ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს, როგორც ეს ზოგიერთებს წინასწარ ესიზმრებათ. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ უცვლელი რჩება ქართველი ხალხის ნომერ პირველი ამოცანა - სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ ვერასოდეს ვერ უნდა მობრუნდნენ ხელისუფლებაში.
ეს დაუშვებელია! ეს მიუღებელია! ეს კატასტროფაა!
სახელდება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის ერთმანეთის გამომრიცხავი სხვადასხვა მიზეზი, თუმცა, მისი წასვლის საიდუმლო ჯერჯერობით არ გახსნილა. ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან იმიტომ წავიდა, რომ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ უკან ვერასოდეს მობრუნდეს!
მან ამ თავისი უპრეცედენტო ნაბიჯით მთავარი საბაბი, მთავარი მოტივი გაუნულა მის მოწინააღმდეგეებს, ფაქტობრივად, ქვეყნის მტრებს და მის წინააღმდეგ აგორებულ ფართომასშტაბიან შავ პიარს მთავარი თემა, მთავარი სიუჟეტური ხერხემალი გამოაცალა.
თავისი წასვლით მან აღკვეთა ბნელი ზრახვები იმ ბნელი ძალებისა, რომლებიც ქვეყნის უბედურების მთავარ მიზეზად სრულიად დაუსაბუთებლად და უარგუმენტოდ ბიძინა ივანიშვილს ასახელებდნენ და მის დასამარცხებლად და გასანადგურებლად მზად იყვნენ, ყველაფერზე წასულიყვნენ, მათ შორის შეიარაღებულ სამოქალაქო დაპირისპირებაზეც კი.
მათ ეს განზრახვა არც დაუმალავთ და ამის შესახებ, ფაქტობრივად, ღიად საუბრობდნენ თავიანთი ჯიბის ტელევიზიების ეკრანებიდან არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე. როგორც არაერთხელ ითქვა, ეს ძალები არჩევნების მეორე დღესვე აპირებდნენ აეგორებინათ მძლავრი საპროტესტო ტალღა და ძალადობრივი გზით განეხორციელებინათ სახელმწიფო გადატრიალება, რასაც, ცხადია, გარდაუვალად მოჰყვებოდა სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირება. ამ სცენარის შესახებ კარგად არის ცნობილი საზოგადოებისთვის თემურ ალასანიას მიერ გუბაზ სანიკიძესთან საუბრის დროს დეტალურად გაწერილი გეგმის მიხედვით.
საბედნიეროდ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით, აშშ-ის ადმინისტრაციის და ევროკავშირის აქტიური ჩარევის შედეგად, მოხერხდა ქვეყნისთვის ამ საბედისწეროდ სახიფათო პროცესების და დიდი ეროვნული კატასტროფის განეიტრალება და თავიდან აცილება, თუმცა, პრობლემა არ მოხსნილა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნა დღემდე უცვლელი დარჩა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებამდე ასევე უცვლელი იყო მთავარი სამიზნე - ბიძინა ივანიშვილის ფიგურა.
ბიძინა ივანიშვილი - ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი - არაფორმალური მმართველი, რომელიც ამუხრუჭებს დემოკრატიის განვითარებას, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ხელისუფლების ყველა შტოს უზურპირებას ახდენს და ქვეყანას დიქტატურისკენ მიაქანებს, ბიძინა ივანიშვილი ყველას და ყველაფერს ყიდულობს და თავის ინტერესებს უქვემდებარებს, ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო მიიტაცა - აი, ასეთ სულელურ და დემაგოგიურ ბრალდებებს უყენებდნენ ნაციონალები და ნაციონალებს მიყიდული სხვა ქარაქუცა პარტიები ბიძინა ივანიშვილს და ქვეყნის გადარჩენის, ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთ გარანტად პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლა მიაჩნდათ, თუ არა და, სახელმწიფოს აყირავებით, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გაღრმავებით, დესტაბილიზაციის და სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებით იმუქრებოდნენ.
და, აი, ბიძინა ივანიშვილი იღებს ყველასათვის მოულოდნელ გადაწყვეტილებას და პოლიტიკიდან მიდის, რითაც დესტრუქციული ძალები, ფაქტობრივად, განაიარაღა, გამოაცალა მთავარი სამიზნე, მთავარი მოტივი და საბაბი, რასაც შეიძლებოდა ქვეყნისთვის მძიმე შედეგები მოჰყოლოდა.
ბიძინა ივანიშვილი საღად და პრაგმატულად მოაზროვნე კაცია და ის არ შეიძლება არ აცნობიერებდეს იმ საფრთხეებს, რომლებიც მისი პოლიტიკიდან წასვლასთან არის დაკავშირებული.
მართლაც არ არის ადვილი გასარისკი, დათმო ძალაუფლება, დათმო პარტია, დათმო თავდაცვის ყველა ბერკეტი და მარტო, ხელშიშველი დარჩე შურისძიების ცხოველური ჟინით შეპყრობილი ვერაგი და დაუნდობელი მოწინააღმდეგის წინაშე.
ეს რომ გააკეთო, ძალიან მამაცი და უშიშარი ადამიანი უნდა იყო.
ბიძინა ივანიშვილმა გარისკა (ეს უკვე მერამდენედ!), რომ საქართველოში იყოს მშვიდობა, დემოკრატიის, ეკონომიკის, ქვეყნის სულიერი და კულტურული განვითარების პერსპექტივა, სამუდამოდ წაიშალოს და გაქრეს ავტორიტარიზმის, დიქტატურის, ერთპიროვნული მმართველობის თუნდაც მინიმალური და მკრთალი კონტურები.
რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, ფაქტობრივად, ეს არის კიდევ ერთი მსხვერპლშეწირვა, კიდევ ერთი თავდადებული ნაბიჯი ქვეყნის სასიკეთოდ.
ბიძინა ივანიშვილის ეს წასვლა თავისი მნიშვნელობით არაფრით ჩამოუვარდება ბიძინა ივანიშვილის მოსვლას ქართულ პოლიტიკაში, რომელმაც მთლიანად შეცვალა ქართული პოლიტიკის სახე და შინაარსი, შეცვალა და შეაჩერა თავდაღმართზე დაქანებული საქართველოს კატასტროფული ვარდნის პროცესი დიქტატურისკენ, ფაშიზმისკენ. შეცვალა ქვეყნის ბედი და შეცვალა თითოეული ჩვენგანი. ეს წასვლაც ძალიან ბევრ რამეს შეცვლის თანამედროვე საქართველოს ცხოვრებაში, შეცვლის ხავერდოვნად, მკვეთრი რყევების გარეშე, შეცვლის ევოლუციის და ეტაპობრივი განვითარების გზით. ბიძინა ივანიშვილმა თავისი წასვლით ახალი ფანჯარა გაუხსნა საქართველოს მომავლისკენ, ჟანგბადის ახალი, მძლავრი ნაკადი შემოუშვა ქართული პოლიტიკის დამძიმებულ ატმოსფეროში.
ეს წასვლა მოსვლა უფროა, ვიდრე წასვლა…
ეს წასვლა ახალი იდეების, ქვეყნის აღმშენებლობის ახალი ფილოსოფიის და ახალი კონცეფციების მოსვლის წინაპირობა, უფრო ზუსტად, სხვანაირი და სხვაგვარი ხვალინდელი დღის წინადღეა.
***
ხშირად მიწევს გასული საუკუნის 90-იანი წლების და დღევანდელობის შედარება, რადგან 30 წლით დაშორებული ეს ორი დრო ძალიან ჰგავს ერთმანეთს.
მაშინ, 30 წლის წინათ, ზვიად გამსახურდია რომ აქტიური პოლიტიკიდან წასულიყო, შეიძლება დღეს ცოცხალი ყოფილიყო, კვლავ პოლიტიკაში ყოფილიყო და საქართველოსაც ბევრი განსაცდელი არიდებოდა. ძალიანაც რომ ნდომებოდა, შეუძლებელი იყო მაშინ ამის გაკეთება - უბრალოდ, ხალხი არ მისცემდა ამის საშუალებას, ღალატად ჩაუთვლიდა.
თუმცა, რამდენადაც მახსოვს, ზვიად გამსახურდიას საერთოდ არ უნდოდა რაიმე თანამდებობა, მათ შორის, არც პრეზიდენტობა. ნაციონალები ბევრს რომ ქირქილებენ, განა მათი „ძლევამოსილი“ ლიდერი არ იყო, 2007 წელს რომ „წავიდა“, 2008-ში ისევ „მოვიდა“, მერე 2012-ში „წავიდა“ და მას შემდეგ „მოდის“ და „მოდის“.
შევარდნაძეც გადადგა თუ წავიდა სოხუმის „დაცემის“ შემდეგ, მაგრამ დაუჩოქეს, შეეხვეწნენ, არ წახვიდეო და იმანაც გადაიფიქრა, სამაგიეროდ, 2003 წელს მართლა წავიდა და მას მერე არ მობრუნებულა.
ბიძინა ივანიშვილის პირველი და მეორე წასვლა პოლიტიკიდან, აბსოლუტურად განსხვავებული მოვლენაა ზემონახსენები შემთხვევებისგან, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური ინტერესების და კარიერისტული მიზნების გასამყარებლად გამოყენებული პიარტექნოლოგიის ელემენტები იყო, რომლებიც უკან, წარსულისკენ დაბრუნებას და იქ მყარად გამაგრებას ისახავდა მიზნად, ბიძინა ივანიშვილის წასვლა კი, როგორც წესი, განახლებისკენ, პროგრესისკენ, განვითარებისკენ, მომავლისკენ მიმართული ქმედებაა.
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლიდან პოლიტიკიდან წასვლამდე, დროის მცირე მონაკვეთში, სულ რაღაც 8 წლის განმავლობაში, ქართულ პოლიტიკაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა - წერტილი დაუსვა „ნაცმოძრაობის“ ფაშისტურ-კრიმინალურ რეჟიმს, რომელიც, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, კიდევ დიდხანს იბოგინებდა და საბოლოოდ მოუღებდა ბოლოს საქართველოს, გზა გაუხსნა ახალგაზრდა თაობას დიდი პოლიტიკისკენ, ფაქტობრივად, შექმნა ახალი, თავისუფალი, დასავლურ სტანდარტებთან მიახლოებული სივრცე პოლიტიკური ცხოვრების განვითარებისთვის.
ასე რომ, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეული სამსახური საქართველოსთვის სულაც არ განიზომება მხოლოდ მისი უპრეცედენტოდ მასშტაბური ქველმოქმედებით, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ქვეყნის განვითარების კარგად აწონილ-დაწონილი გეგმის ნაწილია და არა უბრალო ქველმოქმედება.
ვახტანგ ხარჩილავა „საერთო გაზეთი“