logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: „ქართულ ოცნება“ ითანამშრომლებს ყველასთან, ვინც პარლამენტში შევა
- +

18 იანვარი. 2021. 22:49

 

„პარტიებს შორის თანამშრომლობის ერთადერთი ფორმაა პარლამენტში თანამშრომლობა ან ერთჯერადი კონსულტაცია კონკრეტულ საკითხზე, პარლამენტში ვინც შევა, მასთან მოუწევს „ქართულ ოცნებას“ თანამშრომლობა“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ და პოლიტსაბჭოს წევრმა, ვასილ მაღლაფერიძემ „პოსტ ტვ“-ის ეთერში განაცხადა.

 

გადაცემის წამყვანმა დასვა კითხვა, რომ პარტიები რამდენიმე ჯგუფად დაიყო, მათ შორის არიან რადიკალებიც და რამდენად იქნება შესაძლებელი მათთან „ქართული ოცნების“ თანამშრომლობა.

 

როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ პარტიების ასეთი ფორმით დაყოფაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის და ითანამშრომლებს ყველასთან, ვინც პარლამენტში შევა.

 

„ვინმე თუ შეიცვლის გადაწყვეტილებას, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს მათთან თანამშრომლობა. ჩვენ არაფერი გაგვიყვია. „ქართულ ოცნებას“ ამაში წვლილი არ მიუძღვის. თუ ვინმე შეიცვლის გადაწყვეტილებას, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს თანამშრომლობა. საერთოდ, პარლამენტარიზმის დიდი გამოცდილება აქვს მსოფლიოს და ახალ ველოსიპედს ვერ მოიგონებ. ყველაფერი ცნობილია, როდის არის კრიზისი, როდის იმართება ვადამდელი არჩევნები, გადატრიალების მომზადების მცდელობა, რომლის გამოცდილებაც სამწუხაროდ ჩვენც დაგვიგროვდა. რჩევებს ვერავის მივცემ, ყველა პარტია თავად ირჩევს სტრატეგიას და საბოლოო ჯამში, ამის მიხედვით დაიმსახურებს ამომრჩევლის ნდობას. 8-9 თვეში გაიმართება თვითმმართველობის არჩევნები და ეს ყველაფერი აისახება შედეგებზე“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

 

მისივე თქმით, პოლიტიკოსებს აქვთ თანამშრომლობის პასუხისმგებლობა.

 

„მმართველი პარტია ამბობს, რომ არ იქნება ვითარება, როდესაც ვინმეს კალთებს დაახევს პარლამენტში შესასვლელად. კანონით განსაზღვრულია ყველანაირი პირობა, პარლამენტში გელოდება შენი სკამი, შენი გამოსვლის დრო და შეგიძლია, გამოიყენო, რაც ქვეყნისთვისაც კარგი იქნება. მოქალაქეს, რომელიც თავისი საქმით არის დაკავებული, შეუძლია, არ ითანამშრომლოს ვინმესთან. თუ გადავიტანთ ამას პოლიტიკაში, ამ სფეროში თავისი ნებით მიდიან ადამიანები და იღებენ პასუხისმგებლობას თანამშრომლობაზე. ჩვენთან დამკვიდრდა აბსოლუტურად ბინძური ლექსიკა, მათ შორის მედიაში. ადამიანები ილანძღებიან და ეს ჩვეულებრივი ფორმა გახდა, მათ შორის პოლიტიკოსებთანაც. „ფეისბუქში“ ვისაც გინდა, დაბლოკავ, მაგრამ როდესაც პოლიტიკაში მიდიხარ, ეს ნიშნავს, რომ მოგიწევს თანამშრომლობა, რადგან ამ ადამიანებს ხმა მისცეს. ზოგიერთს ვუყურებ და ვფიქრობ, რომ მისთვის პარლამენტი იქნებოდა თავის გამოჩენის ძალიან კარგი სივრცე, ქუჩაში ჩაიკარგება“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

 

როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც ახლა მთავარი გამოწვევაა, ბევრ რამეს დაანახებს საზოგადოებას.

 

„მედია მართვის ერთ-ერთი ფორმაა. აქამდე ეს ყველაფერი იყო აწყობილი იმაზე, რომ უნდა შექმნილიყო დიდი ტრაგედიის სურათი, თითქოს საქართველოში მყარდება ერთი კაცის დიქტატურა. ახლა ეს ყველაფერი უნდა გადაეწყოს. ჩემი პროგნოზით, ლანძღვის ტემპი არ შენელდება, რადგან ბევრს ეს ჩვევაში გადაუვიდა, რაღაც ნაწილს კი ჰგონია, რომ ეს კარგია. ბიძინა ივანიშვილის დიქტატურაზე საუბარი აბსურდია. არ მგონია, ახლა კობახიძის დიქტატურაზე გადაიტანონ საუბარი. იქნება ინდივიდუალური ბულინგი, ლანძღვა. ამას პოლიტიკოსმა უნდა გაუძლოს. ოპოზიციის ადგილი ცარიელი ვერ დარჩება. ერთი პარტია ვერ შეავსებს, მეორე შეავსებს, ამაზე გაჩნდება მოთხოვნა საზოგადოებაში. ახლა მთავარი გამოწვევაა თვითმმართველობის არჩევნები და საზოგადოება იმ ძალას მისცემს ხმას, რომელიც მას მოსწონს. თუ ადამიანებს მოსწონთ ქუჩა და ეს ლექსიკა, მაშინ ასეთი პარტიები დაიკავებენ თვითმმართველობაში ადგილს. ეს არჩევნები დაგვანახებს, ქვეყანაში როგორი განწყობაა“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner