საქართველოში მოსახლეობის კორონავირუსზე აცრა შესაძლოა 3 ან 4 ეტაპად დაიყოს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
„დღეს მთავარ გამოწვევად რჩება ვაქცინების მოცულობა, რომელიც შეიძლება აწარმოონ მწარმოებლებმა. სხვა კუთხით ჩვენ გვაქვს საკმარისი დრო და ასევე გამოცდილება, იმისთვის რომ შევძლოთ ჩვენი მოსახლეობის აცრა. ერთ ჯერზე ჩვენ ვერ და არ მივიღებთ 3 და 4 მილიონ მოსახლეზე საჭირო ვაქცინაციას. შეიძლება საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაცია დაიყოს 3 ან მაქსიმუმ 4 ეტაპად“, - აღნიშნა მინისტრმა.
ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია - გეგმის საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.