logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ნაციონალური ფაშიზმის ანატომია
- +

6 ივლისი. 2016. 15:38


 

 

აბუ-გრეიბი ქართულად

 

ნაციონალური ფაშიზმის ანატომია

 

თავი მეხუთე: „მოლაშვილის მარტვილობა"

 

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე სულხან მოლაშვილმა სამსახურში ერთი ახალგაზრდა კაცი მიიღო - პროფესიონალი, განათლებული, საქმის ერთგული.


მისი სახელი და გვარი - რომან ბოკერია.


ეს ახალგაზრდა ბიჭი სულხან მოლაშვილთან კარგა ხანს მუშაობდა, მაგრამ ერთხელაც არ დასცდენია, რომ გიგა ბოკერიას ნათესავი იყო.


მხოლოდ მას შემდეგ რაც ე.წ. ვარდების რევოლუცია მოხდა და ქვეყანას თავზე „ნაციონალური მოძრაობა" დააჯდა, რომან ბოკერია სულხან მოლაშვილთან მივიდა და გახარებულმა გაუმხილა - გიგა ბოკერია ჩემი ნათესავიაო.


მერე რა, იყოსო! - მშვიდად მიუგო მოლაშვილმა.


მაშინ რომან ბოკერიამ თავის უფროსს გახსნილად უთხრა, რომ გიგა ბოკერიას შეხვდა და ჰკითხა - ხელისუფლებაში მოსული ნაციონალები, რომლებსაც ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად აღარ მიაჩნდათ, სულხან მოლაშვილს რამეს ხომ არ უპირებდნენ?


გიგა ბოკერიამ თავის მოგვარეს და ნათესავს დასაპატიმრებელი ადამიანების სია აჩვენა, რომელშიც კონტროლის პალატის თავმჯდომარის გვარ-სახელიც ეწერა.


რომან ბოკერიასთან საუბარში გიგა ბოკერიამ ჩვეული ცინიზმითა და იქედნურობით აღნიშნა - მოლაშვილს კარგ საკანში მოვახვედრებთო.


ნაციონალური ფაშიზმის მიერ ქართულ აბუ-გრეიბში ნაწამები და ნაგვემი სულხან მოლაშვილი მოგვიანებით „ასავალ-დასავალისათვის" მიცემულ ინტერვიუში იტყვის:


„მე ყველაზე საშინელ საკანში ყველაზე კაცურად გავძელი, გიგა ბოკერიას კი არსად დაედგომება და ყველა საკანში იგივე ბედი ელის, რასაც მისი მითითებით სხვებს უკეთებდნენ საკნებში. მე ყველაზე საშინელი წამება გამოვიარე და დღეს კაცურად ვარ, გიგა ბოკერია ვერცერთ საკანს ვერ გაუძლებს, იმიტომ რომ არაკაცია!"

 

კაცი - სულხან მოლაშვილი - დღეს ცოცხალი აღარ არის.


ხოლო არაკაცი - გიგა ბოკერია - კვლავ პოლიტიკაში ყველყელაობს და ხელისუფლებაში დაბრუნებაზე აცხადებს პრეტენზიას!



***

რატომ გახდა სულხან მოლაშვილი ნაციონალური ფაშიზმის ერთ-ერთი უპირველესი სამიზნე?


იმიტომ, რომ მას ტომებად ელაგა „ფიურერ" სააკაშვილის მამხილებელი დოკუმენტები - კონტროლის პალატის დასკვნები - რომლებიც ფაქტებითა და ციფრებით ღაღადებდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოსული ნაცბელადი „რეფორმატორი და დემოკრატი ლიდერი" კი არა, ერთი კორუმპირებული და სახელმწიფო ბიუჯეტს მიმძღარ-მისუქებული მღრღნელი გახლდათ.


სულხან მოლაშვილის უწყების მიერ მიკვლეული მასალები იმ პერიოდებს შეეხებოდა, როცა სააკაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და შევარდნაძის მთავრობის იუსტიციის მინისტრი იყო.


კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც ქართულ აბუ-გრეიბში გამოვლილმა ჯოჯოხეთმა მორალურად გაანადგურა და ფიზიკური თვალსაზრისით, ნახევარ კაცად აქცია, 2012 წლის 2 ოქტომბერს „ასავალ-დასავალისათვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა:


„სააკაშვილმა თავისი ყროყინ-სიცილით, თითქოს „გააფარჩაკა" ეს მასალები, როცა თქვა, მოლაშვილმა 200 ლიტრი ბენზინის დანაკარგი მიპოვაო. არა, ბატონო, აქ იყო ასიათასობით ლარის დანაკარგი. დროშებითაც კი ფულს აკეთებდნენ. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი ვითომ ხუთჯვრიანი დროშების დასამზადებლად გამოყვეს, მაშინ, როცა ეს პარტიული დროშა იყო და არა - სახელმწიფო დროშა.

 

იქ იყო ასიათასობით ლარის მგზავრობისა და სამივლინებო ხარჯები. ჟურნალისტების წაყვანა და დასვენება სტრასბურგში, ოთხვარსკვლავიან სასტუმროში. შემდეგ ოთხვარსკვლავიან სასტუმროს თაკილობდნენ და გადადიოდნენ ხუთვარსკვლავიანში, კვირაობით რჩებოდნენ იქ. მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს თვეში გამოსდიოდა 50 ათასი ლარის სატელეფონო საუბარი.

 

იქ იყო სერიოზული მასალები პატიმართა ულუფის მითვისების შესახებ. სააკაშვილი პატიმრებს „ბალანდას" ართმევდა და თავად ჭამდა".

 

ხელისუფლებაში მოსულ სააკაშვილსა და მის „ვარდოსნებს" არანაირი არგუმენტები და კონტრმტკიცებულებები არ გააჩნდათ, რომ კონტროლის პალატის მიერ დადებული დასკვნები გაებათილებინათ.


არადა, კარგად იცოდნენ - სულხან მოლაშვილის ხელში არსებული დოკუმენტები ნამდვილი ბომბი იყო!


თანაც მოლაშვილი, თავისი ზნეობრივ-მორალური პრინციპებიდან გამომდინარე, ის კაცი არ იყო, სააკაშვილთან ამ დოკუმენტებით ვაჭრობა დაეწყო და ნაცებთან რაიმე ტიპის გარიგებაში შესულიყო.


დიახ, სააკაშვილმა იცოდა, რომ მოლაშვილს ვერ მოისყიდდა!


ამიტომაც შეიყვანეს იგი დასაჭერთა შავ სიაში!


დაიჭირეს კიდეც - სახელმწიფო სახსრების მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით.


ესეც ცინიზმი იყო - კონტროლის პალატის ხელმძღვანელს ზუსტად ის დანაშაული დააბრალეს, რომლის ჩადენაშიც თავად სააკაშვილს ამხელდა კონტროლის პალატის მიერ დადებული დასკვნა.


- იქნებ მოლაშვილი ციხით შევაშინო და გავტეხოო! - ფიქრობდა სააკაშვილი - ეს მშიშრობის, სიმხდალისა და გულდედლობის ცოცხალი სიმბოლო, რომელიც მოგვიანებით, მთელი მსოფლიოს დასანახავად, საკუთარ ჰალსტუხს დაღეჭავს და რუსული თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე ბუჩქებისაკენ მოკურცხლავს.

 


***

ნაციონალური ფაშიზმის ჯალათებმა სულხან მოლაშვილის წამება მისი დაპატიმრებისთანავე დაიწყეს!


პირველი ჯოჯოხეთი მას თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოუწყვეს.


სულხან მოლაშვილმა საკუთარი წამების დეტალები პირველად „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში გაიხსენა:


„ჩემი წამება მოხდა პირველივე ღამეს, როცა თბილისის მთავარი სამმართველოს შენობაში მიმიყვანეს. დამცირების გზით ჩემი მიყვანა არ გამოუვიდათ, რადგან პატრიარქის კურთხევის შემდეგ თავად მივედი იქ.

 

ამიხვიეს თვალები. ამას ახლდა ჩემი გინება. საკანში იყო დაახლოებით ათ კაცამდე, ასდიოდათ არყის სუნი. რამდენიმეწუთიანი მუქარისა და გინების შემდეგ ზურგზე ვიგრძენი საშინელი ტკივილი, ხოლო როცა დამწვრობის სუნიც ვიგრძენი, მივხვდი, რომ რაღაც საგნით მაყენებდნენ დამწვრობას. მერე თვითონვე თქვეს, რომ სიგარეტს მაქრობდნენ ზედ.

 

თვალები ახვეული მქონდა, თუმცა, ვხედავდი, როგორ მახვევდნენ ფეხის ტერფებზე გაზეთს. მასზე დაახვიეს ტელეფონის მავთულები, რომელიც შეუერთეს დენს. როგორც ჩანს, დენი გადამეტებული მოუვიდათ, რამაც გამოიწვია სისხლჩაქცევები. გონება რამდენჯერმე დავკარგე.

 

იმ პერიოდში, როცა გონს მოვდიოდი, მქონდა შეგრძნება, რომ თვალები ბუდიდან გადმომცვივდებოდა. ეს საშინელი შეგრძნებაა. ეს ყველაფერი ხდებოდა თავში წამორტყმით და შეფურთხებით.

 

როცა ვიღრიალე, გამაგებინეთ, რა გინდათ, იქნებ ხელს ვაწერ-მეთქი, მიპასუხეს, მაგასაც გეტყვით, მაგრამ ახლა ის მიიღე, რასაც იმსახურებო".

 

სულხან მოლაშვილისაგან ერთადერთ რამეს ითხოვდნენ - მას ჩვენებაში უნდა დაეწერა, რომ თბილისის საკრებულოსა და იუსტიციის სამინისტროში სააკაშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში არსებული დარღვევები, რომლებიც კონტროლის პალატამ გამოავლინა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა და მოლაშვილმა მხოლოდ შევარდნაძის პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა.


თუკი კონტროლის პალატის თავმჯდომარე ასეთ „აღიარებით ჩვენებას" მისცემდა, სააკაშვილის მამხილებელი დოკუმენტები ყოველგვარ იურიდიულ ძალასა და მნიშვნელობას დაკარგავდა და ფარატინა ფურცლებად გადაიქცეოდა.


მოკლედ, სულხან მოლაშვილს აიძულებდნენ, კანონის, სამართლის, საკუთარი სინდისისა და ღირსების წინააღმდეგ წასულიყო!


სულხან მოლაშვილმა უსასტიკეს წამებას გაუძლო და კანონის, სამართლის, საკუთარი სინდისისა და ღირსების წინააღმდეგ არ წავიდა.


- ღვთის წყალობით, მეყო ძალა, რომ ეს არ გამეკეთებინა. პირიქით, მათგან ეს მოთხოვნა რომ მოვისმინე, სიცილით მოვკვდი! - იტყვის სულხან მოლაშვილი 4 წლის წინათ ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში.



***

სულხან მოლაშვილის წამება პოლიციის მთავარ სამმართველოში არ დასრულებულა - ციხეში გადაყვანის შემდეგაც გაგრძელდა.


იგი კარცერის ტიპის პატარა, ბნელ საკანში მოათავსეს, სადაც არც განათება იყო, არც წყალი და პატიმარს სკამიც კი არ ჰქონდა, რომ ჩამომჯდარიყო.


ევროსაბჭოს წარმომადგენელმა მათიას იორშმა, რომელმაც სულხან მოლაშვილი საპყრობილეში მოინახულა, იქ ნანახით აღშფოთება ვერ დამალა და განაცხადა - რასაც მოლაშვილის მიმართ აქვს ადგილი, ეს არის ვანდალური მოპყრობა, რომლის მსგავსიც მთელი ჩემი პრაქტიკის განმავლობაში არ შემხვედრიაო!


ნაწყვეტი 2012 წელს „ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული სულხან მოლაშვილის ინტერვიუდან:


„ჩემი წამება მარტო ეს დამწვარი ზურგი კი არ იყო, წამება იყო ის პირობებიც, რაც ელენე თევდორაძემ, მათიას იორშმა, კირილოვმა და სხვებმა ნახეს იმ ჯურღმულებში, სადაც არც ქაღალდი მქონდა, არც - კბილის ჯაგრისი, არც - წყალი, არც - ელექტროდენი, არც - სიგარეტი, არც - ასანთი და არც - ჰაერი. იყო მხოლოდ საშინელი სიმყრალის სუნი. კირილოვს გული შეუწუხდა და წაიყვანეს. მათიას იორშმა თქვა, ასე ღორებს არ ექცევიანო!"

 

ძვირფასო მკითხველო, შეგახსენებთ, რომ ეს ხდება 2004 წელს, მაშინ, როცა ნაცხროვა ხელისუფლებაში სულ რამდენიმე თვის მოსულია.


ნაციონალურ ფაშიზმს, რომელიც ქართული აბუ-გრეიბის შექმნას ის-ის იყო იწყებდა, ჯერ კიდევ არ ჰქონდა ათვისებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ის ხერხები, რომლებიც შემდგომ დაისწავლეს და ათასობით პატიმრის წინააღმდეგ „წარმატებით" გამოიყენეს - გაუპატიურება ცოცხით, რეზინის ხელკეტითა და სკამის ფეხით, ადამიანების იძულება, დაელიათ საკუთარი შარდი, უკანალში შეერჭოთ სიგარეტი, მერე კი გამოეღოთ და მოეწიათ...


ამიტომაც იყო, რომ სულხან მოლაშვილის წამება „ტრადიციული მეთოდით" - შიშველ ტანზე სიგარეტის მიწვითა და ელექტროდენის მეშვეობით განახორციელეს.


სულხან მოლაშვილის წამება იყო პირველი სერიოზული სიგნალი, რომელსაც ქართველი საზოგადოება უნდა მიეხვედრებინა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ნეოფაშისტები მოვიდნენ!


ნათქვამია, სახარე ხბოს სასკორავში შეეტყობაო, სააკაშვილის რეჟიმსაც სულხან მოლაშვილის წამებაზე ეტყობოდა, რომ საქართველოს ნაციონალური ფაშიზმის ჰეგემონია მყარდებოდა!


ძალას იკრებდა რეჟიმი, რომლისთვისაც ადამიანი, როგორც ღვთის სახე და ხატი, არავითარ ფასეულობას არ წარმოადგენდა!


კლანჭებს აჩენდა სახელმწიფო მმართველობა, რომლისთვისაც ადამიანის უფლებებს, მის ღირსებასა და მორალურ-ზნეობრივ დვრიტას გახვრეტილი შაურიანის ფასიც არ ჰქონდა!



***

სულხან მოლაშვილმა პირდაპირ დაადო ხელი მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირებს, რომლებიც მის წამებაში მონაწილეობდნენ - გიგა ბოკერიას, ზურაბ ადეიშვილსა და თბილისის პროკურორ ვალერი გრიგალაშვილს.


მოლაშვილს წამების დროს თვალები ახვეული ჰქონდა, მაგრამ ისინი ხმებით იცნო.


გიგა ბოკერიამ, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღეებიდანვე იქადნებოდა და ანგლობდა, მოლაშვილს ციხეში კარგ საკანს გამოვუყოფთო, ხელიდან არ გაუშვა შანსი, კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის წამებით პირადად მიეღო სიამოვნება.


ძვირფასო მკითხველო, არ არის გამორიცხული, რომ სულხან მოლაშვილის წამება ვიდეოფირზე გადაეღოთ და შემდეგ კადრები სააკაშვილისათვის ეჩვენებინათ, რათა მანიაკი ნაცბელადი იმის ყურებით დამტკბარიყო, თუ როგორ გვემდნენ და ტანჯავდნენ ადამიანს, რომელმაც იგი კორუფციასა და ბიუჯეტის ქურდობაში ამხილა.

 

 

***

სულხან მოლაშვილმა ნაციონალური ფაშიზმის მიერ შექმნილი ქართული აბუ-გრეიბი 2007 წლის დეკემბერში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ძალისხმევით დატოვა.


დიახ, მოლაშვილი, პატრიარქის თხოვნითა და შუამდგომლობით, ნინო ბურჯანაძემ შეიწყალა, რომელიც იმხანად საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.

 

ციხიდან გამოსული სულხან მოლაშვილის ცნობა ოჯახის წევრებსა და ახლობლებსაც კი უჭირდათ, რადგან მთასავით ახალგაზრდა კაცი ფიზიკურად განახევრებული და დაჩაჩანაკებული იყო.


სულხან მოლაშვილი სააკაშვილის აბუ-გრეიბში ჯანმრთელი და საღ-სალამათი შევიდა, იქიდან კი C ჰეპატიტით დაავადებული და მძიმედ დასნეულებული გამოვიდა!

 

სულხან მოლაშვილი იყო ცოცხალი მაგალითი და სიმბოლო იმისა, თუ რა ემართებოდა თავისუფალ და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს ნაციონალური ფაშიზმის პირობებში.


ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, სულხან მოლაშვილს სამართლიანობისთვის ბრძოლა არ შეუწყვეტია!

 

იგი წლების განმავლობაში ელოდებოდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას და მოჯაყჯაყე ურემზე დასკუპებული სამართალი, როგორც იქნა, მოვიდა.

 

 დიახ, 2014 წელს სტრასბურგის სასამართლომ სულხან მოლაშვილი ევროკონვენციის 4 მუხლით გაამართლა და დაადგინა, რომ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის მიმართ ადგილი ჰქონდა წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ პატიმრობას, უსამართლო სასამართლოს, დისკრიმინაციასა და ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან მისი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას.

 

ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას სულხან მოლაშვილისათვის კომპენსაციის სახით 20 ათასი ევროს გადახდა დააკისრა, თუმცა, არათუ 20 ათასი, არამედ 20 მილიონი ევროც  კი ვერ აანაზღაურებდა იმ ტკივილს, ტანჯვა-წამებასა და ფიზიკურ-მორალურ ზიანს, რაც ნაციონალური ფაშიზმის ჯალათებმა მოლაშვილს ქართულ აბუ-გრეიბში განაცდევინეს.


ერთადერთი თანაზომადი საზღაური ის იქნებოდა, რომ ქართულ მართლმსაჯულებას მთელი სიმკაცრით დაესაჯა ყველა, ვინც სულხან მოლაშვილის უკანონო პატიმრობისა და წამების ორგანიზება-შესრულებაში მონაწილეობდა.

 

 სულხან მოლაშვილი ამას ელოდებოდა!


სულხან მოლაშვილი ამას ითხოვდა!


სულხან მოლაშვილი ამისათვის იბრძოდა!


თუმცა, სულხან მოლაშვილი ისე განეშორა ამ მოკლე წუთისოფელს, რომ სამართლიანობის აღდგენას ვერ ეღირსა!

 

სამართლიანობის აღდგენა კი არა, სააკაშვილ-კუბლაშვილის ჯიბის სასამართლოს ერთ-ერთი მთავარი ზონდერ-მოსამართლე ლევან მურუსიძე, რომელმაც სულხან მოლაშვილის პოლიტიკურ განაჩენს ხელი მოაწერა და უდანაშაულო კაცი 8 წლით ციხეში გაუშვა, ახალი ხელისუფლების პირობებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აღზევდა და სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეობაც გაიფორმა!


აი, ეს მიიღო სულხან მოლაშვილმა, რომელსაც სამართლიანობის აღდგენის იმედი ჰქონდა!


აი, ეს მიიღო საქართველომ, რომელმაც „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში სამართლიანობის აღსადგენად მოიყვანა!



***

სულხან მოლაშვილი აღარ არის!

 

მისი მარტვილი სიცოცხლე საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში შეწყდა!

 

სულხან მოლაშვილი ნაციონალურმა ფაშიზმმა მოკლა!

 

ქართული მიწა, რომელიც სულხან მოლაშვილს გულზე აყრია, ნაცფაშისტების ფეხქვეშ უნდა იწვოდეს!

 

საქართველოში, სადაც არსებობს სულხან მოლაშვილის საფლავი, არ შეიძლება, არსებობდეს „ნაციონალური მოძრაობა"!


ეს ქართველი ერის ღირსების საქმეა!

 

 

 

ჯაბა ხუბუა

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner