-
+
26 იანვარი. 2021. 10:27
ევროკავშირი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტთან დაკავშირებულ წესებს გაამკაცრებს, რისი მიზეზიც კომპანია „AstraZeneca“-ს ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემებია.
ჯანდაცვის კომისარმა სტელა კირიაკიდესმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საკუთარი მოქალაქეების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.
კირიაკიდესმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ ორშაბათს „AstraZeneca“-ს წარმომადგენლებთან გამართულმა მოლაპარაკებებმა „არასაკმარისი განმარტებებისა და სიცხადის გამო უკმაყოფილება გამოიწვია“.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთიანი არიან: ვაქცინების შემქმნელებს აქვთ სოციალური და სახელშეკრულებო ვალდებულებები, რომელიც უნდა დაიცვან“, - წერს ჯანდაცვის კომისარი.
მისივე თქმით, ევროკავშირმა „ვაქცინის მიწოდების დეტალური გეგმის“ მიწოდება მოითხოვა და „AstraZeneca“-სთან შემდეგი შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართება.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, „AstraZeneca“-მ ევროკავშირს განუცხადა, რომ წარმოებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების გამო, ბლოკში შემავალ ქვეყნებს ვაქცინის გათვალისწინებულზე ნაკლებ რაოდენობას მიაწვდიდა.
https://www.interpressnews.ge/ka/article/638972-evrokavshiri-vakcinebis-eksportis-cesebis-gamkacrebas-gegmavs