logo_geo
eng_logo
ანი მიროტაძე: რეალურად, საკითხი დგას ძალიან მარტივად!
- +

3 მარტი. 2016. 16:25



1 მარტს ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ გამოაქვეყნა მოხსენება საქართველოს შესახებ, სადაც იძლევა რეკომენდაციას, გადაიდგას ნაბიჯები ლგბტ პირთა წინააღმდეგ მიმართულ შეუწყნარებლობასა და დისკრიმინაციასთან საბრძოლველად.


ევროპული კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებას აუცილებლობად არ მიიჩნევს დეპუტატი ანი მიროტაძე. როგორც მან „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა, სახელმწიფოს დისკრეციაა, თავად გადაწყვიტოს, როგორ მიუდგეს ამა თუ იმ აქტუალურ საკითხს.


„შესაძლოა, ეს მითითებაა, მაგრამ სახელმწიფო იმიტომ არსებობს, რომ თავად მიიღოს გადაწყვეტილება, საკუთარი ცხოვრების წესიდან გამომდინარე. ის, რაც შეიძლება გამოდგეს სხვა ქვეყანაში, შესაძლოა, ვერ გამოდგეს საქართველოში. თუ არის ძალზედ აქტუალური საკითხი, სახელმწიფო ვალდებულია, საკუთარ მოქალაქეებს შეეკითხოს აზრი და განახორციელოს ფართო დისკუსიები ამა თუ იმ თემაზე. რასაც გადაწყვეტს უმრავლესობა, სწორედ ეს იქნება უფრო მნიშვნელოვანი მითითება და არა ის, ვინ რა რეკომენდაციას იძლევა. რეკომენდაცია არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ასე უნდა იყოს! მთავარია, შენ როგორ მიიღებ - ან უარს იტყვი, ან ნაწილს გაითვალისწინებ. რეკომენდაციის გამცემებმაც სახელმწიფოს უნდა დაუტოვონ უფლება, გადაწყვეტილებები მიიღოს თავად კონკრეტულმა ქვეყანამ", - განაცხადა მიროტაძემ.

 

რაც შეეხება ლგბტ პირების და მათთან დაკავშირებული სპეციალური პროგრამების დანერგვას საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მიროტაძის თქმით, ადამიანებს, რომლებიც ლგბტ საკითხების პროპაგანდის წინააღმდეგნი არიან, სრული უფლება აქვთ საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატონ ამ თემის პროპაგანდის წინააღმდეგ.


„კარგად მესმის იმ მოწინააღმდეგე ადამიანების შიშები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შესაძლოა, პროპაგანდამ მომავალ თაობაში გარკვეული გამოვლინება ჰპოვოს. მესმის მშობლის შიშები, მათ სურთ დაიცვან თავიანთი შვილები. მგონია, რომ არასწორად და დამახინჯებულად არის გაგებული, თითქოს საქართველოში ვინმე ვინმეს ებრძვის თავისი სექსუალური ორიენტაციის გამო. უბრალოდ, ადამიანები არიან საკითხის პროპაგანდის წინააღმდეგნი, რაც ისეთივე უფლებაა ადამიანის, როგორიც მაგალითად, იყო ლგბტ თემის წევრი... ის, რომ ლგბტ პირს აქვს თავისი ცხოვრების წესი, ეს არავის საქმე არაა. მთავარია, მან ამით არ შეუქმნას პრობლემა სხვა ადამიანებს. ვფიქრობ, არასწორად ხდება თემის ინტერპრეტირება, ვისაც როგორ აწყობს ისე. საკითხი რეალურად დგას ძალიან მარტივად. ადამიანები, რომლებიც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგნი არიან და ამბობენ, რომ სურთ საკუთარი შვილების დაცვა, ისინი არ არიან ამ ადამიანების წინააღმდეგნი, ისინი პროპაგანდის წინააღმდეგნი არიან. პროპაგანადა კი როგორიც არ უნდა იყოს, მაინცდამაინც მისაღები არაა. ეს ლგბტ თემს ეხება თუ კიდევ სხვა უმცირესობებს, როცა სხვა ადამიანის უფლება ირღვევა ამ პროპაგანდით, იმ სხვა ადამიანს აქვს სრული უფლება გამოხატოს საკუთარი პოზიცია. ამაში საოცარს ვერაფერს ვხედავ. ვინმე თუ ჰომოსექსუალია, ეს მისი უფლებაა, მაგრამ ის, რომ მე ვიყო პროპაგანდის წინააღმდეგი, ეს ჩემი უფლებაა. ამ უფლებებს ვერავინ ვერავის ვერ წაართმევს", - აცხადებს მიროტაძე.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner