„ვაქცინა ერთ-ერთი ეფექტური გზაა, რაც ზოგადად მეცნიერებამ იცის, ეპიდემიებთან საბრძოლველად და კარგია, რომ ეს კორონავირუსთან მიმართებითაც გაჩნდა“, - თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „რუსთავი2“-ის ეთერში.
„ჩვენ კოვაქს პლატფორმასთან ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს, იმისთვის რომ პირველ კვარტალშივე მივიღოთ ვაქცინების გარკვეული რაოდენობა, რათა დავიწყოთ მაღალი რისკის ჯგუფების ვაქცინაცია. ვგულისხმობ ჯანდაცვის მუშაკებს. ჩვენ ვმუშაობთ „ფაიზერის“, „ასტრა ზენეკას“ ვაქცინის მიღებაზე. უკვე მეორე კვარტლიდან გაჩნდება იმის ალბათობა, რომ გაიზარდოს დაფარვა და მეტი ვაქცინაც დამზადდეს. ეს გლობალურად გაზრდის ჩვენ შანსებს, რომ უფრო მეტი ვაქცინა მივიღოთ სხვა ჯგუფებისთვისაც. მესამე კვარტალში ვაქცინაციისთვის სამიზნედ გვაქვს მოზრდილი მოსახლეობის 60%, რაც არის 1 700 000 ადამიანი. ესაა აუცილებელი იმისთვის რომ შეიქმნას დამცავი იმუნური ფენა, რაც თავიდან აგვაცილებს ვირუსის შემდგომ გავრცელებას და მოგვცემს ნორმალური სოციალური და ბიზნესაქტივობის განხორციელების საშუალებას“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.