რას ნიშნავს ტერმინი - სამართლიანობის აღდგენა და შეიძლება თუ არა სამართლიანობის შენება საძირკველზე, რომელსაც უსამართლობა ჰქვია?! რატომ აქვს მედალს მხოლოდ ერთი მხარე და რა ჰქვია იმ ყულაბას, რომელიც სააკაშვილმა „გახსნა" ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში?
ევროკომისიის აპარატის სამუშაო დოკუმენტში შავით თეთრზე წერია: სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტის კომპეტენციას წარმოადგენს სამართალწარმოების პროცესის ისეთი დარღვევების გამოძიება და აღკვეთა, რომლებსაც ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღევა შეუძლიათ გამოიწვიონ, წამება, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა და დასჯა და ქონების უკანონოდ ჩამორთმევა.
სამწუხაროდ, აღნიშნული დეპარტამენტი ნელი ტემპით მუშაობს, მიზეზი, მათი განმარტებით, საჩივრების სიმრავლეა. იმედგაცრუება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული განაჩენების 99% უკანონოა, საკანონმდებლო ბაზა ბუნდოვანი, საქართველოს სახელით გამოტანილ უკანონო განაჩენებზე კი სახელმწიფოს არ სურს, პასუხისმგებლობა აიღოს.
სახელმწიფოსგან დაზარალებული ხალხი ამაოდ ელოდება სამართლიანობის აღდგენას.
„ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ შესწავლილი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფოს სასარგებლოდ, ჩუქების ხელშეკრულებით, გადაცემული ან მიტოვებული ქონების სიმრავლე გვხვდება შემდეგ მუნიციპალიტეტებში: გარდაბანი - 477, აბაშა - 116, ბათუმი - 97, ჩოხატაური - 84, ხელვაჩაური - 76, მცხეთა - 65, ხონი - 48, ხოლო საკუთრივ თბილისში 2004-2012 წლებში დაფიქსირებულია ქონების დათმობის 589 შემთხვევა. ორგანიზაციამ შეისწავლა 2000-2003 წლებში არსებული მდგომარეობაც, სადაც სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების დათმობის მხოლოდ ერთი შემთხვევა ფიქსირდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით, 2012-დან 2015 წლის პირველ იანვრამდე პროკურატურაში 52 530 საჩივარი და განცხადება შევიდა. აქედან, ჯერჯერობით, იძულებით დათმობილი ქონება მხოლოდ 9 პირს დაუბრუნდა (შესაშური ტემპია!)
2015 წლის 4 მარტს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ქონების უკანონოდ ჩამორთმევის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს გადახდის სხვადასხვა ალტერნატივას შესთავაზებს. მინისტრმა იქვე განმარტა, რომ შესაბამისი თანხა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდში ირიცხება (ნოდარ ხადურის ტყუილიც აღარ უკვირს ხალხს!).
თუმცა, მთავარ პროკურატურაში ვერ აკონკრეტებენ, მოქალაქეთა ანაზღაურების საკითხი აღსრულების ფონდიდან განხორციელდა თუ არა.
როგორ დაიწყო „სამბა"?!
სააკაშვილის დემოკრატია მთლიანობაში ფასადურ ხასიათს ატარებდა, ფასადური იყო ის საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომელთა მიღებით „ნაციონალური" რეჟიმი ახერხებდა წარმატებისა და რეფორმების იმიტაციას. ბიზნესის კეთების სიიოლე, რომლითაც დღესაც ტრაბახობენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, მხოლოდ სამეწარმეო სუბიექტის ადვილად დარეგისტრირებას გულისხმობდა. ანუ ბიზნესის წამოწყება იოლი იყო, მაგრამ მისი რეალურად განხორციელება - შეუძლებელი. მანამდე არსებული არაერთი წარმატებული ბიზნესი ხშირად საკანონმდებლო უზრუნველყოფის გზით ან პირდაპირი ძალადობით, ან „ნაციონალებთან" დაახლოებულ პირებს გადაეცემოდა, ან სახელმწიფოს. კურიოზულია ფაქტები, როდესაც დაკავებული თუ დაპატიმრებული ბიზნესმენები ღამის საათებში ერთსა და იმავე ნოტარიუსთან „ნებაყოფლობით" აფორმებდნენ საკუთარ ქონებას და კომპანიებს „დემოკრატიის შუქურის" მშენებლებისთვის. სამწუხაროდ, 2003-2012 წლებში დაზარალებულ ბიზნესმენებს, ისევე როგორც პოლიტიკური ნიშნით დევნილებს, არც საკუთარი ქონება დაბრუნებიათ და არც რაიმე სახის კომპენსაცია მიუღიათ.
ცალკე აღნიშვნის ღირსია რეპრესიული მანქანის ჩამოყალიბება, რომელსაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები „პოლიციის წარმატებულ რეფორმას" უწოდებენ. „დემოკრატიის" მშენებლობის კვალდაკვალ, საქართველო მსოფლიო ჩემპიონი გახდა ერთ სულ მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით! პრაქტიკულად, არ დარჩენილა არც ერთი ოჯახი, რომელსაც ამა თუ იმ სახით არ შეეხო სახელმწიფოს რეპრესიული მანქანა. ვისაც წასართმევი არაფერი ჰქონდა, სააკაშვილმა უბრალოდ „ჩარეცხა", ხოლო უნივერსიტეტები „კმარას" წევრებით გაავსო. უნივერსიტეტის ავტონომია ფიქციად იქცა, „ნაციონალებს" იგი მხოლოდ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაახსენდათ, როცა ძალაუფლება გამოეცალათ და საკუთარი კადრების შესანარჩუნებლად სახელმწიფოს ჩაურევლობის პრინციპი ერთადერთ იმედად დარჩათ.
ასეთივე კურიოზული და ცინიკურია „ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო წარმომადგენლობის განცხადებები „კორუფციის დამარცხების" შესახებ; შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლებს ოცნებაც კი არ შეეძლოთ ისეთ თანხებზე, რომელთა მითვისებაც სულ მოკლე ხანში სხვადასხვა გზებით შეძლო „ნაცმოძრაობამ" „ვარდების რევოლუციის" 2003 წლის 23 ნოემბერს საქართველოში განხორციელდა ხელისუფლების ძალადობით შეცვლა, რომელიც შემდეგ მოინათლა „ვარდების რევოლუციად". ხელისუფლების ცვლის რევოლუციურმა გზამ თავისი კვალი დააჩნია საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონმდებლობას და, მათ შორის, პირველ რიგში, კანონმდებლობას „პოლიციის შესახებ", სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებს.
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადა უგრძელდება საქართველოს 1999-2003 წლების პარლამენტს (მე-5 მოწვევა) და იწყება გაუთავებელი ცვლილებებისა და დამატებების შეტანა მოქმედ საკანონმდებლო აქტებში. პირველი, რაც გაკეთდა, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მოხდა ცვლილებებისა და დამატებების შეტანა საქართველოს კონსტიტუციაში 2004 წლის 6 თებერვლის კონსტიტუციური კანონით, ხოლო ძალაუფლების კონსტიტუციური გზით განმტკიცების შემდეგ იწყება კანონმდებლობის „მორგება" იმ პოლიტიკურ სურვილებზე და ამბიციებზე, რომლებიც გააჩნდათ ხელისუფლებაში მოსულ „ახალგაზრდა რეფორმატორებს."
2003-2012 წლების განმავლობაში ქართულ სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები და დამატებები აშკარად განპირობებული იყო იმ პოლიტიკური შეკვეთით, რომელსაც აყენებდა ახალი ხელისუფლება, კერძოდ, მზადდებოდა ფართომასშტაბიანი რეპრესიული ღონისძიებები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ პირველი, რაც ამ მიმართულებით გაკეთდა, იყო ის, რომ საკანონმდებლო წესით გადაწყდა ორი კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე ფონდის შექმნა: „პროკურატურის ინსტიტუციური განვითარების ფონდი" და „თავდაცვის ფონდი" საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან.
სწორედ ეს ორი ფონდი იქცევა მომავალში ერთგვარ „ყულაბებად", რომლებშიც დაილექება სასამართლო-საგამოძიებო ექსპროპრიაციის ან ჩვეულებრივი სახელმწიფო რეკეტის გზით ბიზნესის წარმომადგენლებისა და ყოფილი ჩინოვნიკების ჩამორთმეული ქონება. რა რაოდენობის თანხებია მობილიზებული 2004-2008 წლებში ორივე ფონდში, საზოგადოებამ არ იცის. არსებობს მხოლოდ ვარაუდი, რომ საუბარია მილიარდობით ლარზე, რომელიც აბსოლუტურად უკონტროლოდ იხარჯებოდა იმდროინდელი ხელისუფლების მიერ და არავითარ ინფორმაციას არც საკანონმდებლო ხელისუფლება და არც კონტროლის პალატა ამ ფონდებთან დაკავშირებით არ ფლობდა.
ვინაიდან ფონდები კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით იყვნენ წარმოდგენილი, არავითარ ინფორმაციას ფონდების ხელმძღვანელები არ გასცემდნენ არც მასმედიაზე, არც საქართველოს პარლამენტის წევრებზე და არც არავიზე; ასეთი „სრული გამჭვირვალობის" პირობებში იფუნქციონირა ორივე ფონდმა, რომლებშიც შედიოდა „ნებაყოფლობითი" შეწირულობანი.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ უკვე სამ წელზე მეტია, რაც ხელისუფლების ცვლა მოხდა საქართველოში, მაგრამ ვერავინ ვერ შეძლო გაეგო, თუ რა ხდებოდა ზემოაღნიშნულ კერძო სამართლის იურიდიული პირების სტატუსით მოქმედ ფონდებში. გაუგებარია, ვის და რა მიზანს ემსახურებოდა 2005 წელს საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შექმნა. პროკურატურის და თავდაცვის ფონდში, ძირითადად, თანხები იყრიდა თავს. ძვირფასი ნივთები, ავტომობილები და სხვა მატერიალური სიკეთეც იყო „ჩამოსაწერი", ამიტომაც შექმნეს აღნიშნული სააგენტო. თუმცა თავიდან მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად ჩამორთმეული და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვა, შენახვა, შეფასება, განკარგვა, განაწილება, რეალიზაცია ან განადგურების ღონისძიებათა კოორდინაცია და აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების მოწესრიგება ევალებოდათ.
2009 წელს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, დებულებაში საინტერესო ცვლილება მოხდა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შედეგად ჩამორთმეულ და სახელმწიფო საკუთრებაში მოქცეულ ქონებას, დებულებაში ცვლილების შედეგად დაემატა-
„სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეული ნივთის, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა ნივთის, რომელიც კანონის თანახმად ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევას".
დამაფიქრებელია, თუ 2009 წლამდე მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევით სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ ქონებას განკარგავდა მომსახურეობის სააგენტო, მოსამართლეები 2007 წელს სს საქმეზე როგორ მიმართავდნენ აღსრულებისთვის? ან 2009 წლის დეკემბრამდე თანხას და ძვირფას ნივთებს სად ინახავდნენ სოდ-ის და სხვა ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები? და კიდევ დოკუმენტში, რომლის „მიზიდულობის" ძალამ კარგად ორგანიზებული კანონის სახელს ამოფარებლი ნაცბანდიტები გამახსენა, შავით თეთრზე წერია:
„აღსრულების შესახებ გთხოვთ აცნობოთ სასამართლოს". თუმცა არავის არაფერი უცნობებია, ან რა უნდა ეცნობებინათ, როგორ გაინაწილეს ერეკლე კოდუამ, გიორგი ლაცაბიძემ და ხროვის სხვა წევრებმა „დამნაშავის" სახლიდან წაღებული ძვირფასი ნივთები? მოკლედ, აღნიშნული სააგენტო ნაყაჩაღარი ფასეულობების „გასაპრავებლად" შეიქმნა. პროკურატურა, რა თქმა უნდა, არ დაინტერესდება, უბეში გამოზრდილ უხსენებლებს ხომ არ გაჭყლიტავს, თორემ აღნიშნული სააგენტოს უამრავ თანამშრომელს ექნებოდა „თბილი ტანსაცმელი" ჩასალაგებელი და მათ მფარველ პროკურორებსაც.
საზოგადოებისთვის არაერთი ფაქტია ცნობილი, როცა საპროცესო შეთანხმების სოლიდურ თანხებს, პროკურატრას გაურკვეველ ანგარიშებზე ურიცხავდნენ ბრალდებლების ახლობლები, პრესაში არაერთხელ გაჟღერდა პროკურატურასთან დაახლოებული ადვოკატების თანამონაწილეობა ბრალდებულების „გატყავებაში". იყო შემთხვევები, როცა საპროცესოს თანხაც ადვოკატის ანგარიშზე ირიცხებოდა...
2007 წელს ჩემს მეგობარს ნარკოტიკი ჩაუდეს, ცრუ მოწმეების წარმოდგენაც არ დაივიწყეს და 50000 რაღაც ანგარიშზე ჩარიცხა და ხუთი მილიონის საფასურის ბიზნესი დაუთმო, თან მადლობაც გადაუხადა. ცნობილი ფაქტია, როგორ აიძულებდნენ, ძვირადღირებული ავტომანქანები შეეძინათ შსს-ს თანამშრომლებისთვის (არაერთმა საჩივარმა გაიჟღერა ერეკლე კოდუას მისამართით). პროკურატურის „კრავთა დუმილი" მართლაც აღმაშფოთებელია, თუმცა გასათვალისწინებელი სახელმწიფო პოლიტიკა - კოაბიტაცია უპირველეს ყოვლისა.
სამწუხაროა, რომ იმ ნაძარცვი თანხით, რომელიც თითქმის ყველა ოჯახის „ეგზეკუციის" შედეგად დაგროვდა იმ დაწყევლილ წლებში, ისევ დატერორებულ, სულიერად და ფიზიკრად განადგურებულ ადამიანებს ებრძვიან. ჩაგრულების მიერ კი სამართლიანობის აღდგენის მცდელობა ქარის წისქვილთან ბრძოლას ჰგავს მხოლოდ. როდემდე? არავინ იცის. კონსტიტუცია, რომ ფეხქვეშ ჰქონდათ გაფენილი ნაცელიტას და კანონებსაც არაკონსტიტუციურად ჭრიდნენ და კერავდნენ, ამის ნათელი მაგალითია საკანონმდებლო ნოვაცია, რომელიც აშკარა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და საერთაშორისო სამართლის ნორმებთან.
1997 წლის 21 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად სცნო ქონების კონფისკაციის, როგორც სასჯელის დამატებითი სახის არსებობა სისხლის სამართლის კოდექსში, რადგან იგი წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან. საკონსტიტუციო სასამართლომ შესაძლებლად ჩათვალა მხოლოდ სპეციალური კონფისკაციის არსებობის შესაძლებლობა, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში და კანონში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საერთოდ იქნა უგულებელყოფილი და საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონით საქართველოს უკვე ახალ სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლში შეტანილი იქნა შესაბამისი დამატება, რომელმაც შესაძლებელი გახადა ქონების ჩამორთმევა სპეციალური კონფისკაციის ფარგლებს მიღმაც.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში საქართველოს 2004 წლის 13 თებერვალს შედის შესაბამისი დამატებები, რომლებმაც დააკანონეს რომანულ-გერმანულ სამართლის სისტემაში შემავალი ქვეყნებისათვის ადრე უცნობი ინსტიტუტი, რომელიც გადმოღებული იყო აშშ-ს კანონმდებლობის გავლენით. საუბარია საპროცესო შეთანხმებებზე, რომლის ქართული ანალოგი გაცილებით უფრო რეპრესიული და სამართლებრივად გაუმართავია, ვიდრე ამერიკული ცნობილი „გარიგება ბრალის აღიარებასთან დაკავშირებით".
კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ჯერ პრინციპის დონეზე იქნა გადაწყვეტილი „სწრაფი და ეფექტიანი" მართლმსაჯულების შემოღება (მუხლი 151), ხოლო შემდეგ ამას დაემატა საპროცესი შეთანხმებები ბრალზე ან სასჯელზე ამერიკული კანონმდებლის ქართულმა სუროგატმა ძალზე მძიმედ იმოქმედა საქართველოს მოსახლეობაზე და დასაბამი მისცა უარყოფითი ტენდენციების დამკვიდრებას, როგორც წინასწარი გამოძიების, ასევე სასამართლოში მართლმსაჯულების განხორციელებისას.
ქართული საპროცესო შეთანხმება გამოიყენებოდა, პრაქტიკულად, ყველა კატეგორიის დანაშაულზე, ისე, რომ ძალზე ცოტა რამ ეკითხებოდა დაზარალებულს, სულ მალე კი გადის დრო და მას საერთოდ აღარ შეეკითხებიან, სურს თუ არა სისხლის სამართლის საქმის საპროცესო შეთანხმებით დასრულება. 2011 წელს საპროცესო შეთანხმებების, გირაოსა და ქონების კონფისკაციების წყალობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტმა მიიღო 108 000 000 ლარზე მეტი. 2010 წელს მათ რაოდენობა 86 000 000 ლარზე მეტი იყო.
სულ ქონების კონფისკაციით, საპროცესო შეთანხმებებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2004-2011 წლებში მობილიზებულია ერთ მილიარდ ლარზე მეტი თანხა. ამას ემატებოდა ბრალდებულის მიერ გადახდილ ჯარიმასთან ერთად პარალელურად „ნებაყოფილობითი" გადარიცხვები ზემოაღნიშნულ ფონდებში. თუ რა რაოდენობის თანხაა შესული ფონდებში, უცნობია. ასეთი ინფორმაცია დაკარგულიც შეიძლება იყოს. ამავე დროს ახალი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ „რეკვიზიციის პროცესს" უკეთდებოდა უმძლავრესი პოლიტიკური მხარდაჭერა, ხოლო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ფართოდ იყო პროპაგანდირებული თუ რა ცუდი იყო ძველი ხელისუფლება და რამდენად სამართლიანია ახალი....
2005 წელს საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტში გაკეთებულ ყოველწლიურ მიმართვაში გამოაცხადა დეკლარაცია - „ნულოვანი ტოლერანტობა დამნაშავეთა მიმართ" და „ყველა დამნაშავე ციხეში". აღნიშნული პოლიტიკური განცხადების შემდეგ ქართველმა კანონმდებელმა განახორციელა მთელი რიგი ცვლილებებისა და დამატებების შეტანა საქართველოს მოქმედ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში.
ეს ცვლილებები დაკავშირებული იყო მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის შემოღებასთან, რომლის შედეგად ქართულ ციხეებში, 2012 წლის მონაცემით, 25 000 პატიმარი აღმოჩნდა (სასამართლოს განაჩენით ან წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბრალდებულები). 2004-2012 წლის პერიოდში სხვადასხვა დანაშაულისათვის დაპატიმრებული და თავისუფლებააღკვეთილი იყო 150 000-ზე მეტი ადამიანი. ხოლო პრობაციულ აღრიცხვაზე მყოფ პირთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო.
მკაცრი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის შემოღებამ განაპირობა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის თითქმის ყველა მუხლში. განსაკუთრებით გამძაფრდა პასუხისმგებლობის ხარისხი პოლიტიკური და ეკონომიკური საქმიანობის სფეროში ჩადენილ დანაშაულებზე.
2005 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან ამოღებული იქნა აღკვეთის ღონისძიებების შედარებით ლიბერალური ზომები (შინა პატიმრობა, პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა, გაუსვლელობის ხელწერილი, პირადი თავდებობა). ამავე დროს გამკაცრდა პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების არეალი. მარტო 2005-2008 წლებში საქართველოში დაპატიმრებას, როგორც აღკვეთის ღონისძიებას იყენებდნენ გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.
მაგალითად, 2005-2006 წელს - 70%-ზე მეტი. შემდეგ აღინიშნება პატიმრობის კლება, მაგრამ იზრდება გირაო, რომლის მასშტაბებმა უკვე შემაძრწუნებელ ზომებს მიაღწია. ეს ყველაფერი ხდებოდა სოციალურად ნაკლებად დაცული მოსახლეობის პირობებში, სადაც უმდაბლესი იყო შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და ერთ-ერთი მაღალი იყო სოციალური გადასახადები.
ასეთმა გაუაზრებელმა და აბსოლუტურად დაუსაბუთებელმა მკაცრმა სისხლისსამართლებრივმა პოლიტიკამ გამოიწვია ისედაც გაღატაკებული მოსახლეობის კიდევ უფრო გაღატაკება და ე.წ. კერძო იპოთეკარების გაჩენა. ეს ე.წ. კერძო იპოთეკარები, რომლებიც სესხის ხელშეკრულებას გასცემდნენ კერძო პირებზე ძალზე მაღალი საპროცენტო განაკვეთებით, ძირითადად იპოთეკის საგნად უძრავ ნივთებს იყენებდნენ, განსაკუთრებით კი საცხოვრებელ და კომერციულ ფართებს. ასევე დაუნდობელი ხდება საქართველოში კერძო ბანკების ფისკალური პოლიტიკაც. პასუხისგებაში მიცემული ადამიანები ძალზე ხშირად იპოთეკით ტვირთავდნენ ბანკებში და კერძო იპოთეკარებთან საკუთარ ქონებას, შემდეგ ვეღარ იხდიდნენ და კარგავდნენ ქონებას.
ძირითადი მიზეზი სესხების აღებისა ბანკებიდან და კერძო იპოთეკარებისგან გახლდათ გირაო და საპროცესო შეთანხმებები. 2013 წლის პირველი აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ბანკებისაგან და კერძო იპოთეკარებისაგან 200 000-ზე მეტი გაუბედურებული ადამიანია რეგისტრირებული. აღნიშნული პრობლემა უკვე აშკარად იძენს პოლიტიკურ ხასიათს. თუ როგორ გადაწყდება ეს ურთულესი და უმძიმესი პრობლემა, ძალზე ძნელი სათქმელია.
აი, რა მოჰყვა გაუაზრებელ და აბსოლუტურად გაუთვლელ მკაცრ სისხლისამართლებრივ პოლიტიკას, რომელზეც პასუხისმგებლობის აღება დღეს არავის აღარ უნდა. საყურადღებოა აღინიშნოს, რომ ძალზე ხშირად მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის ჟამის დროს შუამავლის ფუნქციებს ბანკებსა და ბრალდებულებს შორის გირაოს თანხის დროულად გამოტანაში ახორციელებდნენ პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. სადღეისოდ საქართველოს მთავარ პროკურატურაში და მის ტერიტორიულ დანაყოფებში შესულია უამრავი განცხადება, რომელთა უმეტესობაზეც მიმდინარეობს გამოძიება. უმეტეს შემთხვევაში, პროკურატურაში დასმულ კითხვას, უკანონოდ ჩამორთმეულ ქონება სად „წავიდა" ანუ „ვინ შეჭამა ვენახი?" - გამომძიებელი ასე პასუხობს:
„კატამ თაგვი, თაგვმა მიწა,
მიწამ ჟანგი, ჟანგმა თოფი,
თოფმა მგელი, მგელმა თხა,
თხამ ვენახი შეჭამა".
არადა, ვინ რა „ჭამა" ჩვენც ვიცით, მაგრამ სახელმწიფოს სახელით შეჭმული ვალდებულია, ისევ სახელმწიფომ დააბრუნოს!
ქეთევან ზარნაძე