ბექა დავითულიანის თქმით, საქართველოში DFC-ის ოფისის გახსნა ქვეყანას ეკონომიკური კრიზისის გადალახვას მსხვილი ინვესტიციების მოზიდვით გადალახვის საშუალებას მისცემს. ამის შესახებ პარლამენტის წევრმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ამ ქვეყნის 2 უმთავრესი ამოცანაა: პანდემიის დაძლევა და პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევა. პირველ საკითხზე ვმუშაობთ. პირველი ტალღა, ვნახეთ, რომ შევძელით გადაგვეგორებინა, მეორეს მართვაც ხდება შეძლებისდაგვარად წარმატებით. ახლა მთავარია ეკონომიკური კრიზისი დავძლიოთ სწორად და DFC-ს ოფისის გახსნა საქართველოში ნიშნავს ინვესტიციას - დასავლურ ინვესტიციას და ამერიკულ ინვესტიციას პირველ რიგში, და მეორე, ნიშნავს ერთგვარი საინვესტიციო ბუმის შესაძლებლობას“, - განაცხადა დავითულიანმა.
მან ასევე დასძინა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ოფისის გახსნის შესახებ ჯერჯერობით მიღებული არ არის.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კიმ კრაჩმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე ისაუბრა.
კრაჩის თქმით, შესაძლოა საქართველოში აშშ-ის უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ორგანიზაციის, DFC-ის („განვითარების დაფინანსების კორპორაციის“), ყოფილი OPIC-ის („კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია“) ოფისი გაიხსნას.