საქართველოს პროკურატურამ კიდევ ერთი ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც დავითგარეჯას საქმეზე ბრალდებული ნატალია ილიჩოვა, სავარაუდოდ, ტელეფონზე საუბრობს.
აუდიოჩანაწერში ილიჩოვა მამაკაცს ესაუბრება, რომლის ვინაობაც უცნობია. ჩანაწერში ილიჩოვა ამბობს, წინასწარ რომ სცოდნოდა, კომპიუტერს სახლიდან გაიტანდა.
პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული ჩანაწერი დავითგარეჯას საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზეა მომზადებული.
დიალოგი, რომელიც ნატალია ილიჩოვასა და უცნობ მამაკაცს შორის შედგა:
„ნატალია ილიჩოვა – მე რომ წინასწარ მცოდნოდა, სახლის კომპიუტერს გამოვიტანდი სახლიდან, მე შემეძლო ეს გამეკეთებინა ხომ?
მამაკაცი – არ თქვა, არ თქვა ხმამაღლა ეგ, არ შეიძლება;
ნატალია ილიჩოვა – იქ ძალიან ბევრი საარქივო მასალა იყო, ძალიან ბევრი;
მამაკაცი – იქ არის ისეთი რამე, არ ვიცი, რომ ვინმემ ნახა?
ნატალია ილიჩოვა – იქ არის აზრები, იქ არის მოსაზრებები
მამაკაცი – ვისი აზრები, მოსაზრებები?“
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დავითგარეჯას საქმეზე ფარული ვიდეო და აუდიო მასალა გაავრცელა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, პროკურატურამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების საქმეზე გამოძიება დაასრულა და საქმე განსახილველად საქალაქო სასამართლოს გადაეცა.