საქართველოს პატრიარქის სტიქაროსანმა, ლევან ჭიქინაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს უწმინდესის გადაწყვეტილებებისა და ქმედებების შესახებ ესაუბრა.
ჭიქანიშვილმა გაიხსენა თუ როგორ გადაწყვიტა ილია მეორემ გორში წასვლა. მისი თქმით უწმინდესის კონფლიქტის ზონაში გაშვება ეშინოდათ - ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა, თუმცა, იმ დღეს ილია II ისეთი პრინციპული იყო, როგორც არასდროს.
15 აგვისტოს იყო, როცა პატრიარქმა სატვირთო მანქანა პროდუქტებით გაავსო და რამდენიმე სასულიერო პირთან, სტიქაროსანთან და დაცვასთან ერთად ომის ქარცეცხლში გამოტარებულ გორში წავიდა.
„დილიდან ემზადებოდა პატრიარქი გორში შესასვლელად, მოატანინა პროდუქტები, პური და წყალი. პარალელურად, ჩვენი საპატრიარქო რუსეთში კირილეს უკავშირდებოდა, მაშინ კირილე რუსეთის საპატრიარქოში საგარეო საქმეებს ხელმძღვანელობდა. მას მიაწვდინეს ხმა, რომ ილია II გორში მიდიოდა. რუსეთიდან ასეთი პასუხი მივიღეთ - „დაელოდე ჩვენს ზარს, მანამდე ნუ წახვალთ“.
როცა სატვირთო მანქანაზე მოსახლეობისთვის გორში წასაღები ტვირთი დააწყვეს, პატრიარქმა ბრძანა, არავის ველოდები, მივდივარო...
პატრიარქს მაშინდელმა სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა თავისი დაჯავშნული მანქანა გამოუგზავნა. უწმინდესმა უარი თქვა, ჩემი მანქანით წავალო, თქვა. თუმცა, იაკობაშვილის მანქანა მაინც გამოგვაყოლეს. დავადექით გზას. უკვე გორს ვუახლოვდებოდით, როცა რუსეთიდან ზარი მივიღეთ, მათ ალბათ, უკვე იცოდნენ, რომ პატრიარქი არ დაელოდა პასუხს და წავიდა...
პირველი მანქანაში დაცვა იყო, შემდეგში პატრიარქის, უკან კი ავტობუსი მოგვყვებოდა, რომელშიც ჩვენი მოძღვრები და მონაზვნები ისხდნენ.
გორის შესასვლელში ტანკები იყო მობილიზებული, სახელდახელოდ მოწყობილი რუსული ბლოკპოსტი დაგვხვდა. იქ პატრიარქი რუს გენერალს ვიაჩესლავ ბორისოვს შეხვდა და ის გორის საკათედრო ტაძრამდე გამოგვყვა.
როცა პატრიარქმა ადგილობრივები მოიკითხა ბორისოვმა უთხრა, საგანგაშო არაფერია, უკვე ჩვენი კონტროლის ქვეშაა გორი და მიმდებარე ტერიტორიები, აღარაა მარადიორობა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებაო. მალევე უწმინდესმა ბრძანა ნიქოზში უნდა წავიდეთო. ბორისოვმა ტელეფონი აიღო და იქ მყოფ გენერალს ურეკავდა, რათა ჩვენ დაგვხვედროდა. ფაქტობრივად უწმინდესმა აიძულა თავადაც გამოგვყოლოდა.
ნიქოზში მეუფე ისაიასთან შევხვდით, არასოდეს დამავიწყდება მისი გაბედული საუბარი რუს გენერალთან. ღიად და დაუფარავად ამხელდა მარადიორობაში, იქ დარჩენილი მოსახლეობის ძარცვასა და დაშინებაში. იმდენად შეუვალი იყო მეუფე ისაია, რომ პატრიარქმა უთხრა კიდეც - „მეუფეო, ჩვენ მივდივართ, შენ კი არ რჩებიო“. რა თქმა უნდა, მეუფეს ესმოდა ყველა ის საფრთხე, რაც რუსებისგან ემუქრებოდა, მაგრამ ეს არ აშინებდა. ის ქართულ მიწას, ქართველს ხალხს და ნიქოზს იცავდა...
“პატრიარქმა იქაურ მოსახლეობას პროდუქტები დაუტოვა. დაცლილი სატვირთო მანქანით უკან წამოვედით. გზად ერთ-ერთმა რუსმა ოფიცერმა გვითხრა, რომ შინდისში თქვენი მიცვალებულები არიანო. პატრიარქმა ბრძანა, აუცილებლად უნდა წავიდეთ შინდისშიო“, - იხსენებს უწმინდესის სტიქაროსანი.
შინდისის გმირების გადმოსვენება
„იმდენად შეცვლილები იყვნენ ჩვენი მიცვალებულები, რომ ჰაბიტუსით კაზაკები მეგონა... თუმცა მათ სამხრეებზე ქართული დროშა შევნიშნეთ. საზარელი იყო ის, რაც შინდისში ვნახეთ. უწმინდესის კურთხევით, სატვირთოზე მიცვალებულები დავასვენეთ. ერთი მანქანით კი გადარჩენილი, მოსახლეობაში თავშეფარებული 7 ჯარისკაცი წამოვიყვანეთ.
მაშინ არ ვიცოდით, რომ ჩვენ შინდისის გმირებს მოვასვენებდით. მათი გმირული ისტორია ცნობილი არ იყო. თუმცა, ეტყობოდა რომ ორ ათეულამდე ჯარისკაცს საოცარი ბრძოლა გაემართა. ისე გამოიყურებოდა მაშინ შინდისი, თითქოს პოლიგონი იქ იყო... თან იმდენად გაბედულები აღმოჩნდნენ, რომ სარკინიგზო ლიანდაგს მიღმა მოსახლეობა იყო და იქ შესვლა და გაფანტვა არც უფიქრიათ, ასე გადაარჩინეს სამოქალაქო პირები და თავად შეეწირნენ...
გზადაგზა გვაჩერებდნენ, პატრიარქი ჯვრებს ჩუქნიდა იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ჩვენ იარაღს გვიმიზნებდნენ, რამდენიმემ არ გამოართვა, ქრისტიანები არ ვართო. ალბათ, კაზაკები იყვნენ, უწმინდესი კი პასუხობდა, გეყოლებათ ქრისტიანი მეგობრები და მათ გადაეცითო.
ბორისოვს და კიდევ ერთ გენერალს საჩუქრები მისცა თხოვნით: „გაუფრთხილდით ჩვენს სასულიერო პირებს, ხალხს და ნუ გაძარცვავთ და გადაწვავთ მათ სახლებსო“. ბორისოვმა ამის პირობა მისცა...“ - იხსენებს ლევან ჭიქინაშვილი.
ცნობისთვის, დღეს 21 იანვასრ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წელს საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლს, რაც გულისხმობს 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავების პირობებსა და იმ დამამცირებელ მოქმედებებს, რომლებსაც ისინი ექვემდებარებოდნენ და რამაც მათ უდაო ტანჯვა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა მოუტანა, - ამის შესახებ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს დასკვნაშია ნათქვამი.
სტრასბურგის სასამართლომ კონვენციების აღნიშნული მუხლების დარღვევაში პასუხისმგებლად რუსეთის ფედერაცია სცნო.