„ოპოზიციის შიგნითაც, გარკვეულმა ჯგუფმა ღიად დაიწყო საუბარი, რომ ამ მდგომარეობაში ყოფნა, ლეგიტიმური, ინსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა, მათ ერთადერთ შედეგს აძლევს და ეს შედეგი მათთვის საზიანოა“, - ამის შესახებ ბექა დავითულიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ვვარაუდობ, რომ ისინი, ვინც ამ პარლამენტში არ შემოვლენ, ნელ-ნელა, საერთოდ გაქრებიან პოლიტიკური არენიდან. თუ არ გაქრებიან, მნიშვნელოვნად დასუსტდებიან. მცირე პარტიებს ამის არავითარი რაციონალური სტიმული არ შეიძლება ჰქონდეთ, რადგან ეს არჩევნები მათთვის იყო რეალური შანსი, რომ განვითარებულიყვნენ და ამ ქვეყანაში პლურალისტური პოლიტიკური გარემო შეექმნათ. სამწუხაროდ, ბევრი მცირე პარტია ამას არ იყენებს. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ რაციონალურ მარცვალს უნდა ჩაეჭიდონ, იმუშაონ ცვლილებებზე, რომელიც ამ ქვეყნისთვისაც და პარტიებისთვისაც მნიშვნელოვანია. ვნახოთ, როგორ დასრულდება, თუმცა, ფაქტი ერთია: დღეს ამ პროცესს აყოვნებს და აფერხებს ლიდერი, რომელიც, ფაქტობრივად, მიმალვაშია სისხლის სამართლებრივი თვალსაზრისით. ესაა სააკაშვილი. მეორე, ვინც ამ პროცესს აფერხებენ, არიან ის პარტია და ლიდერები, რომლებიც, უბრალოდ, ვერ მოხვდნენ ამ პარლამენტში. საუბარია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ჯგუფებზე. „ევროპულ საქართველოს“, პრაქტიკულად, ვერცერთი ლიდერი ვერ ხვდება, რომც უნდოდეთ პარლამენტში შესვლა, ვერ შედიან, ხვდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მათი ორგანული ნაწილი დიდად არ არიან. სავარაუდოდ, მათი გეგმაა, ამ ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რაც პანდემიითაა გამოწვეული და მთელ მსოფლიოზე, მათ შორის, საქართველოზეც აისახება, პროცესების რაგიკალიზაცია და ამის ფონზე, ხელისუფლების მიტაცების მცდელობა. ეს შესაძლებლობა და მხარდაჭერა მათ ნამდვილად არ ექნებათ. პატარა პარტიები „ნაციონალურ მოძრაობას“ აგრესიულობაში ვერ შეედრებიან, მათ ჯერ „ნაციონალური მოძრაობა“ შთანთქავს და შემდეგ, თავად „ნაციონალური მოძრაობაც“ მნიშვნელოვნად დაზიანდება“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.