საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამჯეჯელავამ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ვიზიტის შეფასებისას განუცხადა, რომ ორჯერ მეტ სტუდენტს ექნება შესაძლებლობ, ისარგებლოს დაფინანსებით იმისთვის, რომ გაიღრმაოს ცოდნა ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ვიზიტი საქართველოში ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებისთვის. განათლების მიმართულებით გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები. გაფორმდა მემორანდუმი „ფულბრაიტის" სკოლასთან, ორმაგდება საქართველოს მოქალაქეებისთვის დაფინანსება. ფაქტობრივად, ქართველ სტუდენტებს, მათ შორის მაგისტრანტებს, ორჯერ მეტ ადამიანს ექნება საშუალება, ისარგებლოს ამ დაფინანსებით, იმისთვის, რომ გაიღრმაოს ცოდნა ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში", - განაცხადა ჯეჯელავამ.
მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ამ დრომდე დაახლოებით 6-8 სტუდენტი ფინანსდებოდა, მომავალში კი დაახლოებით 12-16 სტუდენტის დაფინანსება იქნება შესაძლებელი. მინისტრის განმარტებით, აღნიშნული პროგრამა მოიცავს თითქმის ყველა პროფესიას.
„ფაქტობრივად, ეს არის თანადაფინანსება. ვინაიდან ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ფონდის ბიუჯეტის გარეთ დარჩენილ თანხას ჩვენ გადავიხდით", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მემორანდუმს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მოაწერეს ხელი.