„პირველივე დღიდან, როგორც კი ვაქცინაზე კომუნიკაცია გახდა შესაძლებელი, როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, ასევე „კოვაქს“ პლატფორმასთან, ასევე ყველა მწარმოებელთან, საქართველო ჩართული იყო ამ მოლაპარაკებებში“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ვერ დაეთანხმება ოპონენტებს, რომლებიც იძახიან, რომ ვაქცინაზე კომუნიკაცია დაგვიანებული იყო.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მითითებული იყო, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ვაქცინაზე კომუნიკაციის წრედი, რაც ბევრმა ქვეყანამ დაარღვია და სხვადასხვა მწარმოებელთან პირდაპირ გავიდა კონტაქტზე. ამით მათ არა ვაქცინა, არამედ ძალიან დიდი უკმაყოფილება და საყვედური მიიღეს საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, რადგან ეს არღვევს იმ სოლიდარობის პრინციპს, რომელზეც არის საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმებული. ვერ დავეთანხმები ჩვენ ოპონენტებს, რომლებიც იძახიან, რომ დაგვიანებული კომუნიკაციაა. ჩვენ ვფლობთ ყველა აქტუალურ ინფორმაციას და იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებლობა და თანხმობა იქნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან, რომ ჩვენ სხვა დონორი ორგანიზაციიდან, ან პარტნიორი სახელმწიფოებიდან მივიღოთ ვაქცინა, ჩვენ მზად ვართ და გვაქვს შესაბამისი კომუნიკაცია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობის ვაქცინის მიღებას ელოდა, ვერ მიიღეს ის შესაბამისი მოცულობა და ისიც აღსანიშნავია, რომ ვაქცინებთან დაკავშირებით ძალიან არაერთგვაროვანი ინფორმაცია არსებობს. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ჩვენ უნდა დავეყრდნოთ ყველაზე სარწმუნო, უსაფრთხო და სტაბილურ ინფორმაციასა და ყველაზე სარწმუნო გზას, რითაც დარწმუნებული ვიქნებით, რომ არ მივიღებთ ფალსიფიცირებულ პროდუქტს, ან არ მივიღებთ მხოლოდ დანაპირებ პროდუქტს, რომელიც საბოლოო ჯამში დათქმულ დროსა და თარიღზე არ ჩამოვა საქართველოში, არამედ ზუსტად გვეცოდინება თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი გამჭვირვალედ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.