logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: 2008 წლის ომის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთის მხრიდან ქართველების ეთნიკური წმენდა განხორციელდა
- +

22 იანვარი. 2021. 14:32

 

„2008 წლის ომის საქმეზე გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთის მხრიდან ქართველების ეთნიკური წმენდა განხორციელდა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განუცხადა.

 

მისი თქმით, გუშინდელი დღე, როცა 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესი დღეა.

 

„ის მრავალწლიანი საქმიანობა, რომელიც ძალიან დიდი შრომის და ძალიან დიდი თავდადების ფასად განხორციელდა, თავის ლოგიკურ შედეგამდე მივიდა. ჩვენ გვაქვს საერთაშირისო, უმაღლესი ავტორიტეტის მქონე ორგანოს მიერ მიღებული უპრეცენდენტოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისა და მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესისთვის ფუნდამენტური საფუძველია იურიდიული საერთაშირისო სამართლის პრაქტიკაში, როდესაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთის ფედერაცია ოკუპანტ სახელმწიფოდ გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებით პირდაპირ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთის მხრიდან ქართველების ეთნიკური წმენდა განხორციელდა. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი კომპონენტებია, რაზეც წლების განმავლობაში დიპლომატიური კორპუსი, ჩვენი ხელისუფლება, ვამტკიცებთ, ვამტკიცებდით და კვლავაც გავაგრძელებთ ამის მტკიცებას, თუმცა ახლა ეს უკვე საერთაშორისოდ აღიარებული გადაწყვეტილებაა, რომელიც ჩვენს არგუმენტებსა და პოზიციას ამყარებს. საერთაშორისო დონეზე ის სამართლიანობა აღდგა, რომელიც რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიასთან არის დაკავშირებული 2008 წლის საომარ მოქმედებებთან მიმართებაში“, – განაცხადა მიქანაძემ.

 

მისი თქმით, გუშინდელი გადაწყვეტილება პირდაპირპროპორციულად ზეგავლენას მოახდენს იმ პროცესებზე, რომელიც ჰააგის სასამართლოში საგამოძიები ნაწილში მიმდინარეობს.

 

„ჰააგის სასამართლოში მიმდინარეობს ამ საკითხის განხილვა. ეს საკითხი ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის და გამოძიება მიმდინარეობის პროცესშია. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის ეს უმნიშვნელოვანესი ბერკეტია იმ სამართლიანობის ყველა დონეზე განსასაზღვრად, რომელიც გუშინდელ გადაწყვეტილებასთანაა დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ, გუშინდელი გადაწყვეტილება პირდაპირპროპორციულად თავის ზეგავლენას მოახდენს იმ პროცესებზე, რომელიც ჰააგის სასამართლოში საგამოძიები ნაწილში მიმდინარეობს. თუმცა ჩვენ გამოძიების კონკრეტულ ნაწილში ვერ შევიჭრებით. ჩვენ უნდა დაველოდოთ ამ გამოძიების შედეგებს. ჩვენი ხელისუფლება ჰააგის სასამართლოსთან მაქსიმალურად თანამშრომლობს იმისთვის, რომ მის დონეზეც მოხდეს იმ ფაქტების დადგენა და აღიარება, რაც გუშინ სტრასბურგის სასამართლომ ცნო, როგორც კონვენციის არაერთი ძირეული მუხლის დარღვევა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსთან და მის მოქალაქეებთან მიმართებაში“, – განაცხადა მიქანაძემ.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებასაც გამოეხმაურა.

 

„ძალიან მარტივია ამ განცხადებაზე პასუხი. ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია, გაეცნოს იმ გადაწყვეტილების დედანს, რომელიც გუშინ გამოვიდა, წაიკითხოს როგორც სარეზოლუციო, ასევე დასკვნითი ნაწილი. ცხადზე ცხადია, თეთრზე შავით წერია ის, რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოს კუთვნილი სუვერენული ტერიტორიების ოკუპირება და ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა განახორციელა. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს არაერთი მუხლის დარღვევას, რომელშიც რუსეთი დადანაშაულებული იქნა ადამიანის უფლებათა სასამართლოს ზედა პალატის მიერ“, – განაცხადა მიქანაძემ.

 

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გუშინ გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

 

https://1tv.ge/news/givi-miqanadze-2008-wlis-omis-saqmeze-mighebuli-gadawyvetilebit-strasburgis-sasamartlom-pirdapir-gausva-khazi-rom-rusetis-mkhridan-qartvelebis-etnikuri-wmenda-gankhorcielda/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner