„ეს არის უმთავრესი მიღწევა, რომელსაც ჩვენ, ლოგიკურია ველოდით, რადგან გვესმის, რომ სამართალი ჩვენს მხარესაა და სტრასბურგის სასამართლომ ზუსტად ეს დაადასტურა“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხდა.
მისი თქმით, იმას, რომ საქართველო მართალი იყო, სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადასტურება სჭირდებოდა.
„ეს მარტივად არ მოხდებოდა, ამაზე იყო მუდმივი მუშაობა იუსტიციის სამინისტრის მხრიდან. როგორც პრემიერმაც თქვა, ფაქტობრივად 12 წლის განმავლობაში, ომის შემდგომი პერიოდიდან მიდიოდა მუშაობა ყველა იმ ადამიანის მხრიდან, ვისაც ეს ეხებოდა. დეოკუპაცია არის ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევა ეკონომიკის აღდგენასთან ერთად. ამიტომ, დიპლომატიური რესურსების მაქსიმალურად გამოიყენა და საერთაშორისო ასპარეზზე გააქტიურება, მით უმეტეს ასეთი გადაწყვეტილების ფონზე ძალიან ლოგიკურია“, – განაცხდა დავითაშვილმა.
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.