ერდოღანის განცხადებით, თურქეთი კვირის ბოლოსთვის ჩინეთიდან ვაქცინის დამატებით 10 მილიონ დოზას ელოდება
-
+
22 იანვარი. 2021. 18:17
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ჩინეთმა CoronaVac-ის მეორე პარტიის მიწოდება დაამტკიცა და ამ შაბათ-კვირისთვის თურქეთში ვაქცინის 10 მილიონ დოზას ჩაიტანენ.
„რაც შეეხება ვაქცინას, ჩინეთში უკვე დამტკიცდა და მაღალი ალბათობით ის კვირის ბოლოსთვის ჩამოვა, ჩვენ 10 მილიონ დოზას ველოდებით“, - განაცხადა ერდოღანმა.
ანკარამ ჩინური კომპანია „Sinovac“-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა CoronaVac-ის პირველი პარტია - 3 მილიონი დოზა უკვე მიიღო და ამ დრომდე 1.1 მილიონზე მეტი მოქალაქე აცრა. პირველ ეტაპზე ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებსა და მოხუცებს უტარდებათ ვაქცინაცია.
https://www.interpressnews.ge/ka/article/638568-erdoganis-gancxadebit-turketi-kviris-bolostvis-chinetidan-vakcinis-damatebit-10-milion-dozas-elodeba