logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ივანიშვილის ჩართულობისა და ინიციატივის გარეშე, 2012 წლის გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა
- +

20 იანვარი. 2021. 02:58

 

 

 

„არ მგონია, ვინმეს ეჭვი ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა 2012 წლის გამარჯვება 2011 წელს, ბიძინა ივანიშვილის ჩართულობისა და ინიციატივის გარეშე. ცალსახად, ფაქტის დონეზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა.

 

„2012 წლის შემდეგ, უფლებების გაუმჯობესების თვალსაზრისით, პრაქტიკულად, სფერო არ დარჩა, რომელიც რადიკალურად არ გაუმჯობესდა. 10-ბალიან შკალაზე რომ გავზომოთ, უფლებების თვალსაზრისით, იქ, სადაც ჩვენი მაჩვენებელი იყო 1, 2, 3, ავედით 9-იან მაჩვენებელზე.

 

 ეს მოხდა სამართლებრივი მექანიზმებით და იმით, რაც გაკეთებადი იყო. ეს არ გულისხმობს იმას, რომ სოციალური წინსვლა, რომელიც გვაქვს, კიდევ უფრო წინ წავიდეს, მაგრამ, აქაც უნდა ითქვას, რომ რელსები, რომელზეც განვითარების მიმართულება დგას, არის სწორი. შეგვიძლია, დავასახელოთ სისხლის სამართლის პოლიტიკაც, ან, მაგალითად, ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც 2012 წლის შემდეგ შეიქმნა. ამ ყველაფერზე საუბრის შესაძლებლობა შექმნა 2012 წლის გამარჯვებამ. არ მგონია, ვინმეს ეჭვი ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა 2012 წლის გამარჯვება 2011 წელს, ბიძინა ივანიშვილის ჩართულობისა და ინიციატივის გარეშე.

 

ცალსახად, ფაქტის დონეზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა. ამას დასჭირდებოდა წლები, ბევრი ოფლი და სისხლი. ამიტომ, ეს იყო ისტორიული, ეპოქალური მნიშვნელობის ჩართულობა. მნიშვნელოვანია, რომ ეს მხოლოდ ფინანსურ რესურსში არ გამოიხატება. ხაზგასასმელია სწორი გადაწყვეტილებები, რომელიც დაიგეგმა. მთელი თაობები მოვიდა, რომელსაც ვერ წარმოუდგენია, თუ რა იყო, მაგალითად, სისხლის სამართლის პროცესში, შეკრებითობის პრინციპი. გვახსოვს, მაგალითად, არასრულწლოვნისთვის, თავისუფლების რამდენიმეწლიანი აღკვეთა. ეს იყო არანორმალური დამოკიდებულება. ბევრი მაგალითის მოყვანაც შეგვიძლია კერძო სამართლის მიმართულებით, საკუთრების დაცულობის თვალსაზრისით, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის კუთხით. რა ნამუსით ოპონირებს ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაზე, ავკარგიანობასა და ხარისხზე. ეს ხომ წარმოუდგენელია. არავითარი მორალური უფლება არ აქვთ. გახსოვთ, კამერები რომ არ დაიშვებოდა სასამართლო სხდომის დარბაზში და ეს დაშვებული გახდა. თითქოს, ეს ყველაფერი თავისით მოვიდა“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner