logo_geo
eng_logo
დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინა
- +

25 იანვარი. 2021. 17:14

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატ, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე დაკავებულ ირაკლი ფანგანს წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

 

როგორც ბრალდებულის ადვოკატი მალხაზ ზოიძე აცხადებს, გამოძიება თავდაპირველად ორი მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა ირაკლი ფანგანს ბრალი მხოლოდ ერთი მუხლით წარუდგინეს. ადვოკატის თქმით, ირაკლი ფანგანს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით ედავება, რაც ჯარიმას, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

 

ადვოკატის თქმით, თავად ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

 

მალხაზ ზოიძის ინფორმაციით, მტკიცებულებები დაცვის მხარეს უკვე გადაეცა, თუმცა ისინი ჯერ არ გაცნობიან.

 

ცნობისთვის, შსს-მ ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ირაკლი ჩავლეიშვილის მიმართ განხორციელებული დევნისა და ნაგვის თავზე დაყრის ფაქტზე ერთი პირი, ირაკლი ფანგანი დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მონაწილეობდა ბათუმში, ერას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების მხრიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის - ირაკლი ჩავლეიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაში. ი.ფ.-მ დეპუტატის მიმართ განახორციელა დევნა და ურნიდან ნაგავი თავზე გადააყარა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner