„გილოცავთ, დღეს ისტორიული დღეა - ჩვენი საერთო გამარჯვების დღე, სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ომის საქმეზე გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ისტორიული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსთვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის.
„მადლობა ჩვენს გუნდს, განსაკუთრებით თეა წულუკიანს და გოჩა ლორთქიფანიძეს, მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.