„ლელომ“ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ ლადო ბურდულთან. ვისაუბრეთ ეროვნულ ნაკრებზე, რომელიც ამჟამად უმწვრთნელოდაა, ასევე დუშეთის "არაგვზე", რომელიც ბურდულის ხელმძღვანელობით პირველად აღზევდა ლიგა 2-ში, მაგრამ გასული სეზონის შედეგების მიხედვით ლიგა 3-ში დაქვეითდა... ვფიქრობთ, ინტერვიუ თქვენც დაგაინტერესებთ...
- ქართველი თუ უცხოელი? მთავარი მისი თვისებებია!
- საქართველოს ნაკრების მომავალი მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელად მიმაჩნია მისი მენტალიტეტი. მან ადგილზე შექმნილ სიტუაციას უნდა აუღოს ალღო.
ზოგადად, ძალიან დიდი განსხვავებაა საკლუბო ფეხბურთში და სანაკრებო ფეხბურთში დასაქმებულ მწვრთნელებს შორის. საკლუბო ფეხბურთით დავიწყოთ. თუ მწვრთნელი მიდის ასე თუ ისე შეძლებულ გუნდში, მას აქვს იმის ფუფუნება, რომ კლუბის ხელმძღვანელობას მოსთხოვოს მისთვის სასურველი ყველა ფეხბურთელის შეძენა. სხვანაირად რომ ვთქვათ, საკლუბო ფეხბურთში დასაქმებულ მწვრთნელს კარგ შემთხვევაში აქვს ამოუწურავი რესურსი.
სანაკრებო მწვრთნელი სულ სხვანაირ სიტუაციაშია. მას აქვს კონკრეტული რესურსი. ამ რესურსს ვერავინ ვერაფრით გაზრდის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ნაკრებია და ნაკრებში ერთი ქვეყნის წარმომადგენლები თამაშობენ.
თუ უცხოელი იქნება, უნდა ჰქონდეს აუცილებელი თვისებები - მენტალიტეტის მაქსიმალური თანხვედრა, დისციპლინა და სხვა. ლევან კობიაშვილი, დავით მუჯირი, ალექსანდრე იაშვილი და ყველა ის, ვინც აქტიურადაა ჩართული ამ საკითხის მოგვარებაში, არის თავისი საქმის პროფესიონალი და მათ საფეხბურთო გემოვნება არ დაეწუნებათ. ისინი ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ ამას ამიტომ ნამდვილად არ ვამბობ. ჩვენ მიწაში კი ჩავდეთ ვლადიმირ ვაისი, მაგრამ ფაქტი ჯიუტია - სწორედ მათ ჩამოიყვანეს სლოვაკი სპეციალისტი, რომელმაც ბევრი რამ დაალაგა ჩვენს სანაკრებო ფეხბურთში და ეს ყველაფერი შედეგებზეც აისახა.
თუ შეირჩევა საქართველოში დასაქმებული სპეციალისტი, ფაქტია, რომ უკეთ ეცოდინება შიდა ბაზარი. თუ შეირჩევა უცხოეთში დასაქმებული ქართველი, მან შეიძლება საქართველოში რაღაც არ იცოდეს, მაგალითად ის, თუ კონკრეტულ მომენტში როგორ ფორმაშია ბათუმის „დინამოში“ მოთამაშე ჯაბა ჯიღაური, მაგრამ ის ამის შესახებ უფრო ადვილად მოიძიებს ინფორმაციას, ვიდრე უცხოელი მწვრთნელი. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, კარგ უცხოელ მწვრთნელს აქვს თავისი დადებითი თვისებები. ასე რომ, მე ეროვნების მიხედვით არ დავახარისხებდი მწვრთნელებს, მთავარია მათი კომპეტენცია და თვისებები. ერთი ფაქტია - ფეხბურთში გამორიცხულია ხელის ჩაქნევა და ჩვენც არ უნდა ჩავიქნიოთ ხელი...
- ამ ჯგუფში მთავარი მიზანი ეს მგონია...
- რა თქმა უნდა, ძალიან რთული ჯგუფია. ეს ისედაც ვიცით ყველამ და ახლა ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ. ჩემი აზრით, მომავალ შესარჩევ ციკლში ჩვენ უნდა გვქონდეს კონკრეტული ამოცანა. პირველი და უმთავრესი, ბუნებრივია, შედეგის ჩვენება უნდა იყოს, რომელიც იქნება მისაღები. მეორე მომენტი კი ის არის, რომ შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს ახალგაზრდული ნაკრებიდან პერსპექტიული ფეხბურთელების დაწინაურება.
ჩვენი ჯგუფის შემადგენლობა რომ ძლიერია, ეს რაღაც მომენტში შეგვიძლია საჩვენოდაც კი გამოვიყენოთ. ვგულისხმობ იმას, რომ საქართველოს ნაკრები ამ ძლიერ მეტოქეებთან თამაშში უნდა გაიზარდოს, სწორედ ასეთ ნაკრებებთან თამაში უნდა ისწავლოს.
ამას წინათ, რეზი არველაძის ინტერვიუს ვკითხულობდი. მან თქვა, არ მესმის, ქართველებმა მაინცდამაინც შემტევი ფეხბურთი რატომ უნდა ვითამაშოთ. მე ამას ვეთანხმები და ვეთანხმები იმათაც, ვინც ასე ფიქრობს. ჩვენ საფეხბურთო გემოვნება არც გვეშლება და არც გვესწავლება, მაგრამ მწვრთნელი ვარ მეც. კი, დღეს არ ვარ მზად შეიძლება ნაკრებისთვის, მაგრამ მეკითხებით და უნდა გიპასუხოთ - მე, როგორც მწვრთნელი, ვითამაშებ იმ ფეხბურთს, რისი თამაშის საშუალებასაც მომცემს ჩემს ხელთ არსებული რესურსი. არადა, მეც და ყველა გულშემატკივარსაც შემტევი ფეხბურთი და სანახაობა ურჩევნია. ეს აქსიომაა, მაგრამ რეალობას ანგარიში ხომ უნდა გავუწიოთ? მე რომ, ვთქვათ, გუნდში მყავდეს ქინქლაძე, ჯამარაული, კალაძე, შოთა არველაძე, ცქიტიშვილი... ან ასეთი გაქანების სხვა ფეხბურთელები, კი ვიცი, რა ფეხბურთიც უნდა ვითამაშო, მაგრამ მყავს დღეს?! ესაა რეალობა. არადა, ამ ხალხს, ამ გულშემატკივარს ბევრი რამ ახსოვს. ახსოვს ეს თაობა, მე რომ ჩამოვთვალე. მანამდე - ის დიდი "დინამო", რომლის ლეგენდებზე გავიზარდეთ ჩვენ და მოვედით ფეხბურთში...
არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება - კონკურენციის მომენტი. ყველას კარგად გვახსოვს, რამხელა კონკურენცია იყო ადრე საქართველოს ნაკრებში. ახლა ცოტა სხვანაირადაა. აგერ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან კვარაცხელია და ჩაკვეტაძე დაგვაკლდნენ და ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა.
საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი შეიძლება არ იყოს აქამდე მიღწეულით ტოპ-მწვრთნელი, მაგრამ მთავარია, მოტივირებული იყოს. ბოლომდე დაიხარჯოს. წარმოაჩინოს ახალი და საინტერესო ფეხბურთელები.
- მიმაჩნია, რომ არ გვიანდება...
- მეკითხებით, გვიანდება თუ არა საქართველოს ნაკრებისთვის ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნა. მე ჯერ მოკლედ გიპასუხებთ: მიმაჩნია, რომ არ გვიანდება. ახლა კი შევეცდები, ეს თემა გავშალო.
სიმართლე გითხრათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან არ მისაუბრია ახალი მწვრთნელის ძიების პერიპეტიებზე, მაგრამ დაახლოებით წარმოვიდგინოთ, რა სიტუაციაა ზოგადად.
ვთქვათ, თქვენ, მე და კიდევ რამდენიმე კაცი დავსხედით და დავიწყეთ მსჯელობა ახალ მწვრთნელზე. შევჯერდით ხუთ კანდიდატზე. ხუთივეს დადებითი და უარყოფითი მხარეები უნდა გავარჩიოთ. მერე ხელფასის თემაც არის. ჩვენ დღეს ისეთი მდგომარეობა გვაქვს, რომ დიდ ხელფასს ნაკლებად თუ შევწვდებით.
მერე ამ ხუთმა კანდიდატმა უნდა გააანალიზოს ყველაფერი - თუ უცხოელია, რა ტრადიციის ნაკრებში მიდის, რა კონტინგენტი ეყოლება, რა შეუძლია თითოეულ ფეხბურთელს. რა თქმა უნდა, ხუთივე არ დათანხმდება ასე ხელაღებით. მერე ჯგუფის შემადგენლობას რომ შეხედავს, კალენდარს რომ შეხედავს თუნდაც... ყველა მწვრთნელი უფრთხილდება თავის იმიჯს, რეპუტაციას...
თან ჩვენი მხარეც არაა იოლი ამოცანის წინაშე. გულშემატკივარს უნდა ისეთი მწვრთნელი, რომელსაც რაღაც აქვს გაკეთებული მსოფლიო თუ ევროპულ ფეხბურთში და, ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს შეზღუდული ფინანსური რესურსი. იმდენი ვიყვირეთ, დიდი ფული იხარჯება ფეხბურთშიო, რომ აგერ, ფეხბურთის დაფინანსება შემცირებულია.
დაგვიანებული იმიტომ არ მგონია, რომ, დიდი ალბათობით, პროცესი არის დაწყებული და ასევე დიდი ალბათობით არიან კანდიდატებიც. ყველა კანდიდატს უკვე მოძიებული აქვს ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშისა და მისი შემადგენლობის თაობაზე.
მხოლოდ ჩემი აზრია: შესაძლოა. საქართველოს ნაკრებისთვის ახლა ტოპ მწვრთნელს ისეთი სპეციალისტი ჯობდეს, რომელსაც უნდა წარმატების მიღწევა, კარიერის გაკეთება, რათა მერე და მერე დიდი კლუბი თუ ნაკრები გაწვრთნას...
- ხელს არავისკენ ვიშვერ...
- „არაგვზე“ მეკითხებით და ორი სიტყვით შევეხები იმ ვითარებას, რომელიც იყო კლუბში. მენეჯმენტსა და სამწვრთნელო შტაბს შორის გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა. ჩვენ არაერთი მიწვეული ფეხბურთელი გვყავდა, ბიუჯეტი კი იყო მცირე, სადღაც 600 ათასი. აქედან სახელფასო ფონდი იყო 300 ათასი ლარი. აქ მხოლოდ ფეხბურთელებზე ხომ არ არის ლაპარაკი? ხელფასი კლუბის დანარჩენ თანამშრომლებსაც ხომ სჭირდებოდათ?!.
ბოლო 5-6 მატჩში ძირითადად 17-18 წლის ბიჭების დაყენებამ მომიწია. გარდა ამისა, კლუბში იყო დავალიანება... მე ხელს არავისკენ ვიშვერ. ზოგადად, ცუდია, როცა არსებობს აზრთა სხვადასხვაობა პარტნიორებს შორის, ეს კი აუცილებლად აისახება საერთო საქმეზე. აისახა კიდეც. გუნდი მომავალ სეზონში ლიგა 3-ში ითამაშებს. სხვანაირად რომ ყოფილიყო საქმე, სხვანაირი შედეგიც იქნებოდა. მე-5 ლიგიდან აქამდე მოვიყვანეთ ეს გუნდი. მე, როგორც მთიულ კაცს, უზომოდ მიხაროდა, რომ ლიგა 2-ის საგზური ერგო „არაგვს“, პირველად - არსებობის ისტორიაში.
ოცნებად მქონდა, რომ უმაღლეს ლიგაში გვეთამაშა და არც ეს იყო წარმოუდგენელი, ერთიანობა რომ შეგვენარჩუნებინა. ზოგადად, თუ რამეა პირადული, ეს საერთო საქმეზე არ უნდა აისახოს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ამის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა...
მე პროფესიად მწვრთნელობა ავირჩიე. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ისევ გადაიკვეთება ჩვენი გზები. ზოგადად, მწვრთნელობა ისეთი პროფესიაა, რომ ამ პროფესიის კაცი სულ ჩემოდნებზე ზის. ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სული და გული იდო „არაგვში“...
წყარო: lelo.ge