logo_geo
eng_logo
მერაბ კოსტავა: „სხვა რა მოგწერო - თოვლი დნება...“
- +

6 ივლისი. 2016. 20:40


 

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან ერთად ზანდუკელის ქუჩაზე მერაბ კოსტავას დაბადების დღესაც აღნიშნავენ. წელს 77 წელი შეუსრულდებოდა. მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში ამ დღესთან დაკავშირებით ექსპოზიციები მოეწყო. ერთ-ერთ ოთახში იმპროვიზებული საკანი გააკეთეს და ხალხს მისი დათვალიერების საშუალება ჰქონდა. მერაბ კოსტავა იმ დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომლის მეშვეობითაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოხერხდა.

 

 

იმპროვიზებულ საკანში ვიწრო საწოლი დგას, ზედ გაცვეთილი ცისფერი პლედი აფარია. „საკნის" კედლებზე სასამართლო საქმის ქსეროასლებია გამოკრული. მერაბ კოსტავას პატიმრობის ისტორიაში ეს პირველი საქმე იყო. 17 წლის ბავშვები იყვნენ, როდესაც საიდუმლო ორგანიზაცია ჩამოაყალიბეს და ქალაქში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ პროკლამაციებს აკრავდნენ. ორგანიზაციას შვიდი წევრი ჰყავდა: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ვოვა სიხარულიძე, თემურ ცერცვაძე, თამაზ გუნჯუა, გურამ სხირტლაძე და ანატოლი მიქაძე. 1956 წელს შვიდივე დააკავეს და შემდეგ პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს. მუზეუმის დირექტორი ციცინო მაღლაფერიძე ამ შეთქმულების დეტალებზე ჰყვება:

 


მათი დაკითხვის ოქმებიდან არის ამონარიდები, როგორ იბრძოდნენ, როგორ ბავშვურად ასაიდუმლოებდნენ ამას ყველაფერს. თავიანთი მეთოდები ჰქონდათ კონსპირაციის. მაგალითად, როგორ წერდნენ დაშიფრულ წერილებს? სველ ფურცელზე დებდნენ მეორე ფურცელს. წერდნენ რაღაც ტექსტს. მერე ამ დაწერილ ტექსტს წვავდნენ. ფურცელს აშრობდნენ, ზედ თვალის ასახვევად, რაღაც სხვა ტექსტს წერდნენ და აგზავნიდნენ. მიმღები ფანქრით დაწერილს შლიდა, ასველებდა და უკვე დედან ტექსტს კითხულობდა. ჰქონდათ თავიანთი შრიფტი, ფიცის ტექსტი... გასაიდუმლოებული იყო ორგანიზაციაში მიღებაც, ვიღაცა ვიღაცას უწევდა რეკომენდაციას და ასე იღებდნენ".



ეს, ერთი შეხედვით, ბავშვური ჯანყი თანდათან სერიოზულ წინააღმდეგობაში გადაიზარდა. მერაბი მეორედ დააპატიმრეს, შემდეგ მესამედ და მეოთხედაც. ციცინო მაღლაფერიძე ორთაჭალის ციხის ერთი თანამშრომლის მონაყოლს იხსენებს. მისი თქმით, ციხის ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობდა მერაბ კოსტავა კარცერში ჩაესვა. მიზეზები ასეთი იყო: ვიღაცას სათანადოდ არ მიესალმა, ბალიშის ქვეშ კანფეტი უპოვეს, საყელო კარგად არ ჰქონდა შეკრული... ეს ხდებოდა ყოველ მესამე დღეს. 3 წელი იხდიდა სასჯელს პერმში. შემდეგ სოფელ კვიტოკში გაასახლეს 2 წლით. სხვა რა მოგწერო - თოვლი დნება... თვენახევრიანი ტალახი, წყვილი ჩექმა და მისი ჯანი. ეს სიღატაკე ჩვენებურ დიდებულ გაზაფხულს რომ შევადარო, თავისთავად დაწუწუნება გამოვა და არ ღირს", - სწერს ზვიად გამსახურდიას.


