logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: პროცესები კონტროლიდან გავიდა!
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

3 მარტი. 2016. 16:53

 

 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა, რომელშიც ამბობს, რომ კოალიციაში კონფლიქტმა სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო და პოლიტიკურ პარტნიორებს მოუწოდებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განახორციელებს ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას.

 

პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებაზე ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ორივე მხარე - „რესპუბლიკელები" და „მრეწველები" გონიერების ფარგლებში უნდა მოექცნენ და მმართველ ძალას პრობლემები არ შეუქმნან. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პრემიერის ასეთი განცხადება სრულიად მართებული და დროული იყო.

 

„მე ვფიქრობ, დროული განცხადება იყო, ცოტა დაგვიანებულიც კი, რადგან პროცესები კონტროლიდან გავიდა. ის როგორც იქცევიან „მრეწველები" თოფაძის სახით და „რესპუბლიკელები" ხიდაშელის სახით, არცერთი ტიპის კოალიციურ, პოლიტიკური კულტურის საზომში არ ჯდება, ეს შიდა გარჩევა ურთიერთშეურაცხყოფის, არაადექვატური განცხადებების ძალიან მაღალ რეჟიმში გადავიდა, რაც, რა თქმა უნდა, არასწორი პროცესია. ამიტომ ვფიქრობ, ძალიან ადექვატურად მოიქცა პრემიერი, რომ ორივე მხარეს მიუთითა საკუთარი შეცდომები. ძალიან მოკრძალებით მიანიშნა საკუთარი უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომ მას სრული უფლება აქვს მოახდინოს რეაგირება გადაწყვეტილებების გზით. ამიტომ სჯობს, რომ ორივე მხარე გონიერების ფარგლებში მოექცეს და შესაბამისად პრობლემები არ შეუქმნას ყველა სხვა დანარჩენს კოალიციაში და ზოგადად მმართველ ძალას. ამიტომ ძალიან სწორი განცხადება იყო პრემიერის მხრიდან.

 

არ ვფიქრობ, რომ ამის ყველაფრის გამო პრემიერმა თინა ხიდაშელი უნდა შეცვალოს. რადგან საერთო ჯამში მინისტრების გადაყენება ასეთი მარტივი საკითხი არ არის, ამისთვის ძალიან დიდი მოცემულობა უნდა არსებობდეს. არ მიმაჩნია, რომ ხიდაშელი ამ წუთისთვის, როგორც მინისტრი, ასე ადვილად იმსახურებს თანამდებობიდან გადაყენებას, მაგრამ მეორე მხრივ, ეს გაფრთხიელბა უნდა მიიღოს.

 

ცოტა ხნის წინ თქვენს სააგენტოსთან საუბრისას განვაცხადე, რომ სხვა მხრივ თავად ხიდაშელი თუ დროებით უფლებამოსილებას შეიჩერებდა, სანამ გაირკვეოდა გამოძიების შედეგები კარგი ნაბიჯი იქნებოდა მისგან, თუმცა, ამის ვალდებულება მას არ გააჩნდა. ამიტომ ეს ყველაფერი საკუთარი კეთილგონიერების შესაძლებლობებზე დაფუძნებული უნდა იყოს და იმედი მაქვს, ასეც მოხდება", - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner