გუდაური-კობის გზის ერთ ნაწილზე ზვავსაშიშროება აღარ არის. საავტომობილო მაგისტრალის გაწმენდითი სამუშაო, როგორც გუდაურის, ისე - კობის მხრიდან, ამ წუთებშიც მიმდინარეობს. თუ მეტეოროლოგიური პირობები არ გაუარესდება, ავტოტრანსპორტის მოძრაობა, შესაძლოა, ხვალ, შუადღემდე აღდგეს.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ამ დროისთვის, ჩაკეტილ ტერიტორიაზე საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი არ არის. საჭიროების შემთხვევაში, რეგიონი საბაგირო ხაზით მომარაგდება.
„ადგილზე ყველა საჭირო პროდუქტი და მედიკამენტია. ჯერჯერობით, რაიმე სირთულე არ არსებობს“ - განაცხადა ალექსანდრე ზაგაშვილმა.
მთის კურორტების განვითარების სააგენტოს გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსი, ნიკო ჩქარეული აცხადებს, რომ სტეფანწმინდა-კობი-გუდაურის გზის გახსნამდე, საბაგიროები ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს და ის მხოლოდ მგზავრთა გადაყვანას მოემსახურება. მისივე განმარტებით, საბაგირო ხაზის ფუნქციონირება მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული.
„ჩვენ დამოკიდებული ვართ ძლიერ ქარზე, როდესაც, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება საბაგიროების ჩართვა“ - განაცხადა ნიკო ჩქარეულმა.
კობი-გუდაურის ავტომაგისტრალი უამინდობის გამო მე-9 დღეა ჩაკეტილია. გადაადგილებას ვერ ახერხებენ ტრაილერები. ყაზბეგში ჩარჩენილი მოქალაქეების გადმოყვანა კი გუდაურში მხოლოდ გუშინ, საბაგიროთი მოხერხდა და ის ამ დრომდე ერთადერთი სატრანსპორტო საშუალებაა რეგიონში.