სხვა წერილში, პირიქით, გამსახურდია სთხოვს მერაბს, მაქსიმალურად ფრთხილად იყოს, რადგან მოსალოდნელია პროვოკაციები:


„...აბა, შენ იცი. იყავი დაკვირვებით. თავს მოუარე. გთხოვ, ყოველ დილა-საღამოს, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, იკითხე ხმამაღლა 90-ფსალმუნი. ხომ იცი, რა ჯავშანია!"

 

 

მერაბ კოსტავას პროვოკაცია მაინც მოუწყვეს და ხულიგნობის მუხლით კიდევ 5 წელი დაუმატეს.


იქ უკვე ჩასვეს როგორ ციხეში, იცით? კაციჭამიები რომ ისხდნენ. დედას და დას რომ ვერ უშვებდნენ, იმიტომ რომ შეურაცხყოფილები გამოვიდოდნენ. მიუხედავად ამისა, მერაბი რომ გარდაიცვალა, დეპეშა მივიღეთ რუსი პატიმრისგან, ანგარსკის ციხიდან. გვისამძიმრებდა მერაბის გარდაცვალებას და გვწერდა, ის ჩვენთვის სანიმუშო ადამიანი იყო, ძალიან ბევრ რაღაცას გვასწავლიდა. როდესაც გამოვალ ციხიდან, აუცილებლად ჩამოვალ მივალ მერაბის საფლავზეო", - ამბობს ციცინო მაღლაფერიძე.


ციხეში მერაბმა შიმშილობა გამოაცხადა და წელიწადზე მეტი იშიმშილა. ხელოვნურ კვებაზე ჰყავდათ გადაყვანილი. ამ რთულ პერიოდში გაიგო ისიც, რომ მისმა უფროსმა შვილმა, ირაკლი კოსტავამ, თავი მოიკლა.


ვინ შეგვიშვებდა მაშინ მასთან, მაგრამ წერილი გვაქვს, სადაც ამბობდა, ჩემთვის ბუნდოვანია, რა მოხდა და, ალბათ, ეს ასეც დარჩება, ვიდრე არ ჩამოვალ და არ გნახავთო. გაოგნებული იყო სრულიად, არ ელოდა ამ ამბავს.

 

 

​...პოეტი იყო, მათემატიკოსი პროფესიით, უნიჭიერესი ბიჭი. ძალიან კომუნიკაბელური, ძალიან გულღია, ძალიან კარგი ადამიანი. ნამდვილად არავინ არ ელოდა. ეს იყო შოკი ყველასთვის", - ამბობს ციცინო მაღლაფერიძე.


საბჭოთა კავშირი უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. მერაბ კოსტავა ციხიდან გამოვიდა, უფრო მეტად გააქტიურდნენ სხვა დისიდენტებიც და, საბოლოდ, მთელ საქართველოში მასობრივი გამოსვლები დაიწყო.


სოზარ სუბარი, რომელიც თავის დროზე ეროვნულ მოძრაობაში იყო ჩართული, ხაიშის შეკრებას იხსენებს, სადაც ხუდონჰესის საკითხს განიხილავდნენ:


რაღაცნაირად მაგრად დაგვჩაგრეს. თუ არ ვცდები, მარგველიძე იყო ჩამოსული, კომკავშირის ცეკას პირველი მდივანი, და მთელი ეს ტექნოკრატები. წაგვაყარეს ციფრები და აშკარად წაგებულ მდგომარეობაში ვართ. ამ დროს იღება კარები და შემოდიან მერაბ კოსტავა და ირაკლი წერეთელი. მერაბმა ხუთი წუთი უსმინა. მერე ასწია ხელი და დაიწყო: ლენინმა თქვა", - მთელი დარბაზი გაისუსა, ლენინი მაშინ ჯერ კიდევ საკულტო სახელი იყო, - სოციალიზმს პლუს მთელი ქვეყნის ელექტრფიკაცია უდრის კომუნიზმს. მე გეკითხებით, კომუნიზმს რომ გამოვაკლოთ ელექტრფიკაცია, რა დარჩება?" ყველამ პირი დააღო, დაიბნენ. მერე მოაყოლა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ერთი სოფელი, რომ ამას სხვანაირი დათვლა სჭირდება... და ბრძოლა, რომელიც წაგებული იყო, მოვიგეთ ასით ნული, ასე გამოვიდა".

 

 

მრავალათასიან გამოსვლებს მალევე 9 აპრილის ტრაგედია მოჰყვა. საქართველოს ეროვნულ არქივში შენახულია 9 აპრილის მიტინგზე მერაბ კოსტავას გამოსვლის ერთ-ერთი ფრაგმენტი.


მეგობრებო, ხლა უკვე საქმე დაწყებულია და ყველამ ვიცით სერიოზულობა იმ საქმისა, რასაც ჩვენ დავადექით. ეხლა უკან დახევა აღარ შეიძლება, არამედ, პირიქით, წინ, რაც შეიძლება მეტი გულისხმევითა და ძალისხმევით! მეგობრებო, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეცეს ჩვენი ტონუსი - ის ტონუსი, რაც ჩვენ მოვიპოვეთ ამ დღეების განმავლობაში. ეს ტონუსი კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს".


ზუსტად ერთი წლის თავზე საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მერაბი მას არ მოსწრებია. 1989 წლის 13 ოქტომბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. თუმცა, რამდენად იყო ეს მართლაც შემთხვევა და არა მოწყობილი მკვლელობა, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი დღემდე არ არსებობს.


მერაბ კოსტავას ნაცვლად დამოუკიდებლობის ოქმზე ხელი მისმა დედამ, ოლღა დემურიამ, მოაწერა, ოლიკომ, რომელსაც თავის დროზე ექიმი ბავშვის გაჩენის ნებართვას საერთოდ არ აძლევდა, მაგრამ მაინც გააჩინა და შემდეგ ამ „ბავშვის" გამო თვითონაც ათასი გაჭირვება გამოიარა...


თვითონ კი ამბობდა ხშირად, მე არა ვარ პოლიტიკოსიო, მაგრამ მერაბი იყო პოლიტიკოსი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. იყო გულწრფელი და მისი სიტყვების მიღმა არ იდგა არაფერი გარდა იმისა, რასაც ამბობდა და გარდა სამშობლოს უდიდესი სიყვარულისა...


სახლ-მუზეუმში მერაბ კოსტავას პირადი ნივთებიც არის შენახული, მათ შორის - სახარება და პატარა უბის წიგნაკი, ერთიანად გაცრეცილი. უბის წიგნაკში ათასი სხვა ფურცელია ჩაკეცილი: კონცერტის ბილეთები (მერაბი მუსიკათმცოდნე იყო), მოსაწვევი შეხვედრაზე, უამრავი ტელეფონის ნომერი და ოლიკოს ხელით დაწერილი პროდუქტების ნუსხა, სადილად სახლში ამოსატანად: ერთი ძეხვი, ორი კილო კიტრი, ერთი კილო კარტოფილი, მწვანე ხახვი და სუფრის მწვანილი - სულ 6 მანეთის.


მერაბ კოსტავას გარდაცვალების შემდეგ შემოქმედის მონასტერში პანაშვიდს რომ უხდიდნენ, ტაძარში ჩიტი შემოფრინდა და ლოცვას ხმა შეუწყო. მამა ნიკოლოზმა გაიხსენა, ოთხი დღის წინ დამპირდა მერაბი ჩამოსვლას, უღალატო იყო და აჰა, მართლაც მოვიდაო.



თვითონ კი ამბობდა ხშირად, მე არა ვარ პოლიტიკოსიო, მაგრამ მერაბი იყო პოლიტიკოსი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. იყო გულწრფელი და მისი სიტყვების მიღმა არ იდგა არაფერი გარდა იმისა, რასაც ამბობდა და გარდა სამშობლოს უდიდესი სიყვარულისა", - ამბობს სოზარ სუბარი.  


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner