„ხაჭაპურისა და თქვენი შესანიშნავი ღვინის დაგემოვნების შემდეგ, არ მესმის, რატომ არ დავბრუნდი აქ უფრო მალე", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა და აქვე დასძინა, რომ თბილისში მეორედ იმყოფება, თუმცა სახელმწიფო მდივნის რანგში ეს მისი პირველი ვიზიტია.
„მსურს, ასევე ვთქვა, რომ თქვენი სტუმართმოყვარეობა პირადად ვიგრძენი. ეს არის შესანიშნავი ვიზიტი ლამაზ ქალაქში, ლეგენდარული სტუმართმოყვარეობით. გულწრფელად გეუბნებით, რომ არ მქონდეს დაგეგმილი შეხვედრები ვარშავის სამიტამდე და მის შემდეგ, აქ უფრო დიდ ხანს დავრჩებოდი. ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ვადის ამოწურვამდე კიდევ მექნება შანსი აქ დაბრუნების", - აღნიშნა ჯონ კერიმ.