ბრალდებულებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ხვალ ბრალს დაუზუსტებენ. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა.
როგორც მარიკაშვილი განმარტავს, ბრალდებულებს კვალიფიკაციას არ შეუცვლიან, უბრალოდ, ბრალის ფორმულირებაში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანენ.
„პროკურატურიდან გამომძიებელი შემეხმიანა, ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს, ვიცით, რომ ხვალ საპროცესო მოქმედება შედგება, რომელიც ბრალდების შინაარსის დაზუსტებას გულისხმობს და არა კვალიფიკაციის ცვლილებას, მუხლს იგივეს ტოვებენ, უბრალოდ აპირებენ ბრალის ფორმულირებაში გარკვეული ცვლილებები შეიტანონ. რა ცვლილებებია, ეს ჩვენთვის ცნობილი არ არის, ხვალ, ბრალდების დოკუმენტების გადმოცემის შემდეგ გახდება ცნობილი. ჩვენთვის ეს რეალურად იმას გულისხმობს, რომ 4 თვის წინ, ადამიანები პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა იმ ბრალდების ფორმულირებით, რომელიც აღმოჩნდა, რომ 4 თვის შემდეგ დასაზუსტებელია. ისინი ჩამოყალიბებული არ იყვნენ, თუ რას ედავებოდნენ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩვას“, - აცხადებს მარიკაშვილი.
ადვოკატი გამომძიებელთან ერთად, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ხვალ, 12:00 საათზე შევა.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში.