შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კოვიდ-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს განაგრძობს.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2 კოვიდ-ინფიცირებული ტაქსის მძღოლი - 1988 წელს დაბადებული გ.ფ. და 1975 წელს დაბადებული ზ.ს. თბილისში იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს.
გ.ფ. კოვიდ-აღრიცხვაზე 2021 წლის 5 იანვრიდან იმყოფება, ზ.ს. კი – 13 იანვრიდან. ორივე მათგანზე სპეციალისტებმა თვითიზოლაციის რეკომენდაცია გასცეს. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა კოვიდ-ინფიცირებულმა პირებმა თვითნებურად დატოვეს იზოლაციის ადგილი.
სამართალდამცველებმა კორონავირუსით დაინფიცირებული გ.ფ. იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც იგი თბილისში, წერონისის ქუჩაზე, ავტომობილით გადაადგილდებოდა. რაც შეეხება კოვიდ-აღრიცხვაზე მყოფ ზ.ს.-ს, იგი სავაჭრო ცენტრი „ქარვასლას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსის ტრაფარეტიანი ავტომობილით გადაადგილებისას დაჯარიმდა.
პოლიციამ ორივე კოვიდ-ინფიცირებული ტაქსის მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 421-10 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, 2000-2000 ლარით დააჯარიმა. ისინი დაჯარიმების შემდეგ კოვიდ-სასტუმროში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ რეგულაციებს.