სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, იქიდან გამომდინარე, რომ საქმის მასალების არსებითი განხილვის მომენტისთვის, ანუ 2018 წლის 23 მაისის მდგომარეობით, ქართული წარმოშობის მოქალაქეებს ოკუპირებულ რეგიონებში საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაბრუნების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არ ეძლეოდათ, კონვენციის მეორე მუხლი დაირღვა და ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დაეკისრა.
„სასამართლოსთვის ხელმისაწვდომი სხვადასხვა წყაროს ინფორმაცია თანმიმდევრული იყო, იმასთან დაკავშირებით, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „ხელისუფლებამ“ უარი თქვეს ეთნიკურად ქართველებისთვის თავის საცხოვრებელ სახლებში დაბრუნების უფლება მიეცათ. ჟენევაში მოლაპარაკებები პოლიტიკური გადაწყვეტის პოვნის მიზნით მიმდინარეობდა. ამასთანავე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციას, რომელიც ამ რეგიონებზე ეფექტური კონტროლის ბერკეტებს ფლობდა, კონვენციის მიხედვით, ჰქონდათ ვალდებულება, რომ ქართული წარმოშობის მოსახლეობისთვის თავის საცხოვრებელ სახლებში დაბრუნების უფლება მიეცათ.
სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლს. გარემოება, რომლის მიხედვითაც, ქართული წარმოშობის მოქალაქეებს თავის საცხოვრებელ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა არ ეძლეოდათ, 2018 წლის 23 მაისის მდგომარეობითაც შენარჩუნებული იყო, ანუ არსებული საქმის არსებითი განხილვისას. აქედან გამომდინარე, სახეზე იყო კონვენციის მეორე მუხლის დარღვევა, სულ მცირე, 2018 წლის 23 მაისამდე, რაზეც პასუხისმგებელი რუსეთის ფედერაცია იყო“, - ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დასკვნით ნაწილში.