წინასწარი შედეგების თანახმად, პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყოფილმა ლიდერმა, მერსელო რებელო დე სოუზამ გაიმარჯვა.
„როიტერის“ ინფორმაციით, 72 წლის სოუზამ ამომრჩეველთა ხმების 61 % მოიპოვა.
მეორე ადგილზე მემარცხენე ანა გომეზია ხმების 13%-ით, მესამეზე კი - ულტრამემარჯვენე პარტიის, „ჩეგას“ დეპუტატი ანდრე ვენტურა, რომელმაც არჩევნებში ხმების 12 % მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ არჩევნებზე ამომრჩევლების უპრეცედენტოდ დაბალი - 50%-ზე ნაკლები აქტივობა დაფიქსირდა, რაც კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება. კვლევითი ინსტიტუტის, ISC/ISCTE-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის თითქმის 2/3 არჩევნების გადადებას უჭერდა მხარს.
აღსანიშნავია, რომ პორტუგალიაში ერთ სულ მოსახლეზე დაინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება მსოფლიოში. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 10.8 მილიონს შეადგენს, ვირუსს დღემდე 10 500 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.