ძალიან გვიხაროდა ხოლმე ლადოს ჩამოსვლა, მასთან ურთიერთობა, ძალიან საინტერესო ადამიანი იყო.

 

 

ფილმში „ჩარი-რამა" უკვე გამიზნულად მიმიწვია რეჟისორმა ნიკოლოზ სანიშვილმა. ჩარი-რამაში" სხვა სიტუაცია იყო: ერთადერთი ახალგაზრდა მე ვიყავი, ჩემი შეყვარებული" გოგი ქავთარაძეც საკმაოდ დიდი იყო ჩემზე, დანარჩენები კი - სულ ასაკოვნები. გოგი იმ პერიოდში ბათუმში მუშაობდა. ჩვენ ვცხოვრობდით ქობულეთში, გადაღებები კი ოზურგეთში მიმდინარეობდა. ამიტომ ის ჩამოდიოდა გადაღებაზე და იმ საღამოსვე ბრუნდებოდა ხოლმე ბათუმში... მოკლედ, ცოტათი მოვიწყინე. თან ოთახში დუდუხანა წეროძესთან ერთად ვცხოვრობდი. გადასარევი ქალი იყო, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ - ძალიან მხიარული. რძლად მოვწონდი, ოღონდ არ მახსოვს, შვილისთვის თუ დისშვილისთვის. მოკლედ, ტვინს მიბურღავდა... ყველანი საინტერესო ადამიანები იყვნენ, მაგრამ ურთიერთობის დამყარება მიჭირდა. მერე საცხოვრებლად ლენა ყიფშიძესთან გადავედი. აი, მაშინ კი მოვილხინე... რესტორანშიც დავდიოდით, ცოტა შამპანურსაც ვსვამდით, თავისი მეგობარიც გამაცნო და ძალიან გამახალისა. თქვენ წარმოიდგინეთ, როცა აყვავდა ნუშის" შემდეგ იმ ჩემს თანატოლებთან არ გამიგრძელებია ისეთი მეგობრობა, მე და ლენა კი დიდი ხნის განმავლობაში ვმეგობრობდით. არაჩვეულებრივი ქალი იყო...

 

ნიკოლოზ სანიშვილი უთენია წამოგვყრიდა ხოლმე და გაგვაქანებდა ოზურგეთში გადაღებაზე, წესიერად ჭამას ვერ ვასწრებდით. იღებდნენ ქორწილის ეპიზოდებს, სადაც ნაირ-ნაირი კერძები გამოჰქონდათ, მაგრამ ჩვენ მისი ჭამის უფლება არ გვქონდა, რადგან სხვა დღეებშიც სჭირდებოდათ - ზედმეტს არაფერს ყიდულობდნენ. ერთხელ ნერწყვი გადავყლაპე და ხმამაღლა ვინატრე, როგორ მინდა გოჭი-მეთქი. მოხუცებს" გაუგიათ და დიდი სუფრა გაშალეს... ისე, ძალიან კი მივლიდნენ, ეგ იყო, რომ ვერ ვერთობოდი... ამის შემდეგ ეპიზოდური როლები მქონდა რაიკომის მდივანში" და დონ-კიხოტში" და ამით დავასრულე მსახიობობა", - იხსენებდა თინა ვარდანაშვილი.


მსახიობი თინა ვარდანაშვილი ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 8 ივნისს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner