„2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების 300-გვერდიანი დოკუმენტს შესწავლა სჭირდება, რადგან კიდევ უფრო მეტად გავაცნობიეროთ, შევისწავლოთ, გავაანალიზოთ ყველა ის მომენტი, რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი მხარისთვის“, – ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში „მოამბის“ წამყვანის კითხვას, სტრასბურგის გადაწყვეტილებაში გამიჯნულია პერიოდები, ცალკე არის სამხედრო მოქმედებების აქტიური ფაზა და სხვა მოვლენები, იქ წერია, რომ ომის დროს ჩადენილი მოქმედებები რუსეთის იურისდიქციას არ ექვემდებარება, რატომ მოხდა ამ ორი ფაზის ერთმანეთისგან გამიჯვნა.
როგორც გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, სასამართლომ ჩათვალა, რომ აქტიური საომარი მოქმედებების გამო, მას გაუჭირდა, რუსეთის იურისდიქცია დაეფიქსირებინა.
„მან აღნიშნა, რომ ეს ვითარება რეგულირდება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებით, თუმცა მე ვერ ვუწოდებდი ამას დრამატულს, რადგან ჰუმანიტარული სამართლის ნორმებსა და ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე, უკვე განეკუთვნება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს კომპეტენციას და იურისდიქციას. ჩვენ ვიმუშავებთ, რომ ამ პერიოდში პასუხისმგებლობის საკითხები უკვე ჩაჯდეს იურისდიქციის ფარგლებში, ვმუშაობთ, რომ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა დადგეს ყველა იმ დანაშაულების, ეთნიკური წმენდისთვის რაც განხორციელდა. ეს ერთი მომენტი, მეორე მომენტი ის, რომ თუ დავაკვირდებით მეორე მუხლს – სიცოცხლის უფლებას, სასამართლომ თქვა, რომ რუსეთმა დაარღვია პროცედურული ნაწილი სიცოცხლის უფლების იმ თვალსაზრისით, რომ არ გამოიძია და გამოძიების ვალდებულება აქვს. ჩვენ ეს შეგვიძლია შევაფასოთ ისე, რომ რაღაც თვალსაზრისით, ირიბად მაინც, სასამართლომ ჩათვალა, რომ რუსეთს ჰქონდა იურისდიქცია დაწყებული 8 აგვისტოდან უკვე სხვანაირად. ალოგიკური იქნებოდა მოსაზრება, რომ მას დაედგინა, რომ ქმედებები, რომელიც 8-ში დაიწყო, იყო რუსეთის პასუხისმგებლობა. მესამე – განსხვავებულ აზრზე ერთი მომენტია აღსანიშნავი, არგუმენტი, რომელიც აქვთ განსხვავებული აზრის ავტორ მოსამართლეებს, ეს ფაქტობრივად არის ქართული მხარის არგუმენტი, რომელიც გაჟღერდა 2018 წლის 23 მაისს, ბოლო მოსმენაზე ამ ომის საქმესთან დაკავშირებით და ის შეეხება იმას, რომ რადგან მეთხუთმეტე მუხლიდან გადახვევის შესახებ რუსეთს ნოტიფიკაცია არ ჰქონდა გამოგზავნილი, შესაბამისად, ამ შემთხვევაში კონვენციის მეორე მუხლის სტანდარტებით უნდა ყოფილიყო შეფასებული ვითარება ზუსტად 8-დან 12 აგვისტომდე“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.