logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ეს პანდემია არ დამთავრდება, თუ არ აიცრა მოსახლეობის დიდი ნაწილი, მზად ვარ, მოსახლეობას ვაჩვენო მაგალითი
- +

22 იანვარი. 2021. 02:11

 

 

„ეს პანდემია არ დამთავრდება, თუ არ აიცრა მოსახლეობის დიდი ნაწილი“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „აქტუალურ თემაში“ განაცხადა.

 

კითხვაზე, რამდენად რეალისტურია მოსახლეობის 60 პროცენტამდე აცრა, რასაც ვაქცინაციის ეროვნული გეგმა ითვალისწინებს, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ გეგმაში გაწერილია, როგორ უნდა გაიზარდოს ვაქცინაციის სიმძლავრეები და ამასთან, მნიშვნელოვანია მოქალაქეების დამყოლობა ვაქცინაციაზე.

 

„საკმაოდ ამბიციური სამიზნე გვაქვს, 60 პროცენტი. მოზრდილ მოსახლეობაზეა საუბარი. მოგეხსენებათ, რომ 18 წლამდე „კოვიდის“ საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის გამოცდილება ჯერჯერობით არ არის. ახლა დაიწყო კლინიკური კვლევები სხვადასხვა ქვეყანაში 12 წლის ზემოთ მოზარდების აცრასთან მიმართებით. ჯერჯერობით საუბარია მოზრდილ მოსახლეობაზე. საქართველოში მოზრდილი მოსახლეობა არის დაახლოებით 2,8 მილიონზე ოდნავ მეტი და მისი 60 პროცენტი სადღაც მილიონ ექვსას ორმოცდაათი-მილიონ ექვსას ოთხმოცი ათასამდე მერყეობს და ისინი უნდა აიცრან წლის ბოლომდე ორჯერადად, რაც ნიშნავს, რომ ამ ვაქცინის დაახლოებით 15-პროცენტიანი დანაკარგით უნდა იანგარიშო ყოველთვის, რადგან ზუსტად არ იხარჯება, ცოტა მეტია ხოლმე დანაკარგი, სადღაც 3 900 000 დოზა გვჭირდება რომ აიცრას. ეს ამბიციური გეგმაა. ჩვეულებრივი იმუნიზაციის პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიდის, რუტინული იმუნიზაცია, ბავშვები როცა იცრებიან, სადღაც წლის განმავლობაში გვაქვს მილიონამდე აცრა-ვიზიტი ხოლმე და ამ შემთხვევაში ე.ი. სიმძლავრეები არის გასაზრდელი დაახლოებით სამნახევარჯერ ცოტა მეტი, რომელიც საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა, მაგრამ თუ გვინდა, რომ დავამარცხოთ პანდემია, ამიტომ, რა თქმა უნდა, გვაქვს ამ გეგმაში, სწორედ როგორ უნდა დაახლოებით გაოთხმაგდეს ​ჩვენი სიმძლავრეები, ანუ ამცრელი წერტილები, ამცრელი ბრიგადები, გამსვლელი ბრიგადები, თანდათანობით როგორ უნდა მოხდეს სისტემის გაძლიერება. იმუნიზაციის სისტემა საკმაოდ გამართულია ქვეყანაში, მოგეხსნებათ და ეს გეგმა უნდა შევასრულოთ, თუ გვინდა, რომ პანდემია დავამარცხოთ. ამიტომ ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის დამყოლობას, ანუ თქვენი ფუნქცია, მასმედიის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორედ აუხსნათ მოსახლეობას, რომ ჩვენ ვებრძვით ყველაზე დიდ გამოწვევას ბოლო 100 წელიწადში, მსოფლიოში ასეთი პანდემია არ ყოფილა „ისპანკას“ შემდეგ, რომელმაც ამდენი ადამიანი დააინფიცირა, სამწუხაროდ ორ მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ეს პანდემია ვერ მორჩება, არ დამთავრდება, თუ არ აიცრა მოსახლეობის დიდი ნაწილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კითხვაზე, იქნება თუ არა საქართველოში ერთ-ერთი პირველი, ვინც კორონავირუსის აცრას პირდაპირ ეთერში გაიკეთებს, რადგან მსოფლიოში ეს ტრენდი უკვე არსებობს, ამირან გამყრელიძემ განაცხდა, რომ ის გრიპზე პირდაპირ ეთერში იცრება ხოლმე და იმავეს გააკეთებს კორონავირუსზე ვაქცინაციის შემთხვევაშიც.

