logo_geo
eng_logo
კონკურს „თბილისის“ ორგანიზატორებმა პარტნიორ კომპანიებს წლევანდელი კონკურსის პირობები გააცნეს
- +

6 ივლისი. 2016. 23:53



თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილის ინიციატივით, საკრებულოს მიერ ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურს „თბილისის" ფარგლებში, რესტორან „DINEHALL"-ში, პარტნიორ კომპანიებსა და გასული წელს ჩატარებული კონკურსის ჟიურის წევრებთან შეხვედრა გაიმართა.



შეხვედრაზე 2016 წლის კონკურსისთვის სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს.



აღსანიშნავია, რომ კონკურსი პირველად შარშან ჩატარდა.



დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილმა, საკრებულოს კულტურისა და განათლების საკითხებში მრჩეველმა და კონკურს „თბილისის" საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა თიკა რუხაძემ შეხვედრის მონაწილეებს შარშანდელი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და 2016 წლის კონკურსის პირობები გააცნეს.



წლევანდელი საკონკურსო ნამუშევრების მიღება მაისის ბოლოს დაიწყო და ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. გასულ წელს კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, მათ შორის მურაზ მურვანიძე, მსახიობი ნიკოლოზ შენგელაია და კომპოზიტორი დავით ევგენიძე, რომლებიც შეხვედრას წელსაც ესწრებოდნენ. ნომინაციებში გამარჯვებულებს სექტემბრის ბოლოს გამოავლენენ.



კონკურსში მონაწილეობის მიღება სხვადასხვა ასაკის ხელოვანებს შეეძლებათ. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ლიტერატურის, ფერწერის, არქიტექტურის, მუსიკისა თუ ფოტოგრაფიის დარგში მოღვაწე შემოქმედთა აქტივობას, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას. ასევე ის მიზნად ისახავს საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების დანერგვას.




გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, მათ სურთ, კონკურსი „თბილისობის" დღესასწაულისთვის ტრადიციად იქცეს. მისივე თქმით, წელს „თბილისობა", სავარაუდოდ, არჩევნების მომდევნო კვირას, 14-15 ოქტომბერს გაიმართება.



ალიბეგაშვილის ინფორმაციით, გამარჯვებულები გამოვლინდებიან ნომინაციებში: წლის საუკეთესო პროზაული და პოეტური ნაწარმოებები; წლის საუკეთესო სიმღერა; საუკეთესო ფერწერული ნაწარმოები; საუკეთესო ქანდაკება; წლის საუკეთესო ფოტოხელოვნებისა და არქიტექტურული ნაწარმოებები. ასევე გაიმართება სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის ესეების კონკურსი „ვეფხისტყაოსნის" თემაზე: „ჩემი ვეფხისტყაოსანი", შოთა რუსთაველის 850-ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით.



შარშან კონკურსის ფარგლებში არ გვქონდა ურთიერთობები დიასპორის, კულტურისა და განათლების სამინისტროებთან, მაგრამ წელს უკვე გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები. უცხოეთში მივლინებით ყოფნისას, როდესაც ქართული დიასპორების წარმომადგენლებს ვხვდები, ძალიან ხშირად გამოხატავენ დაინტერესებას მსგავსი აქტივობების მიმართ. უნდათ, იგრძნონ სითბო, როგორც ჩვენი დედაქალაქისა და ქვეყნისგან, სურთ, თვითონაც გაისარჯონ. ამ გზით ქვეყნის სიარული სწორი მიმართულებაა.

 

 

ასევე, ხელგაშლილები ვეპატიჟებით ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს. მათ მწერლებს შეუძლიათ თავისუფლად მიიღონ მონაწილეობა ამ კონკურსში. ამ თვალსაზრისით კულტურისა და განათლების სამინისტროებთან გაფორმებული მემორანდუმები ითვალისწინებს იმას, რომ მათ ფართოდ გააცნონ ჩვენი შეთავაზება და რაც შეიძლება მეტმა მიიღოს მასში მონაწილეობა. გვინდა ამ ღონისძიებას ზეიმის სახე მივცეთ. გვაქვს საგანგებო პრიზი - ხოხბის ქანდაკება, რომელიც ცნობილმა ხელოვანმა გია ჯაფარიძემ დაგვიმზადა. თუმცა, ასევე გაიცემა ფულადი ჯილდოებიც. ვიმედოვნებთ, წელსაც საინტერესო სპონსორები გვეყოლება", - განაცხადა ალიბეგაშვილმა.


შეხვედრაზე „მედია პალიტრის" კრეატიულმა დირექტორმა მარიკა დარჩიამ გამოთქვა სურვილი, რომ კონკურსს დაემატოს საზოგადოების რჩეული და კონკურსის დასრულებამდე ბოლო 10 დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში ხმის მიცემით თავად საზოგადოებამ განსაზღვროს, ვინ იქნება თბილისელების რჩეული. მარიკა დარჩიამ ასევე გამოთქვა სურვილი, რომ ლიტერატურული პრემია „საბას" ლაურეატებს მიაქციონ ყურადღება, რომლებსაც საინტერესო ნაწარმოებები აქვთ.



შეხვედრას მოქანდაკე გია ჯაფარიძე, რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილიც ესწრებოდნენ.



ორგანიზატორებმა შეხვედრის მონაწილეებს საჩუქრად ჟურნალი „ცისკარი" გადასცეს, რომელიც სპეციალურად ამ კონკურსისთვის შეიქმნა. ჟურნალში 2015 წელს გამართულ კონკურს „თბილისის" შესახებ დეტალური ინფორმაციაა გამოქვეყნებული.



ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურს „თბილისის" დაჯილდოების ცერემონია ყოველი წლის ოქტომბერში გაიმართება, მანამდე კი შვიდკაციან ჟიურის შესაძლებლობა ექნება, საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაწარმოებები გულდასმით განიხილოს.



კონკურსის მხარდამჭერია მედიაჰოლდინგი  „კვირა".



კონკურს „თბილისში" მონაწილეობის მსურველებს, დეტალური ინფორმაციის მიღება საკრებულოს ვებგვერდზე შეეძლებათ: http://www.tbsakrebulo.gov.ge/


 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner