logo_geo
eng_logo
პროკურორი მიხეილ სადრაძე: ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ და საქმეზე ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერი არსებობს
- +

20 იანვარი. 2021. 15:02

 

 

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებაში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, დაკავებულებისთვის ბრალის დაზუსტების მიზეზი დანაშაულის მოტივი გახდა.

 

 

პროკურორის განცხადებით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ და საქმეზე ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი არსებობს, რომელის საქმის გამოძიების პროცესში მოიპოვეს და მის დემონსტრირებას საგამოძიებო უწყება უახლოეს მომავალში აპირებს.

 

„დღეს მოხდა ბრალდებულებისათვის ბრალის დაზუსტება და სწორედ დაზუსტებული ბრალის წარდგენის პროცედურები უნდა განხორციელდეს. რაც შეეხება ბრალის დაზუსტების საფუძველს, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, დავაანონსეთ, რომ მოტივი დადგენილი და გამოკვეთილი გვქონდა, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გასაჯაროებისგან თავს ვიკავებდით, რადგან ამ მიმართულებით დამატებითი ღონისძიებები მიმდინარეობდა, დღეს უკვე შესაძლებლობა გვაქვს, თავისუფლად ვისაუბროთ მოტივთან დაკავშირებით და საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ“, - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

 

მისი თმით, დადგენილია, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ განზრახ და ასევე დავალებების შესაბამისად, ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად საუბრობდნენ. რაც შეეხება მტკიცებულებებს, თუ რა ადასტურებს ამ გარემოებას.

 

„პირველი, ეს არის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, თუმცა, ყველაზე მთავარი, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებია, ეს არის აუდიო-ვიდეო მასალა, რომელიც პრაქტიკულად ვიზუალური დემონსტრაციაა, როგორც ამ გარემოების - მოტივთან დაკავშირებით, ასევე ყველა მნიშვნელოვანი გარემოების, რაც ბრალდებულების ქმედებებს ნარატივად გასდევდა. აქვე დაავაანონსებ, რომ უახლოეს მომავალში, ყველა ამ გარემოებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, ჩვენ ამის დემონსტრაციას მოვახდენთ, საზოგადოებას ამას ნათლად მივაწვდით და ეს უკვე პრაქტიკულად დოკუმენტური დესკრიპცია იქნება, საზოგადოებას ნათელი წარმოდგენა შეექმნება, როგორც ბრალდებულების მიერ განხორციელებულ ქმედებებთან, ასევე მოტივთან დაკავშირებით“, - განაცხადა სადრაძემ.

 

მისივე თქმით, ბრალდებულებთან შესაძლო დანაშაულებრივ შემხებლობაში მყოფი პირების გამოსავლენად გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

„ფარულ ვიდეო-აუდიო მასალაში მოტივზე, დავალებებთან დაკავშირებით, ყველაფერი ნათლად არის აღბეჭდილი და ამას უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარვუდგენთ და დემონსტრაციას მოვახდენთ. რაც შეეხება სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხს, მათ შორის, ბრალდებულებთან შესაძლო დანაშაულებრივ შემხებლობაში მყოფი პირების პასუხისმგებლობის საკითხს, ვაგრძელებთ გამოძიებას, გამოყოფილი საქმეა, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და აუცილებლად, როცა შესაბამისი შედეგები იქნება, ამასაც რა თქმა უნდა, საზოგადოებას მივაწვდით“, - განაცხადა სადრაძემ.

 

7 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

 

 

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

 

 

13 იანვარს პროკურატურამ დავითგარეჯას საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება.

 

 

https://imedinews.ge/ge/samartali/182434/prokurori-iveri-melashvili-da-natalia-ilichova-ganzrakh-zemdgomi-pirebis-davalebebis-shesabamisad-moqmedebdnen-da-saqmeze-paruli-audiovideo-chanatseri-arsebobs

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner