აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატისთვის, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიერ შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 239-ე და 156-ე მუხლებით დაიწყო, რაც დევნასა და ხულიგნობას გულისხმობს.
ირაკლი ჩავლეიშვილის გამოკითხვა უკვე დასრულდა.
23 იანვარს, ბათუმში, ბულვარში მიმდინარე აქციაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა მონაწილემ მას თავზე ნარჩენები დააყარა.
აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ჩავლეიშვილს აქციაზე გამოჩენის უფლება არ ჰქონდა, რადგან ის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის სიით მოხვდა და დაარღვია შეთანხმება. ჩავლეიშვილმა აქცია პოლიციის დახმარებით დატოვა.
ბათუმში შეკრებილები ბულვარში „ამბასადორის“ მშენებლობას აპროტესტებდნენ. აქტივისტები ამბობენ, რომ ბულვარის ტერიტორიაზე 16-სართულიანი შენობის მშენებლობა დაუშვებელია და კანონს ეწინააღმდეგება, რადგან ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.