ქართველი კლასიკოსი მწერლის ოთარ ჭილაძის შემოქედება მკითხველისთვის გამორჩეულად ღრმა და საინტერესოა. მისი პროზაც და პოეზიაც არის ის ლიტერატურა, რომელსაც ერთხელ თუ გაეცანი, ვეღარასოდეს დაივიწყებ, მისი პერსონაჟები სულ თან გდევენ, სულ გეძახიან და გახსოვს.
„არტინფო" გაგახსენებთ ოთარ ჭილაძის მეორე რომანს „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან":
***
სამშობლო ოჯახიდან იწყება და, თუ ოჯახს მოუშლი კაცს, ცოლს გაუბახებ, შვილს ნაბიჭვრად გამოუცხადებ, მისთვის სამშობლო ჩვეულებრივ მიწა-წყლად იქცევა მხოლოდ, საძოვარ და სათეს ფართობად, რომელიც არსად არ იწყება და არც არსად მთავრდება, რადგან ცისქვეშეთში მიწა ყველგან მიწაა და წყალი ყველგან წყალია, მაგრამ იმას, ოჯახმოშლილს, ცოლგაბახებულს, შვილდაკარგულს, ქვეყნის მკვიდრი კი აღარ ჰქვია, არამედ მაწანწალა, რომლისთვისაც უკვე სულ ერთია, რომელ ცის ქვეშ, რომელ ჭიშკართან გამოუტან სამადლოდ ერთ ლუკმა პურსა და ერთ ყლუპ წყალს.
***
ცხოვრება გაწბილებული ოცნებაა, საწინააღმდეგოდ ამხდარი სიზმარია, ლამაზი, ყურის მაამებელი, გულის გამკეთებელი სიტყვა კი არაა, არამედ ამ ლამაზი სიტყვებიდან დაბადებული მკაცრი და დაუნდობელი სიმართლე.
***
უბედურებაში ჩავარდნილ კაცს ყველაზე მეტად თანაგრძნობა სჭირდება, თუნდაც მოჩვენებითი, ყალბი, მოვალეობის მოსახდელი.
***
უბედურებაზე უფრო, მარტო დარჩენის ეშინია კაცს.
***
ადამიანი მარტო არასოდეს არ არის, მარტო თავის თავს არასოდეს ეკუთვნის.
***
ტკივილი და სიბრაზე ადამიანს უფრო გულახდილს ხდის, უფრო გულწრფელს, ვიდრე მერეა, როცა სიბრაზე გადაუვლის და ტკივილიც ჩაუწყნარდება.
***
ადამიანი თავისსავე მოგონილ ბედს ემორჩილება და ეგუება, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ბედთან შეგუება ადამიანის თვისებაა. ეს უფრო იძულების შედეგია, არსებობის აუცილებლობითაა გამოწვეული და ამ თვისების შეძენის შემდეგ ადამიანის ჭეშმარიტი ბუნება იჩრდილება, ნაწილობრივ მაინც, რადგან ამ გადამრჩენელი თვისების შეძენა თავისთავად, უმტკივნეულოდ და უმსხვერპლოდ არ ხდება. ის ხანგრძლივი ყოყმანისა და დაუნდობელი სულიერი ბრძოლის ნაყოფია. ეს ბრძოლა კი ყველანაირ ბრძოლისაგან განსხვავდება, თუნდაც იმით, რომ აქ დამარცხებული იმარჯვებს, დათრგუნული და ჩაკლული იძენს სიცოცხლის უფლებას.
***
სიმახინჯისაკენ მიდრეკილება ადამიანის ერთ-ერთი თვისებაა, რადგან სიმახინძე სილამაზის ხვალინდელი დღეა, უფრო მშვიდი და ხანგრძლივი.
***
მწერზე მეტი განსჯის უნარი არც ადამიანს გააჩნია, სადაც შუქი აინთება, ყველა მისი გულისთვის, მის მისაზიდად და მის გასართობად ჰგონია ანთებული.
***
ვაჟკაცოა თავის გამოდება და სიკვდილი კი არა, გადარჩენაა, რადაც არ უნდა დაგიჯდეს ის.
***
როცა ანგარებაა გარეული საქმეში, გინდა ერთ კაცს დაუწექი და გინდა მთელ ქალაქს, მაინც მეძავი ხარ, რადგან სხეულს ყიდი და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ერთი მუშტარი გყავს თუ ათასი, ფულს გიხდიან თუ ერბოს.
***
კაცს ქალი რყვნის.
***
ქალს რამეზე ხელი რომ ააღებინო, სამაგიეროს უნდა დაჰპირდე, თან უკეთესს.
***
ქალთან, შეიძლება, საუკუნე იცხოვრო ერთ ჭერქვეშ და სამუდამოდ უცხო და უცნობი დარჩე მისთვის, მაგრამ ქალმა ერთხელ მაინც თუ გაიტანა შენი ქოთანი თავისივე სურვილით, არათუ გიცნობს უკვე, დედაზე მეტი უფლებითაც სარგებლობს, რადგან დედა რასაც განუსჯელად და სიხარულითაც გააკეთებდა, ის განსჯითა და ზიზღით აკეთებს. ზიზღსაც ძლევს, რადგან ადამიანად გთვლის, სულერთი არა ხარ მისთვის და ყველაფერი აინტერესებს შენი.
***
ბავშვობა მხოლოდ მაშინ აჩენს სინანულის გრძნობას, როცა კარგა ხნის დამთავრებულია იგი.
***
ბავშვები საერთოდ ბევრს ფიქრობენ სიკვდილზე, თანაც, დიდებისაგან განსხვავებით, არა მარტო აშინებთ საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა, არამედ, რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, სიამოვნებთ კიდევაც.
***
რაც არ ეგუება - კვდება.
***
- ყველა სიკვდილი ერთნაირია, მამაო. ყველა ერთნაირად ყარს.
- ცოდვა ყარს და არა სიკვდილი!
***
ადამიანი მხოლოდ სიცოცხლე ან მხოლოდ სიკვდილი კი არ არის, არამედ ორივე ერთად, სიკვდილიცა და სიცოცხლეც, სიკვდილ-სიცოცხლე, ერთი მეორეს ქმნის, ორივე ერთად კი - ადამიანს.
***
ადამიანის სიცოცხლესაც და სიკვდილსაც არა თვითონ ადამიანი, არამედ უხილავი სული ქმნის და ადამიანი უმწეოა, იღონოს რამე.
***
ადამიანს ბედისა სჯერა და ყოველთვის სჯეროდა, ყოველთვის მის მოლოდინშია და იმის ჩამოსათვლელად, თუ რამდენნაირი სახელი მიუღია მას ადამიანის წარმოდგენაში, არც დრო ეყოფა და არც ქაღალდი.
***
ბედი არსებობს იმდენად, რამდენადაც ადამიანს სჭირდება მისი არსებობა, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, მას რომ გადააბრალოს თავისი მარცხიცა და წარმატებაც და ამით უფრო ასატანი გახადოს საკუთარი არსებობა მეორე ადამიანისთვის.
***
მიჩვეულს ნუ გადააჩვევ და მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ, ამაშია ადამიანის ბუნების მთელი საიდუმლო.
***
- ვიბადებით, რათა შევცოდოთ, და ვიხოცებით, რათა განვიწმინდოთ.
- სიკვდილი განწმენდა კი არ არის, მამაო, სიკვდილი სიბინძურეა.
- სიკვდილს გააჩნია...
- იქნებ მოყვასისთვის სიკვდილია ვარდივით სურნელოვანი? ჰა, მამაო? გიყვარდეს მოყვასი შენიო... ასე არ არის?!
- მოყვასისთვის სიკვდილი ყველას როდი შეუძლია. ყველას თავისი სატკივარი კლავს.
***
სიკვდილი ყველას შეუძლია, გადარჩენა კი - არა.
***
ადამიანის ბუნება საფუძვლიანად ვერცერთ ასაკს ვერ ეგუება, შემდეგი,უფრო ზემო საფეხური მიაჩნია სრულყოფილად და ამიტომაც დაუნანებლად, უკეთესობის იმედით გადადის ერთი ასაკიდან მეორეში, სანამ ბოლო საფეხურს მიაღწევდეს, რომელსაც სიბერე ჰქვია, რომლის იქითაც აღარაფერი აღარაა, და სწორედ მაშინ ხელმეორედ ამოტივტივდება ხოლმე ადამიანის სულსა და გონებაში მისი ცხოვრების პირველი საფეხურები, იმ პირველ საფეხურზე შემომდგარი, სულის შემძვრელად ნორჩი არსება, რომელიც თვითონ იყო ოდესღაც.
***
ერთადერთი გზა შეგუებაა, დანარჩენი თავისით მოვა.
***
ყველანაირი სიმართლე უბრალოა, ცარიელ-ტარიელაა, რაც არის - ის არის, არც მეტი და არც ნაკლები, ვერც შეკვეცავ და ვერც გაწელავ, ნალივით მარტივია და ნალივით გამოსადეგი, ოღონდ უნდა იცოდე მისი გამოყენება, როგორც ნალისა, რადგან ნალი ცხენს შუბლზე თუ მიაჭედე, დაასახიჩრებს და გააგიჟებს, ხოლო ფლოქვზე მოერგება და მოეხმარება კიდეც სიარულში.
***
მოწყალების მიღება საკუთარი უმწეობის აღიარებაა, ხოლო მოწყალების გაღება საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად სჭირდება ადამიანს.
***
ამ ქვეყანაზე ტყუილად არავინ არაფერს იძლევა, მაგრამ ძლიერია არა ის, ვინც იძლევა, არამედ ის, ვინც არ იღებს.
***
გაუზიარებელი ბედნიერება გაზიარებულ უბედურებაზე მწარეა.
***
კაცობრიობის ერთიანობას ერთ ქარგაზე მოჭრილი ნიფხავი კი არ განაპირობებს, არამედ დიადისკენ ერთნაირი მიდრეკილება, შექმნის მოთხოვნილება და უნარი.
***
ადამიანისთვის ნამდვილი ის არის, რასაც ეჩვევა ყოველდღიურად, თანდათანობით და სამუდამოდ.
***
გაუმართლებელი, გადამეტებული სიკეთე ბოროტებას აღვივებს მხოლოდ.
***
ადამიანი იმას კი არ ირჩევს, რაც მას უნდა, არამედ, იმას თანხმდება, რასაც თავეზე ახვევენ... ანდა იღუპება.
***
იმედის ანაბარა ცხოვრებას უიმედო ბრძოლა სჯობია.
***
თანაგრძნობა მხოლოდ იმისგან შეიძლება მიიღო, ვისაც შენს უბედურებასთან არაფერი ესაქმება, ვისი ხელიც არ ურევია შენს უბედურებაში.
***
რაც დრო გავა, უფრო მეტი და მეტი იქნება დასამახსოვრებელი, მაგრამ ყველაფრის დამახსოვრება უნდა შესძლოს კაცმა. უნდა შესძლოს! დავიწყება დამარცხებას ნიშნავს.