ქალაქ კასპში სახელოვნებო (სამუსიკო) სკოლის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო. სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „აგრომშენსერვისი“ ახორციელებს.
შენობაში შეიცვალა სასმელი წყლის და წყალარინების ქსელის გაყვანილობები, სახურავი, კარ-ფანჯრები, ჩატარდა ლესვითი სამუშაოები და ამჟამად მიმდინარეობს ცენტრალური გათბობის მონტაჟი. შენობის ინფრასტრუქტურა ხელმისაწვდომი იქნება შშმ პირებისთვის (პანდუსი, სველი წერტილები).
სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 555 291 ლარია და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. შესრულებული სამუშაოების გარანტია 3 წელია.
„შენობას ათეული წლებია კაპიტალური შეკეთების სამუშაოები არ ჩატარებია. სკოლაში დღეს 335 მოსწავლე სწავლობს მუსიკას, ხელოვნებას და ხატვას, რომელსაც 18 პედაგოგი ემსახურება. მუნიციპალიტეტის მერია შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს რათა მომავალ თაობას სწავლების სათანადო პირობები ჰქონდეს“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.