 

„რა თქმა უნდა ეს პრობლემა არ არის. გრიპის აცრებს რომ ვიწყებთ ხოლმე, მე პირდაპირ ეთერში ვიცრები ყოველთვის, ამიტომ ეს პრობლემა არ არის. ერთადერთი, არაფერი დასამალი არ არის, მე ვიყავი კოვიდინფიცირებული. სულ რაღაც ერთი კვირაა, დავბრუნდი სამსახურში, ამიტომ გააჩნია, როდის შემოვა ვაქცინა, რადგან არის იქ ჩვენება, „კოვიდის“ გადატანის შემდეგ რამდენი ხნის შემდეგ შეიძლება, აიცრა, ავიცრა და ჩემთვის ეს, მოგეხსენებათ, მართალია, პერსონალური ინფორმაციაა, მაგრამ მე მზად ვარ, რომ იგივე ვაჩვენო მოსახლეობას მაგალითი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

კითხვაზე – რა მეცნიერული საფუძველი აქვს იმას, რომ „კოვიდ-19“-ის ყველა ვაქცინა არის 18 წლის ზემოთ ასაკისთვის და ესეც ხომ არ აძლიერებს სკეპტიკოსების დამოკიდებულებას, რომ აცრა საშიშია, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინა საკმაოდ მოკლე დროში შეიქმნა და ჯერ არ ჩატარებულა მისი გამოცდა ბავშვებში, თუმცა ამ მიმართულებით კვლევები უკვე იწყება.

 

„არა, მოგეხსენებათ რომ ეს ვაქცინები, რაც დღეს უკვე ხმარებაშია, ძალიან სწრაფი ტემპით განვითარდა. დღეს ბიოტექნოლოგიები ისეა განვითარებული, მოგეხსენებათ, ჩვეულებრივად წამლისა და ვაქცინის შექმნას წლები სჭირდება, ახალი წამალი რომ შეიქმნას, საშუალოდ დაახლოებით 12 წელია საჭირო, მოლეკულიდან მის, ვთქვათ, საბოლოო გამოყენებამდე. ეს ვაქცინები შეიქმნა ძალიან სწრაფად, დაახლოებით ერთ წელიწადში, უფრო ადრე, ანუ როცა აღმოჩნდა ეს ატიპური ვირუსი, ერთ კვირაში, ათ დღეში მისი გენომი გაშიფრული იყო. გენომი როცა იშიფრება, ლაბორატორიაში ვაქცინის დამზადება დღევანდელი ტექნოლოგიებით არც თუ რთულია უკვე, მაგრამ ყველაზე დიდი დრო მიაქვს მის გამოცდას, ანუ ჯერ ე.წ. პრეკლინიკურ კვლევებს ცხოველებზე, შემდეგ უკვე კლინიკური კვლევის სამ ფაზას ადამიანებზე, მოხალისეებზე, მაგრამ ძალიან დაჩქარებული ტემპით წავიდა ეს, ამიტომ ჯერ ბავშვებზე არ ყოფილა ეს კლინიკური კვლევები. მოგეხსნებათ, ზოგადად ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ვისწავლეთ, რომ ბავშვებს ნაკლებად აზიანებს ან ბავშვებში, ასე ვთქვათ, ძალიან იშვიათად არის გართულებები და რთული მძიმე შემთხვევები. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ 18 წლის ზემოთ მოხდა ეს კლინიკური კვლევები, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, უკვე იწყება 12 წლის ზემოთ კლინიკური კვლევები და ალბათ გარკვეული მოზარდები და არა მთლად ბავშვები, შემდგომში დაექვემდებარება, რადგან ეს ხომ ერთჯერადი პროცესი არ არის, ჩვენ ხომ არ ვიცით კორონავირუსული ინფექცია გადაიქცევა მომავალში გრიპის სეზონურ ინფექციად თუ იქნება, ვთქვათ, ერთჯერადი და ამით მორჩება პანდემია გარკვეულად, მაგრამ რესპირაციული ინფექციაა, მოგეხსნებათ და აქედან გამომდინარე ჯერჯერობით არცთუ მარტივია ამის პროგნოზი, ის დამთავრდება კი? თუ იქცევა სეზონურ რესპირაციულ ინფექციად, როგორც სხვა კორონავირუსული ინფექციები ან ამ რესპირაციული ინფექციიდან ყველაზე ცნობილი – გრიპი, რომელსაც სეზონურად სჭირდება უკვე ვაქცინაცია. მოგეხსენებათ, გრიპზე ყოველ სეზონზე იცრება ხომ მოსახლეობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner