logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: დღევანდელმა ვიზიტმა კონკრეტული შედეგები მოიტანა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით
- +

6 ივლისი. 2016. 16:15


 

„მოხარული ვართ, ვუმასპინძლოთ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საქართველოში. ჩვენთვის უდიდესი პატივია მისი სტუმრობა და ძალიან ვაფასებთ, პირადად მისი, აშშ-ის მთავრობის და ამერიკელი ხალხის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.


კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ჯონ კერის ვიზიტი NATO-ს ვარშავის სამიტის წინ, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


„ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ამერიკის დამოუკიდებლობის დღე, რომელიც ორი დღის წინ გახლდათ და ჩვენ ერთად ვიზეიმეთ აქ, თბილისში.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში არის ორი ქვეყნის აქტიური სტრატეგიული თანამშრომლობის და პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება. ამასთან, ბატონი კერის ვიზიტი, NATO-ს ვარშავის სამიტის წინ წარმოადგენს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე.

 

სხდომაზე განვიხილეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი საკითხები. შევაჯამეთ ქარტიის ფარგლებში მიმდინარე წელს ჩატარებული სამუშაო ჯგუფების საქმიანობა, ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკის და ასევე დემოკრატიის და მმართველობის მიმართულებით. დავსახეთ წლის ბოლომდე დაგეგმილი თავდაცვის და უსაფრთხოების, ასევე ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფების საქმიანობის პრიორიტეტები", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


აქვე პრემიერმა აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ გაფორმებულ მემორანდუმზეც გამაახვილა ყურადღება:


„დღევანდელმა ვიზიტმა კონკრეტული შედეგები მოიტანა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით. კერძოდ, ხელი მოვაწერეთ მეტად მნიშვნელოვან დოკუმენტს, საქართველოსა და აშშ-ის შორის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს. მემორანდუმი ქმნის გაღრმავებული პარტნიორობის სრულიად ახალ ჩარჩოს და მოიცავს თანამშრომლობის იმ სფეროებს, რომლებიც კრიტიკულია საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისათვის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner