რვა ნარკოტიკული საშუალებისთვის ოდენობები ზუსტდება და ოდენობების გამოთვლის წესები იცვლება. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, საქართველოს კანონით „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ განსაზღვრული ცალკეული ნარკოტიკული საშუალების ოდენობები ზუსტდება. კანონის ცვლილებები წარმოადგენს 2013 წლიდან დაწყებული ნარკოპოლიტიკის რეფორმის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული დაბალანსებული და ლიბერალური მიდგომების დანერგვის პროცესის ლოგიკურ და ეტაპობრივ გაგრძელებას.
კომიტეტში აცხადებენ, რომ მოქმედ კანონმდებლობაში განსაზღვრული არ არის ნარკოტიკულ საშუალებათა გარკვეული ნაწილისთვის მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, რაც, თავის მხრივ, პრაქტიკაში და კანონის აღსრულების კუთხით ქმნის პრობლემას.
„ხშირ შემთხვევაში, სწორედ იმიტომ, რომ ნარკოტიკულ საშუალებას არ აქვს მცირე ოდენობა განსაზღვრული, მცირე ოდენობის შემთხვევაში პირი არ ექვემდებარება ადმინისტრაციულ სამართლებრივ სახდელს, იმთავითვე ხდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სუბიექტი, როგორც ეს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაშია გათვალისწინებული, და მის მიმართ გამოიყენება არაპროპორციული სასჯელები, ხშირ შემთხვევაში საპატიმრო სასჯელის სახით. ამდენად, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ნებისმიერი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის შემთხვევაში, პირი ექცევა სისხლის სამართლის მოქმედების სფეროში.
სწორედ ამ საკანონმდებლო ხარვეზის გამოსწორებისა და უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის დახვეწის მიზნით, მიმდინარეობდა მუშაობა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში. ამჟამად, მომზადდა და წარმოდგენილია საკანონმდებლო ინიციატივის სახით კანონპროექტი, რომელიც რვა ნარკოტიკული საშუალების ოდენობებს ახლებურად განსაზღვრავს. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე, ეხმიანება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას ნარკოტიკულ საშუალებათა ოდენობებთან დაკავშირებით.
საკანონმდებლო ცვლილების პროექტზე მუშაობა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში 2017 წლიდან მიმდინარეობდა და მასზე მუშაობდნენ დარგის ექსპერტები როგორც სახელმწიფო უწყებებიდან, ისე არასამთავრობო სექტორიდან“, – აცხადებენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში.
მათივე თქმით, მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები ზუსტად განისაზღვრება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორიცაა: ამფეტამინი, დეზომორფინი, ლიზელგინის მჟავა, მისი წარმოებულები და პრეპარატები, მათ შორის, ლიზერგიდი (ლსდ), მდმა, მეთკათინონი (ეფედრონი), მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი.
„ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობის საზომად აღებულ იქნა ნარკოტიკის ეპიზოდური მომხმარებლის მიერ მოხმარებულ ერთ დოზაზე მეტი ოდენობა, რომლის დათვლა თითოეული ნივთიერების შემთხვევაში ხდება სუფთა სუბსტანციის სახით; დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების გამოთვლის წესშიც შედის ცვლილება, რაც გულისხმობს, თითოეული ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების და გავლენის გათვალისწინებით, სუფთა სუბსტანციაზე დაყრდნობით ოდენობების გამოთვლას.
ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების ახალი წესით გამოთვლის შედეგად დაიხვეწება და მეტად განჭვრეტადი გახდება ნივთიერებათა ოდენობები დოზისა და თრობის ეფექტის გათვალისწინებით, რაც პროპორციული, სამართლიანი და ჰუმანური სასჯელების გამოყენების ლეგიტიმურ საფუძველს შექმნის. ოდენობათა დაანგარიშების მეთოდიკა დაეყრდნო, ერთი მხრივ, სამეცნიერო ლიტერატურასა და, მეორე მხრივ, ლაბორატორიული ექსპერტიზის პრაქტიკას, რაც გულისხმობს იმას, თუ როგორი სუბსტანციის ფორმით ხდება ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური ბრუნვიდან ამოღება და მათი ოდენობების გამოთვლა.
ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ნივთიერებათა ოდენობები გამოითვალა იმგვარად, რომ არ მოხდეს, ერთი მხრივ, მოხმარების და, მეორე მხრივ, ნარკორეალიზაციის წახალისება. ამასთან, ოდენობების განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული აღნიშნულ ნივთიერებათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საზიანო შედეგები“, – აცხადებენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში.
კომიტეტში ასევე აღნიშნავენ, რომ რომ 2013 წლიდან, ხელისუფლების მიერ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდა, რამაც ხელშესახები შედეგები მოიტანა ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბებისაკენ მიმავალ გზაზე და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით: გაიმიჯნა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკულ საშუალებათა ფლობისა და მათი გასაღებისათვის; სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღარ არის ვალდებული, პოლიციას შეატყობინოს ზედოზირების შემთხვევის თაობაზე, რაც ქმნიდა დიდ გამოწვევას პირთა ჯანრმთელობის დაცვის პროცესში; შემუშავდა და მიღებული იქნა საქართველოს კანონი „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“, რომელიც მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან ბრძოლის კუთხით; ლიბერალურ სანქციათა რეჟიმი იქნა შემოღებული მარიხუანის/მცენარე კანაფის შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და გადატანის და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის; ახლებურად განისაზღვრა მცენარე კანაფის, ნედლი და გამომშრალი მარიხუანის ოდენობები; 2020 წლის იანვარში გამოიცა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომლითაც დაფუძნდა ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი, რაც მნიშვნელოვანი ინსტიტუციური გარანტიაა ქვეყანაში მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვისა და ნარკოვითარების მონიტორინგის მიმართულებით; 2020 წლის მარტში საქართველო შეუერთდა ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფს (Pომპიდოუ Gროუპ), რაც, ასევე, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მისაღწევად გატარებულ რეფორმას უკავშირდება.